GE

თბილისის ზოგიერთ სკოლას გაზის ტარიფი გაუძვირდა

თბილისის ზოგიერთ სკოლას გაზის ტარიფი გაუძვირდა. ამის შესახებ 186- საჯარო სკოლის დირექტორმა მაია გრიგოლიამ დირექტორთა საბჭოს  სხდომაზე განათლების და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას უთხრა. დირექტორმა დიდი დიღმის სკოლების სახელით დახმარება სთხოვა მინისტრს. მაია გრიგოლიას თქმით, სწორედ ამ რეგიონში გაუძვირა მიმწოდებელმა სკოლებს ბუნებრივი აირის გადასახადი.

„კოლეგებმა მთხოვეს, გამეჟღერებინა თქვენთან ეს ინფორმაცია. დიდი დიღმის  სკოლები ვართ. სოფ. დიღმის სკოლა. „ყაზტრანსგაზი“ აწვდის გაზს სკოლების უმრავლესობას 75 თეთრის ოდენობით. რამდენიმე სკოლა ჩვენს რაიონში, სხვა რაიონში არ ვიცი როგორ არის, ვართ სხვა კომპანიასთან დაკავშირებული. ზუსტად „ყაზტრანსგაზი“ არ არის. ყავს შვილობილი კომპანიები, რომლებიც გაზის ტარიფს გვიცვლიან დოლარის კურსის შესაბამისად. ანუ იმის მიხედვით ვიხდით გადასახადს, რა კურსიცაა. ეს პრობლემა გვქონდა შარშანაც. პირადად მე მივმართე სემეკს და მოვახერხე, რომ 2 თვის განსხვავება უკან დამიბრუნა გაზის კომპანიამ. თუმცა მერე მითხრეს, რომ ეს ორი თვე გავიდა და ისევ უნდა გადაიხადოთ შეცვლილი ტარიფითო. წელს უკვე ლარი და 5 თეთრი მოგვივიდა ტარიფი. ძალიან ძნელია გათვლა ბიუჯეტში. როგორ აიწევს დოლარის კურსი ზამთარში, არ ვიცი და იქნებ მოაგვაროთ სამინისტროს დონეზე ეს პრობლემა. შარშან მე მივწერე განათლების სამინისტროს და სამწუხაროდ, ვერ დამეხმარნენ“, – აღნიშნა 186-ე საჯარო სკოლის დირექტორმა მაია გრიგოლიამ. 

მინისტრის დირექტორს პრობლემის მოგვარებას დაპირდა.

„გასაგებია, გავარკვევთ ყველაფერს. ან ჩვენ მოვაგვარებთ, იდეალური იქნებოდა მათ გაეკეთებინათ, მაგრამ თუ ვერ ახერხებენ, ჩვენ უნდა მოვაგვაროთ. ჩვენ უნდა მოვიფიქროთ რამე, რომ დავაკომპენსიროთ“, – უთხრა ჯეჯელავამ დირექტორს.

დირექტორთა საბჭოს აღნიშნული სხდომა დეკემბრის ბოლოს გაიმართა. ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვემოწმებინა, ამ დრომდე გატარდა თუ არა რაიმე სახის ღონისძიებები სამინისტროს მიერ სკოლებში გაზის ტარიფის პრობლემის მოსაგვარებლდ. სანამ მინისტრის და სამინისტროს პოზიციას გაგაცნობდეთ, მანამდე ჩვენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) ვკითხეთ, რა ბერკეტები არსებობს იმისთვის, რომ სკოლებს არ გაეზარდოს გაზის ტარიფი.

როგორც სემეკში განგვიცხადეს, სკოლები დერეგულირებულ სექტორს მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტარიფის კორექტირების საკითხი სემეკის კომპეტენციაში არ შედის და ბუნებრივი აირის ღირებულება საბაზრო პრინციპებით დგინდება. რაც შეეხება 186-ე სკოლის შემთხვევას, ფასების საკითხში არც მაშინ ჩარეულან.

„186-ე სკოლას შემოტანილი ჰქონია განცხადება წინა წელს. საქმე ეხება შემდეგს. ეს დერეგულირებული სექტორია. როცა კომპანია უცვლის ტარიფს სკოლა, იქნება ეს თუ სხვა დაწესებულება, უნდა აცნობოს ორი თვით ადრე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. საყოფაცხოვრებო მომხმარებელისთვის ერთი თვით ადრეა პერიოდი. ეს ორი თვით ადრე ცნობის ვადა იყო დარღვეული და შესაბამისად, ამის საფუძველზე დაკორექტირდა. თორემ ჩვენ ტარიფების ნაწილში რომ რამე შეგვეცვალა, არ ჩავრეულვართ. ანუ პროცედურული დარღვევა იყო.

ახლა კიდევ შემოვიდა სოფელ დიღმის სკოლებიდან განცხადება. ჯერ-ჯერობით მიმდინარებს მოკვლევა. იქაც  ტარიფთან დაკავშირებით აქვთ პრობლემა. ჩვენ კომპანიისგან უნდა გამოვითხოვოთ, ისინი თავის პოზიციას აფიქსირებენ ტარიფთან დაკავშირებით და ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ეს ინფორმაცია მათგან საკითხის შესწავლისთვის. უნდა მოვიკვლიოთ, გააფრთხილეს თუ არა ტარიფთან დაკავშირებით დროულად, ანუ იყო თუ არა პროცედურული დარღვევა“, – განუცხადეს EDU.ARIS.GE-ს სემეკში.

ჩვენ კომპანია „ყაზტრანსგაზსაც“ ვკითხეთ ხომ არ გაუძვირებიათ ბუნებრივი აირის გადასახადი და მსგავსი პრობლემით სკოლებს ხომ არ მიუმართავთ მათთვის. როგორც კომპანიაში გვითხრეს, 2008 წლის პირველი ნოემბრიდან არ შეუცვლიათ ტარიფი. იურიდიული პირებისთვის ტარიფი როგორც შეადგენდა 75 თეთრს ამ მომენტისთვისაც 75 თეთრს შეადგენს. ამ ეტაპზეც არ არის რამე დაგეგმილი და სემეკისთვის არც მიუმართავს „ყაზტრანსგაზს“ ტარიფის შეცვლის წინადადებით.

„თბილისში არსებობს სხვა ლიცენზიანტები, მაგალითად, ვარკეთილის ზედა პლატოებს ემსახურება „ვარკეთილ აირი“. ასევე დიდ დიღომში არის „დიდი დიღომი“, მუხიანშია „21-ე საუკუნე“ და ა.შ.  გააჩნია, სკოლა რომლის აბონენტია. ვისგან ყიდულობს ლიცენზიანტი გაზს ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. მთავარია, თვითონ რა ფასში ანაწილებს, აწვდის მომხმარებელს. ჩვენთანაც გაჟღერდა ეს ინფორმაცია ცხელ ხაზზე და ჩვენ არავისთვის მოგვიმატებია ტარიფი. არც დაგვიკლია. არ შეგვიცვლია. ცხადია, სკოლებს ამ პრობლემით არ მოუმართავთ“- განუცხადა EDU.ARIS. GE-ს „ყაზტრანსგაზის“ დისტრიბუციის განყოფილების უფროსმა ედიშერ ხორავამ.

როგორც გავარკვიეთ დიდი დიღომის სკოლებს გაზს  შპს „დიდი დიღომი“ აწვდის.  კომპანიის მენეჯერმა, ასევე დირექტორმაც განგვიცხადა, რომ მოწოდების ტარიფია გაზრდილი და შესაბამისად, გაყიდვის ფასიც იმატებს. შპს „დიდი დიღომის“ დირექტორის ჯემალ წერეთელის თქმით, „ყაზტრანსგაზია“ მათი მიმწოდებელი და ის უძვირებს ტარიფს მათ კომპანიას.

„როდესაც ლარის კურსი გადასცდება 1, 83-ს, „ყაზტრანსგაზი“ არასაყოფაცოვრებოებისთვის, სადაც სკოლებიც შედის, ბაღებიც, ეკლესიებიც, თონეებიც, გვაძლევს 1000 კუბამეტრეს 300 დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ბანკის კურსით, რომელიც არის თვის ბოლო დღეს. აღნიშნულის შესახებ ყველა სკოლისთვის გვაქვს მიწერილი. თვის 31 რიცხვში როგორიც იქნება კურსი, იმის მიხედივით დაანგარიშდება ტარიფი.

დოლარი 2014 წლის ნოემბრიდან გადასცდა 1, 83-ის ნიშნულს. ყოველთვიურად სხვადასხვა კურსითაა ტარიფი. ბოლო კურსია 1, 132 ლარი. დეკემბრის თვეში იყო 1 ლარი და 13 თეთრი. ნოემბერში – 1 ლარი და 10 თეთრი. ოქტომბრეში იყო -1, 03. დოლარის კურსზეა ტარიფი დამოკიდებული. ყველა სკოლას წერილი მივწერე და ავუხსენი ყველაფერი, როგორ ხდება ტარიფების დაანგარიშება ყოველთვიურად.  ჩვენ არაფერ შუაში ვართ. „ყაზტრანსგაზი“ როგორც გვაძლევს, იმის მიხედვით ვაძლევთ ჩვენც. 2015 წლის დასაწისში „ყაზტრანსგაზის“ ანგარიშფაქტურებიც კი მივაწოდეთ სკოლებს. ყველა გაფრთხილებულია.

გადახდასთან დაკავშირებით სკოლებთან პრობლემა არ გვაქვს. სკოლის დირექტორები ყოფილან მინისტრთან და ის შეპირებია 25-ის მერე დახმრებას და ძალიან კარგი იქნება, თუ დაეხმარება.

თქვენ რომ იცოდეთ, აბსოლუტურად  არ ვართ დაინტერესებულები ტარიფის მომატებით. უხერხულობას გვიქმნის. როგორც გვაძლევს მომწოდებელი გაზს, ისე ვაწოდებთ არასაყოფაცხოვრებოებს. მოსახლეობაზე არ იცვლება“, – გვითხრა  შპს „დიდი დიღომის“ დირექტორმა ჯემალ წერეთელმა.

გამოდის, შუამავალი კომპანიები აძვირებენ დოლარის კურსის შესაბამისად გადასახადს. „ყაზტრანსგაზიკი თავის უშუალო აბონენეტებს ტარიფს არ უცვლის. ხოლო როდესაც მიმწოდებელია და სხვა გაზის კომპანიაზე ყიდის აირს, ამ შემთხვევაში კი.

სამინისტროს ეკონომიკური განყოფილების ინფორმციით, თვის დასაწყისში მიმართავენ განათლების სამინისტროს სკოლის დირექტორები თუ აქვთ მსგავსი პრობლემები  და ისინი აძლევენ თანხას. ამ ეტაპისთვის დეკემბრის თვის გადასახადი გადახდილია.

„ყოველი თვის ბოლოს სკოლას, რომელსაც მოთხოვნილი აქვს, რომ მას ჭირდება გაზის გადასახადის გადახდა, ყველას გადახდილი აქვთ. დანაკლისი თუ აქვს სკოლას, სამინისტრო აძლევს თანხას და თვითონ იხდის გადასახადს“, – გვითხრეს  სამინისტროს ეკონომიკურ განყოფილებაში.

ხოლო რაც შეეხება უშუალოდ პრობლემის მოგვარებას, გაზრდილი გადასახადი რომ არ მიუვიდეთ სკოლებს და სხვებისგან განსხახევით მაღალი ტარიფთ არ მიეწოდებოდეთ ბუნებრივი აირი, ჩვენ განათლების და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავასაც ვკითხეთ, თუ რა კეთდება ამისთვის. რაზეც მინისტრმა ასე გვიპასუხა:

„ძვირს იხდიან სკოლები. 1ლარს და 5 თეთრს იხდიან, იმიტომ რომ „ყაზტრანსგაზის“ აბონენტები არ არიან და არიან სხვა კომპანიის აბონენტები. უნდა შევეცადოთ, რომ „ყაზტრანსგაზზე“ გადმოერთონ. პროცესი ჯერ არ მოგვარებულა. გრძელვადიანია. გაზია შესაყვანი, ფულია გადასახდელი და მოკლედ, სერიოზული სამუშაოა. „ყაზტრანსგაზთან“ მიდის მოლაპარაკებები და როგორც კი მოვილაპარაკებთ, დავიწყებთ“, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

როდის მოილაპარაკებს მინისტრი გაზის კომპანიასთან, ზუსტი დრო უცნობია, მანამდე კი სკოლებს ისევ ძველ წრეზე მოუწევთ სიარული და თბილისში ისევ იქნება სკოლები, სადაც ზოგს ნაკლები, ზოგს კი მეტი ტარიფით მიუვათ ბუნებრივი აირის გადასახადი.

შეშის ღუმელი, კვამლიანი კლასები და გაციებული მოსწავლეები – სკოლა თბილისში, სადაც გათბობა ამ დრომდე არ არის

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური