GE

თბილისში მეცნიერებისა და ინოვაციების უპრეცედენტო კვირეული დაიწყო

პირველად საქართველოსა და კავკასიაში, მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეული გაიხსნა. სამინისტროს ცნობით, კვირეულის ჩატარების თარიღი სიმბოლურია. იგი 10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღეს გაიხსნა და 17 ნოემბერს, სტუდენტთა საერთაშორისო დღეს დასრულდება.

კვირეულის მიზნებია:

  • სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა;
  • ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა;
  • საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება;
  • ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის;
  • ახალგაზრდა მკვლევართა მოტივაციის ზრდა;
  • სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით;
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოება.

კვირეულის ფარგლებში, დაგეგმილია რამდენიმე, საერთაშორისო მასშტაბის ცენტრალური და აგრეთვე 100-ზე მეტი პარალელური ღონისძიება. კერძოდ, კონფერენციები, უახლესი სამეცნიერო გამოცემებისა და პროექტების პრეზენტაციები და გამოფენები, სამეცნიერო-პოპულარული ლექცია-სემინარები, ტრენინგები, ვორკშოპები, ღია კარის დღეები, სამეცნიერო კაფეები, სახალისო მეცნიერება სკოლის მოსწავლეებისთვის და სხვ.

სამინისტროს განმარტებით, გამორჩეული და საინტერესოა კვირეულის ლოგო, რომელზეც გამოსახულია ქართველი ხელოვანის, ბაჩა ხოფერიას (Dr. Love) ურბანული ხელოვნების ნიმუში: „ზეზვა და მზია იღებენ სელფის“, რომელიც შთაგონებულია დმანისში აღმოჩენილი ჰომინინის რეკონსტრუქციით. კვირეულის ლოგო განასახიერებს მეცნიერებისა და ინოვაციების განვითარების სიმბოლურ გზას: უხსოვარი დროიდან დღემდე. „ზეზვა და მზია იღებენ სელფის“ გვახსენებს, რომ მეცნიერება ჩვენი ყოველდღიური, პრაქტიკული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

სამინისტროს ცნობითვე, უპრეცედენტოა კვირეულის გეოგრაფია – თბილისი, თელავი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ახალქალაქი, აბასთუმანი, იგოეთი, ალვანი, ზემო ვეჯინი.

კვირეულში მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მაიკროსოფტი – საქართველო, სან დიეგოს უნივერსიტეტი, შპრინგერის გამომცემლობა, აგრეთვე მეცნიერების სფეროს უცხოელი წარმომადგენლები შემდეგი ქვეყნებიდან: აშშ, გერმანია, შვეიცარია და, რაც მთავარია, კვირეულში მონაწილეობს ცერნის ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი მოძრავი გამოფენით „ცერნი დღეს“ და „LHC ინტერაქტიული გვირაბი“. გამოფენა, რომელიც პირველად იმართება კავკასიის რეგიონში საშუალებას მისცემს დამთვალიერებლებს წარმოდგენა შეექნათ ამ მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრის საქმიანობასა და მის ბოლო აღმოჩენებზე. საამაყოა, რომ CERN-თან მჭიდროდ თანამშორმლობს ქართული უნივერსიტეტები, ცერნის პროექტებში ჩართულნი არიან ქართველი პროფესორები და სტუდენტები.

წელს, კვირეულის ჩატარებით ასე მასშტაბურად და საყოველთაოდ პირველად აღინიშნება ეს თარიღები, ხოლო მომავალი, 2016 წლიდან საფუძველი ჩაეყრება მნიშვნელოვან ტრადიციას: ჩვენი ქალაქი და ქვეყანა უმასპინძლებს მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალს და შეუერთდება მსოფლიოს იმ წამყვანი ქალაქების რიცხვს, სადაც ანალოგიური ფესტივალები ტარდება.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, 2015 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული კვირეული და 2016 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი იქნება ნათელი გამოხატულება იმ ზრუნვისა, რომელსაც სახელმწიფო იჩენს მეცნიერების სფეროს მიმართ, იმ პოზიტიური ძვრებისა და რეალური, ხელშესახები პროგრესისა, რომელსაც ბოლო წლებში მივაღწიეთ.

სრული ინფორმაცია კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური