GE

ტექსტები და გაკვეთილები

დიანა ანფიმიადი, ბლოგერი

ამქვეყნად იმდენნაირი ტექსტია, რამდენნაირი ადამიანიც არსებობს.

ზოგი ძალიან ხმაურიანი და მყვირალაა, დაწერისთანავე მოდური ან ბოლომდე შეუმჩნეველი, ზოგი – ძალიან მშრალი ან, პირიქით, ზედმეტი სენტიმენტალობისგან დანოტივებულიც კი, ზოგს მკვეთრად გამოხატული ხასიათი აქვს, ზოგი კი სრულიად უნებისყოფოა, ზოგი მარილიანია და ზოგი – მლაშე, ზოგი – ადვილად გასაგები, ზოგი კი უძველესი ლურსმული წარწერებივით ასო-ასო ამოსაკითხი და ამოსაცნობი, ზოგი პლასტმასის ერთჯერად ჭურჭელს ჰგავს, ზოგი – მეთექვსმეტე საუკუნის იტალიური ბროლის ნაკეთობას. ისეთი ტექსტებიცაა, რომლებიც არ არსებობს, მხოლოდ ვიღაცის ფანტაზიასა თუ ტყუილში ცოცხლობს.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ისე გვახვევია გარს ბგერათა გრაფიკული სახეები, პიქტოგრამები თუ იეროგლიფები, შეიძლება, შეედავო კიდეც ცნობილ ფილოსოფოსს, რომ ენობრივში კი არა, ტექსტობრივ სამყაროში ვცხოვრობთ და რეალურად მხოლოდ ის არსებობს, რაც დაიწერა და არა ის, რაც ითქვა და დასახელდა.

ამ ტექსტობრივ სამყაროს, მთელი თავისი მრავალფეროვნებით, ერთი დამახასიათებელი ნიშანი აქვს – მკითხველი სჭირდება. ტექსტამდე მკითხველის გზა კი ისეთივე რთული და წინააღმდეგობრივია, როგორიც ოდისევსის მოგზაურობა ჰადესის სამეფოში. მკითხველს ანუ ლიტერატურულ გურმანს აღზრდა სჭირდება, ეს კი ჩვენ, მასწავლებლებმა უნდა გავაკეთოთ.

წარმოიდგინეთ, რომ რომელიღაც ცნობილ და უთვალავსაცავიან ბიბლიოთეკაში მოხვდით, ჩვეულებრივ ბიბლიოთეკაში, სადაც არც კარტოთეკაა და, მით უმეტეს, არც უსინათლო ბიბლიოთეკარი, თავად უნდა გაერკვეთ და მოძებნოთ ის, რაც გინდათ.

შეგიძლიათ, ბორბლებიანი მაღალი კიბე მოიტანოთ, რომელიც მთავარი დარბაზის ერთ-ერთ ცივ კუთხეშია აყუდებული, თაროებთან მიაგოროთ და ძებნა დაიწყოთ, მაგრამ საცავი იმდენად დიდია, რომ ძებნას მთელი სიცოცხლე დასჭირდება და იქნებ სიკვდილამდე ვერც კი იპოვოთ ის, რასაც ეძებდით. გამოსავალი ერთია – გზამკვლევი გჭირდებათ ამ სამყაროში, რათა ყველანაირი ტექსტი დააგემოვნოთ, ყველანაირ სათქმელს მოუძებნოთ გასაღები, მით უმეტეს – თუ სკოლის მოსწავლე ხართ, დაბნეული, გვიანობამდე მეცადინეობთ ალგებრასა თუ ქიმიას, დღის მეორე ნახევარში კი გაუთავებლად დაგაწანწალებენ მუსიკიდან კუნგ-ფუზე, ჩოგბურთიდან ბალეტზე, ნორჩი კოსმონავტების წრიდან ახალგაზრდა გეოლოგების კლუბში.

რა უნდა ქნათ, თუ თქვენი ცხოვრების ტექსტი გჭირდებათ?

ის, რაც ბავშვურ ტკივილებს დაგიამებთ, გუნებას გამოგიკეთებთ, გულს გაგიხარებთ, საკუთარ ადგილს გაპოვნინებთ, თვითშეფასებას აგიმაღლებთ.

ზოგჯერ შეიძლება საახალწლო მისალოცი ბარათი იყოს თქვენი ცხოვრების ტექსტი, ზოგჯერ – რომელიღაც კულინარიული რეცეპტი, ანდა მაგიური შელოცვა თუ მწვალებლურად შერაცხული რომელიმე აპოკრიფი, თუნდაც რომელიმე წმინდანის ცხოვრება ან შუა საუკუნეების რომანტიკული ეპოსი.

დასაბამითგან იყო სიტყვა, ანუ, შესაბამისად, იყო ლიტერატურა.

ჩვენ, მასწავლებლები უნდა ვეცადოთ, მოსწავლეებს ისეთი ტექსტები ვუპოვოთ და ვაპოვნინოთ, რომლებიც შესაძლოა წაკითხული არც ჰქონდეთ, ან ჰქონდეთ, მაგრამ უგულისყუროდ, ან არც უგულისყუროდ, მაგრამ უყურადღებოდ, ვაპოვნინოთ და ტექსტების როგორც ფერადი შუშების სხვადასხვა პრიზმაში დანახვის სიამოვნებას ვაზიაროთ:

სტილის ლაკონურობასა და გენიალურ უბრალოებაზე საუბრობთ? აბა, აბიბოს ნეკრესელის ცხოვრებას ჩახედეთ. იცით, რა საოცარი სიყვარულის ისტორიაა მოთხრობილი ადამისა და ევას ცხოვრების აპოკრიფში, სადაც ცხრა მთას იქით მყოფი ადამი გრძნობს და განიცდის ევას სამშობიარო ტკივილებს? მეორე აპოკრიფში, რომელიც ღვთისმშობლის ჯოჯოხეთში მოგზაურობას ასახავს, ერთმანეთში ისეთი დოზითაა არეული სიკვდილი და სიცოცხლე, მაშინვე “ღვთაებრივი კომედია” გაგახსენდებათ. ვერლიბრისა და თანამედროვე პოეზიის ზომა და მეტრი გაინტერესებთ? – ქართულ ჰიმნოგრაფიას გადახედეთ, და არამხოლოდ ქართულს. მაგალითი გჭირდებათ? ინებეთ, აი, სად იწყება ბესიკ ხარანაული:

„ცასა ბეწთა ეკიდა, ვნახე კაცი,
და მასვე კაცს[ა] შუბის წუ[ე]რს ედგნეს დარბაზნი.
მუმლსა ზედა ჯდა, მინდორს სდევდა ქურციკთა, –
და ზღუასა ზედა მოარბევდა ცხენითა,
და ესრეთ ღაღადებდა: „ღმერთო, შენ, კურთხეულ ხარ!”

შესაძლოა, რომელიმე პუბლიცისტური წერილი ყველაზე მხატვრული აღმოჩნდეს, რომელიმე ლექსი – ყველაზე დრამატურგიული, რომელიმე სტატია ენციკლოპედიიდან – ყველაზე მელანქოლიური და სენტიმენტალური.

ითამაშეთ ტექსტებით და თქვენი მოსწავლეებიც ათამაშეთ, ასწავლეთ მათ სიტყვის სუნის, ტანინის, ფერის, გემოების თაიგულის ცნობა, ისევე როგორც მეღვინე ცნობს და გრძნობს კარგ ღვინოს – მთელი გულითა და გატაცებით.

P.S. როდესაც რიცხვით სახელს ვხსნიდი მთელი თავისი რიგობით-წილობითი აბრაკადაბრებით, გადავწყვიტე, არც მეტი, არც ნაკლები, ჩემი ცხოვრების ტექსტი – კულინარიული რეცეპტი მიმეწოდებინა და მეტიც, რამე მარტივიც მოგვემზადებინა. ასეც მოხდა – პროდუქტების რაოდენობამ, წილობრივმა გაყოფამ, ქურის პირველ, მეორე თუ მესამე სიმძლავრეზე ჩართვამ, მზადების დროის განაწილებამ შედეგი გამოიღო – გემრიელი ნამცხვარი და წარმატებული გაკვეთილი.

ჰოდა, თამამად, თამამად აცხვეთ და მიირთვით ტექსტები გაკვეთილზე.

საიტისათვის: mastsavlebeli.ge
იხილეთ ორიგინალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური