GE

„თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი კონკურენტუნარიან ახალგაზრდა მეცნიერებს დევნის“  

ეკონომიკის დოქტორი ვახტანგ ჭარაია ამტკიცებს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი უსამართლოდ ჩატარდა. ნიშნულში ის ფაკულტეტის დეკანს თემურ ბერიძეს ადანაშაულებს. EDU.ARIS.GE ვახტანგ ჭარაიას წერილს უცვლელად გთავაზობთ:
chara„ადამიანისთვის რომელიც დაიბადა და  გაიზარდა საქართველოს ფარგლებს გარეთ და მხოლოდ 18 წლის ასაკში დაუბრუნდა ქვეყანას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პატივისცემის მოპოვებასა და ადგილი დაიმკვიდრებას თავის სამშობლოში. ამ მიზნის მისაღწევად არც თავის დაზოგვა არის გამართლებული და არც სიმართლის დათმობა, მითუმეტეს თუ ზურგს: პატიოსნება, გამოცდილება და მაღალი კვალიფიკაცია გიმაგრებს.

2016 წლის სექტემბერში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე, ამავე ფაკულტეტის დეკანმა – თემურ ბერიძემ, მოხერხდა და ჩატარდა, იმდენად უსამართლო კონკურსი, რომლის მსგავსი უკვე „ბანანის რესპუბლიკებშიც“ კი არ იმართება.

ფაკულტეტმა 4 ხმით 1-ის წინააღმდეგ, აკადემიურ თანამდებობაზე დაიწუნა კანდიდატი, რომელიც ნებისმიერ წამყვან უნივერსიტეტში გამარჯვების ერთ-ერთი უპირველესი კანდიდატი იქნებოდა. დაიწუნა ეკონომიკის დოქტორი, რომელსაც სხვადასხვა დროს უსწავლია და უმუშავია, ისეთ უნივერსიტეტებში როგორიცაა: ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, ტარტუს უნივერსიტეტი, ბრემენის უნივერსიტეტი, პასსაუს უნივერსიტეტი, პეტერბურგის ევროპული უნივერსიტეტი და მრავალი სხვა. დაიწუნა ადამიანი, რომელიც 29 წლის ასაკში ეკონომიკის აღიარებული ექსპერტია საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზე და შესაბამისი მოწვევები აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციებიდან, როგორიცაა მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. დაიწუნა ადამიანი, რომელსაც მოპოვებული აქვს ათეულობით სხვადასხვა ქვეყნების და ორგანიზაციების ჯილდოები, გრანტები და სტიპენდიები. ბოლოს და ბოლოს, დაიწუნა ადამიანი, რომელიც თავისი პატიოსანი შრომით მთელი თავისი ცხოვრება ემსახურება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერესებს.

ზოგიერთმა შეიძლება გაიფიქროს და მართალიც იქნება, კონკურსი ხომ ყოველთვის – შედარებითობაა. დიახ, სწორედ ამაზე ვსაუბრობ. ჩემს კონკურენტთან შედარებით (რომელსაც თავის გზაზე წარმატებებს ვუსურვებ) აშკარა და თვალნათელი უპირატესობა გამაჩნდა:

ა) სტატიებში, როგორც რაოდენობრივად (33 სტატია 16-ის საწინააღმდეგოდ), ასევე ხარისხობრივად. კერძოდ, სტატიები გამოქვეყნებული მაქვს ევროპულ და ამერიკულ გამოცემებში, მათ შორის მსოფლიოში ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით.

ბ) გამაჩნდა ციტირების ინდექსი 6 ერთეულის ოდენობით, რომელიც საკმაოდ იშვიათია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე და სულ რამდენიმე პროფესორს გააჩნია. სამწუხაროდ, ჩემი კონკურენტის ციტირების ინდექსი – 0-ის ტოლია;

გ) მოზიდული მქონდა 16 სამეცნიერო გრანტი, ჩემს კონკურენტს კი მონაწილეობა მიღებული ჰქონად 1 საგრანტო საგრანტო პროექტში, ბოლო 6 წლის განმავლობაში;

დ) საერთაოშიროსო კონფერენციების ორგანიზებასა და მონაწილეობის ჭრილში, გამოცდილება მიმიღია მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, 50-ზე მეტ ქვეყნაში, რაშიც ჩემი კონკურენტი პრაქტიკულად გამოუცდელია.

ე)  მაქვს კავშირები მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და უნივერსიტეტთან, რომელსაც ვიყენებ ჩვენი უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ და რომელიც არ გააჩნია ჩემს კონკურენტს; აქტიურად ვთანამშრომლობ სამეცნიერო ცენტრთან მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ჰარვარდის ბიზნეს სკოლასთან და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან, რომელთან ურთიერთობაც თავად განსაზღვრავს ჩემი შესაძლებლობების ხარისხს.

ვ) გამაჩნდა 100%-იანი პოზიტიური შეფასება უნივერსიტეტის სტუდენტების მხრიდან. რაც უიშვიათესი შემთხვევაა ფაკულტეტის მასშტაბით. და ეს ყველაფერი არ არის…

ზ) ვარ თსუ-ის მიერ დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი და ვასახელებ ჩემს უნივერსიტეტს ყველა შესაძლო გზით, მათ შორის მედია სივრცეშიც, მაღალხარისხიანი პროდუქტის მიწოდების გზით. ხელს ვუწყობ ფაკულტეტის სტუდენტების პრაქტიკულ განვითარებას: დასაქმებას, სტაჟირებას, კონფერენციებში მონაწილეობას, საზღვარგარეთ მივლინებებს, მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების მმართველებთან შეხვედრების ორგანიზებას და მრავალ სხვა ღონისძიებებს, რისთვისაც ფინანსური ანაზღაურება არასდროს მომითხოვია. სამწუხაროდ, ზემოთ თქმულის გამოცდილება, არათუ ჩემს კონკურენტს, არამედ არ მომერიდება და ვიტყვი რომ მთლიანად ფაკულტეტს არ გააჩნია, როგორც ადმინისტრაციულ ერთეულს.

თ) მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ მქონდა ბედნიერება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მომეპოვებინა – ჰარვარდის ბიზნეს სკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის პროექტი და გავმხდარიყავი მათი აფილირებული ლექტორი საქართველოში, რამაც გზა გაუხსნა ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში აკრედიტირებული კურსების ინტეგრირებას თსუ-ში.

და ბოლოს მოგახსენებთ, რომ ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილ და კიდევ სხვა მრავალ უპირატესობას, რაც ჯამში 363 გვერდიან აპლიკაციაში გამოიხატებოდა: სერტიფიკატების, დიპლომების, ჯილდოების და სხვა დოკუმენტაციის სახით, შესაბამისმა კომისიამ კატეროგია – საშუალო, ხოლო ჩემს კონკურენტს კი რომელსაც ჩემთან შედარებით რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც ბევრად მოკრძალებული საბუთები გააჩნდა, კატეგორია – მაღალი, მიანიჭა. რითვისაც ის არჩეულ იქნა მოცემულ ვაკანტურ ადგილზე.

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – დემოკრატიის ნეგატიური თანასწორობაა, სადაც უმრავლესობას არ სურს რეფორმირება და ახალგაზრდა კონკურენტებთან ღირსეული დაპირისპირება, განსაკუთრებით თუ ეს უკანასკნელი სტატუს-კვოს დამრღვევი და უფრო მეტის გამკეთებელია ვიდრე სტაგნაციასთან შეგუება.

უფროსი თაობის პროფესურის უმრავლესობა, რომელიც ერთი შეხედვით ახალი თაობების გამზრდელად და ხელისშემწყობად უნდა გვეგულებოდეს, პირიქით ახალგაზრდების ჩაგვრისკენაა მიდრეკილი, მხოლოდ და მხოლოდ მათი მაღალანაზღაურებადი (სრული პროფესორის ხელფასი – 3500 ლარი) პოზიციის შენარჩუნების მიზნით. სამწუხარო ფაქტია, რომ ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა. ორიენტირი არა საქმეზე და ხარისხზე, არამედ ერთმანეთთან ბრძოლაზე და კონკურენტების განადგურებაზეა. გამეფებულია კლანური მმართველობა, ნეპოტიზმი და ეიჯიზმი. თუმცა, რა არის გასაკვირი ფაკულტეტისაგან, რომლის პროფესურამ ათეულობით ადამიანის შემადგენლობით პლაგიატის კომისიის ამოქმედების წინააღმდეგ შეაგროვა ხელმოწერები…“

EDU.ARIS.GE შეეცადა, დოქტორის მიერ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით თავად ფაკულტეტის დეკანს თემურ ბერიძეს გასაუბრებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ბატონმა თემურმა საუბრის თემა გაიგო, ინტერვიუზე უარი განაცხადა.

ვახტანგ ჭარაია

ეკონომიკის დოქტორი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური