GE

თსუ-ს სამაგისტრო პროგრამას “საჯარო მმართველობა“ საერთაშორისო აკრედიტაცია მიენიჭა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამისთვის “საჯარო მმართველობა“ საერთაშორისო აკრედიტაციის მინიჭების აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების, სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები, თსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე სტუდენტები დაესწრნენ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის დეკემბერში თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტისა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული სამაგისტრო პროგრამისთვის “საჯარო მმართველობა“ საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვების მიზნით, საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანიზაცია FIBAA-თან ხელშეკრულება გაფორმდა.

FIBAA-ს სააკრედიტაციო საბჭოს 2015 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით, სამაგისტრო პროგრამას – “საჯარო მმართველობა“, მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია რეკომენდაციებისა და შენიშვნების გარეშე 5 წლის ვადით, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოს საუნივერსიტეტო ისტორიაში.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობა“ 2009 წლის დეკემბრიდან ხორციელდება. სამაგისტრო პროგრამის მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის სფეროში, თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებაზე დაყრდნობით, ევროპული სტანდარტების შესაბამისი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება.

ხელშეკრულების თანახმად, ორი წლის განმავლობაში ლექციებს ქართველი და გერმანელი პროფესორები ჩაატარებენ. პროგრამის პირველ წელს გათვალისწინებულია სტუდენტთა პრაქტიკა საქართველოს საჯარო სამსახურში, ხოლო მეორე წელს სტუდენტთა მივლინება ქალაქ შპაიერში (გერმანია) საზაფხულო სკოლაში, ასევე რამდენიმეთვიანი პრაქტიკა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური