GE

თსუ-ში ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სამეცნიერო ფორუმი გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სამეცნიერო ფორუმი გაიმართა. სამეცნიერო ფორუმზე შვიდივე საფაკულტეტო კომისიების და საფაკულტეტო საბჭოების მიერ შერჩეული საუკეთესო მოხსენებები წაიკითხეს ავტორებმა – თსუ პროფესორებმა, ემერიტუსებმა, მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა.

უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიებებს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თსუ სტუდენტები, პროფესორები, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის,სამთავრობო და საკანონმდებლო სტრუქტურების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ფორუმის პირველი დღე საფაკულტეტო კომისიების მიერ შერჩეულ თსუ პროფესორების, ემერიტუსების, მეცნიერ-თანამშრომლების სამეცნიერო მოხსენებებს დაეთმო. ფაკულტეტიდან წარმოდგენილი იყო თითო ნაშრომი. ფორუმში მონაწილე მოხსენების ავტორებს გადაეცათ სერტიფიკატი და წამახალისებელი თანხა 5 ათასი ლარის ოდენობით.

24 აპრილს თსუ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები წარმოადგენენ საფაკულტეტო საბჭოების მიერ შერჩეულ სამეცნიერო მოხსენებებს. მოხსენების ავტორებს გადაეცემათ სერტიფიკატი და წამახალისებელი თანხა: ბაკალავრებს – 500 ლარის, მაგისტრანტებს- 1000 ლარის, დოქტორანტებს- 1500 ლარის ოდენობით.

ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სამეცნიერო ფორუმი თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას ინიციატივით პირველად შარშან, 2014 წელს გაიმართა. მასში თსუ ექვსივე ფაკულტეტის პროფესორებმა, ემერიტუსებმა, მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.

სპეციალურად სამეცნიერო ფორუმისთვის გაზეთ ,,თბილისის უნიევრსიტეტის” რედაქციამ მოამზადა კრებული ,,კაცი, რომელმაც საქართველოს გონი შეცვალა-ივანე ჯავახიშვილი” (შემდგენელი და რედაქტორი ნინო კაკულია), რომლის პრეზენტაციაც ფორუმის მსვლელობისას იგეგმება. კრებული სამეცნიერო ფორუმში გამარჯვებულებს გადაეცემათ.

უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენი დარბაზში მოეწყობა ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი, მუზეუმში დაცული, საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა პერიოდში მოპოვებული და არქეოლოგიის ინსტიტუტის მიერ “გრაკლიან გორაზე’’ გამოვლენილი არქეოლოგიური მასალის გამოფენა.

ცნობილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, პირველი ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი ივანე ჯავახიშვილი დაიბადა 1876 წლის 23 აპრილს. საქართველოს საზოგადოება 2015 წელს მეცნიერის 139 წლის იუბილეს აღნიშნავს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური