GE

თსუ-ში ქართველოლოგიური სკოლა-კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა-კონკურსი 2015 – ის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე, პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, სტუდენტები და მოსწავლეები დაესწრნენ.

ზამთრის სკოლა-კონკურსის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობაში ქართველოლოგიური მეცნიერებებისადმი ინტერესის გამოვლენა და ამ მიმართულების მეცნიერებებისადმი მომავალი სამეცნიერო კადრის მომზადება, მათთვის ქართველოლოგიის უახლესი ტენდენციების გაცნობა. ზამთრის სკოლა გამიზნულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებსა (IX-XII) და ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის. კონკურსში ჩაერთო უამრავი სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. შემოსული მასალა გადაეცა კომპეტენტურ ჟიურის, რომელმაც გამოავლინა ფინალისტები.

ღონისძიების ორგანიზატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი და ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაცია.

ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა-კონკურსი 6 მარტს გამარჯვებულ კონკურსანტთა დაჯილდოებით დასრულდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური