GE

„თუ წელს ვერ ავიღებ ატესტატს მთელი მომავალი მეცვლება, შეიძლება გამათხოვონ კიდეც, არ მინდა სიბნელე…“

„გამარჯობა, მაინტერესებს ბავშვებს,  რომლებმაც საატესტატოზე ერთ საგანში 5.49 ქულა დააგროვეს, ატესტატის აღების შანსი აქვთ? ამ ერთი საგნით მთელი ცხოვრება მენგრევა, არ შეიძლება რამე რომ შეიცვალოს? არსებობს მაგის შანსები? ძალიან გთხოვთ, შეძლებისდაგვარად მოკლე დროში მიპასუხეთ, ძლიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მინდა წელს ავიღო ატესტატი, თუ წელს ვერ ავიღებ მთელი მომავალი მეცვლება, შეიძლება საერთოდაც აღარ გავიდე გამოცდაზე, და გამათხოვონ კიდეც. მე არ მინდა ასეთი ბნელი მომავალი, მინდა განათლებული ვიყო და ქვეყნის განვითარებისათვის ჩემი წვლილი შევიტანო“,– ეს წერილი EDU.ARIS.GE-მ იმ სხვა უამრავ ელექტრონულ წერილთან ერთად მიიღო, რომელსაც საატესტატო გამოცდებზე წელს ჩაჭრილი მე–12 კლასელები გამოცდების დასრულების შემდეგ გვიგზავნიდნენ. თუმცა ამ წერილმა, ბუნებრივია, ჩვენგან განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა.

გოგონას შესაბამისი ორგანიზაციების საქმის კურსში ჩაყენებით დახმარებაც შევთავაზეთ, რომ ატესტატის ვერაღება მისგან ნახსენები შედეგით არ დასრულებულიყო, თუმცა უარი მივიღეთ.

„სოფელში ვცხოვრობ, ამ დროისთვისაც სოფელში ვარ, სამწუხაროდ ერთ კვირას აქ ვრჩები და ტელეფონზე ვერ გაგესაუბრებით, შემიძლია აქედან შეგეხმიანოთ. სხვა დახმარება და ჩემი მდგომარეობის ძალიან გასაჯაროება არ მინდა. გმადლობთ ყურადღებისათვის..“ – ეს იყო მისგან ბოლოს მიღებული შეტყობინება.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია არც მისი სახელისა და გვარის და არც იმ რეგიონისა თუ სოფლის დასახელება, სადაც იგი ცხოვრობს. როგორც ჩანს, 0,1–მა ქულამ შესაძლოა მთელი მისი ცხოვრება და მომავალი შეცვალოს, ისევე, როგორც ჩვენი დანარჩენი რესპონდენტების.

მოსწავლეები, რომლებიც გამოსაშვებ გამოცდებში ჩაიჭრნენ და რომელთაც EDU.ARIS.GE ესაუბრა, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესში იმყოფებიან. ცხადია, გათხოვებით ყველას არ ემუქრებიან, მაგრამ თითოეული მათგანი აღნიშნავს, რომ მისი სწავლის გაგრძელების პერსპექტივა, საკმაოდ ბევრი მიზეზით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

განსაკუთრებით რაიონებში, სადაც მოგეხსენებათ, ნაადრევი ქორწინების პრობლემა განსაკუთრებულად მწვავედ დგას და სწავლის ალტერნატივად ბევრ ოჯახში სწორედ ეს გზაა მიჩნეული. მითუმეტეს მაშინ, როცა ოჯახს შვილის სწავლის გასაგრძელებლად სახსრები არ ჰყოფნის.

მარი ბერიძე ასპინძის რაიონ სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლაში სწავლობდა. ინგლისურში ჩაიჭრა – 5,49 ქულა აიღო. ამბობს, რომ მომდევნო წელს გამოცდებზე ალბათ გავა, თუმცა ის მოტივაცია და სწრაფვა, რაც აქამდე ჰქონდა, აღარ აქვს.

„ჩემთვის ეს გამოცდები ძალიან დიდი სტრესი იყო. გავლენა ჩაჭრილ ბავშვთა რაოდენობამ მოახდინა. ჩემამდე სკოლაში 15 ბავშვი ჩაიჭრა. გამოცდაზე ანერვიულებული და ტირილით შევედი. იმ დროს, ცუდად ყოფნის პერიოდში, იმისი გაანალიზებაც ვერ მოვასწარი, რომ ეს ჩემი მომავლისათვის გადამწყვეტი დღე იყო, სადაც დაწყნარებული და ყოველგვარი ემოციის გარეშე უნდა ვყოფილიყავი. ძალიან განვიცადე.

„ინგლისურში 3 წელი ვემზადებოდი. ჩემ სკოლაში ინგლისურს ფრანგული ენის მასწავლებელი ასწავლის და ამიტომ  მიწევდა სხვაგან სიარული. ვისთანაც ვემზადებოდი, იმ მასწავლებელს იმდენად გაუკვირდა რომ ვუთხარი ჩავიჭერი მეთქი, ეგონა ვატყუებდი. ვერ იჯერებდა რომ ბარიერი ვერ გადავლახე. დარწმუნებული ვარ, ჩემამდე ამდენი ბავშვი რომ არ ჩაჭრილიყო და ასეთი განერვიულებული რომ არ შევსულიყავი, ჩავაბარებდი.

„დედამ ჩემზე მეტად ინერვიულა. ყოველ დღე იმაზე ფიქრობს ეხლა როგორ გადამიხდის მეცადინეობების ფულს. ჩემ ოჯახში ახლა არავინ მუშაობს,“ – გვიყვება მარი.

როგორც მოსწავლეები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, მათთვის განსაკუთრებით დამთრგუნველი საზოგადოების დამოკიდებულებაა, რომელიც მათ მარცხს დაუნდობლად განიხილავს და ხშირად მეტისმეტად უტაქტო კითხვებსა და შენიშვნებსაც არ ერიდებიან.

სწორედ ამაზე საუბრობს ჩვენი შემდეგი რესპონდენტი ნათია კუპრავა, რომელიც როგორც თავად ამბობს, გამოცდების შემდეგ სახლიდან არ გადის.

„ვერ აგიღწერთ ჩემთვის ჩაჭრა რას ნიშნავდა. ერთი წელი რომ მიცდება და სტუდენტი ვერ გავხდები, მაგაზე მეტად მეზობლებისა და ნათესავების მითქმა-მოთქმა და ჭორები მანერვიულებს. ჩვენი საზოგადოება ხომ პატარა შეცდომასაც არ პატიობს ადამიანს, მითუმეტეს გოგოს. იმავე დღეს უთხრეს დედაჩემს – აკი ტრაბახობდი კარგად სწავლობს ჩემი შვილიო?! ეს ყველაფერი ძალიან მიკლავს გულს.

„გამოცდების დასრულების შემდეგ ფაქტიურად სახლიდან არ გამოვსულვარ. ბანკეტზე ჩემი კლასელებისა და დედაჩემის დაჟინებული მოთხოვით წავედი, თორემ ნამდვილად არ მქონდა არც სურვილი და არც განწყობა. მართალია, ჩემი კლასიდან მხოლოდ მე არ ჩავჭრილვარ, მაგრამ მაინც. იმდენად იმედგაცრუებული ვარ საკუთარი თავით, რომ არც მაქვს სურვილი მომავალ წელს გამოცდებზე ხელახლა გავიდე,“- ამბობს ჩვენთან საუბრისას ნათია.

გიორგი მაკაროვი (მარტვილის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლე): „გამოცდების შემდეგ, შეიძლება ითქვას, არ გამიღიმია. ზოგმა ისეთმა ჩააბარა, კითხვა რომ არ იცოდა. მე არც ერთ საგანში 8 ქულაზე ნაკლები არ ამიღია, მათემატიკაში კი ჩავიჭერი. მომდევნო წელს რამდენად გავალ გამოცდებზე ხელახლა, არ ვიცი. ალბათ მანამდე ჯარში წამიყვანენ.

„ვინც ჩააბარა, თავისით ჩააბარა თუ ჩააბარებინეს, ეგ გასარკვევია. დამკვირვებლები ზოგისთვის ძალიან მკაცრები იყვნენ, ზოგისთვის კი – მშობლებივით თბილები. სხვანაირად ვერ ჩააბარებდნენ ისეთი ბავშვები, რომლებმაც ორს მივუმატოთ ორი არ იციან რამდენია.

„ჩემ გარდა სკოლაში  7-8 ბავშვი ჩაიჭრა. ახალი მინისტრისგან რამე სიახლეს ველოდი, მაგრამ მანაც იმედი გამიცრუა. რა მოხდებოდა მეორე შანსი დაეშვათ? დარწმუნებული ვარ, აუცილებლად ჩავაბარებდი“.

შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტრო ჩაჭრილი აპლიკანტების რაოდენობას გამოცდების დასრულებიდან ერთი თვის შემდეგაც არ ასაჯაროებს. როგორც ახალმა მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, „საატესტატო გამოცდების შედეგები შემაშფოთებელია, მაგრამ წარსულისგან განსხვავებული იმდენად არა.“

მშობლები: „განათლების სამინისტრო არ გრძნობს პასუხისმგებლობას საატესტატოზე ჩაჭირილი ბავშვების წინაშე?“

„ხელისუფლება ვერ იტყვის, რომ განათლების ხარისხი გაიზარდა, რადგან ჩაჭრილთა რაოდენობა კატასტროფულად დიდია“

განათლების სამინისტრო საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილთა შესახებ ინფორმაციას ისევ მალავს

რატომ „ვერ დათვალა“ აქამდე საატესტატოზე ჩაჭრილ მოსწავლეთა რაოდენობა განათლების სამინისტრომ?

2016 წლის ეროვნულ გამოცდებს 3000-მდე აბიტურიენტი გამოეთიშა – მაია მიმინოშვილი საატესტატო გამოცდებს აჯამებს

თაკო არის© მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური