GE

ტყუილის გამო დასჯა ბავშვს ახალი ტყუილისკენ უბიძგებს – კვლევის შედეგები

სჯით თქვენს ბავშვს, როცა ტყუილში გამოიჭერთ მას? ამას ბევრი მშობელი აკეთებს, მაგრამ ახალი კვლევის თანახმად, „მაკგილის უნივერსიტეტი“  მიიჩნევს, რომ დროა, ახალი მიდგომა გამოვიყენოთ. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომელთაც საყვედურობენ ტყუილის გამო, უფრო ფარავენ სიმართლეს. ხოლო ისინი, ვისაც სიმართლის თქმის მიზეზებს უხსნიან, უფრო იჯერებენ, რომ გულწრფელობა ჯობს.

მკვლევარები დააკვირდნენ დასჯის ეფექტურობას 4-დან 8 წლამდე ასაკის 372 ბავშვში. მათ აღმოაჩინეს, რომ ბავშვები უფრო ნაკლებად აღიარებენ სიმართლეს, როცა მათ დასჯით ემუქრებიან და უფრო გულწრფელები არიან მაშინ, როცა ფიქრობენ, რომ ამით უფროსებს ასიამოვნებენ.

ბავშვის ტყუილისადმი მიდრეკილების გამო დასჯის შედეგის შესაფასებლად, მკვლევარებმა თითოეული ბავშვი რამდენიმე წუთით ოთახში მარტო დატოვეს სათამაშოსთან ერთად და თხოვეს, არ შეეხედათ სათამაშოსთვის. ალბათ, გასაკვირი არაა, რომ უმეტესობას ძლია ცნობისმოყვარეობამ. 67.5%-მა შეხედა მას და ამათგან 66.5%-მა მოიტყუა, რომ არ უნახავს იგი. (შენიშვნა: შედარებით უფროსი ბავშვებიდან ნაკლებს ძლია ცნობისმოყვარეობამ, თუმცა მათგან უფრო მეტმა იცრუა ნახვის შემდეგ.)

„ბავშვები ხშირად ტყუიან დანაშაულის დასამალად,“ ამბობს მკვლევარი და მაკგილის უნივერსიტეტის პროფესორი ვიქტორია ტალვარი. „როდესაც ისინი რაიმე ცუდს ჩადიან ან წესს არღვევენ, ხშირად, ურჩევნიათ, ტყუილით ეცადონ მის დამალვას. მათ იციან, რომ დანაშაულის გამო შეიძლება, პრობლემა მაინც შეექმნათ. ამდენად, დასჯას დიდი ეფექტი არ აქვს. იგი არ მოაშლევინებს მათ ტყუილის სტრატეგიის გამოყენებას პრობლემის თავიდან ასაცილებლად.“

საინტერესოა, როგორ უნდა წაახალისონ მშობლებმა ბავშვები სიმართლის სათქმელად, როცა ტყუილის ცდუნება ასე დიდია?

მაკგილის კვლევის თანახმად, ბავშვები ყველაზე კარგად გულწრფელობისკენ დამრიგებლობით მოწოდებაზე რეაგირებენ. უფრო პატარები უმეტესად ამბობდნენ სიმართლეს, რათა უფროსები გაეხარებინათ. ხოლო შედარებით უფროსები კი, ამას სწორისა და არასწორის თავიანთი შინაგანი განმარტებიდან გამომდინარე აკეთებდნენ.

„დასჯით დაშინება არ შეაჩერებს ტყუილს და იგი არც ხსნის იმას, თუ რატომ უნდა იყოს ბავშვი გულწრფელი. თუ ბავშვი ბურთით თამაშობს ოთახში და ლანგარს გატეხავს, მაგრამ სიმართლეს იტყვის, როცა ამის შესახებ შეეკითხებიან, თქვენ უნდა გაიაზროთ, რომ იგი პატიოსნად გპასუხობთ. იგი შეიძლება, გარკვეულწილად მაინც დაისაჯოს დანაშაულის გამო, მაგრამ მას უნდა გააგებინოთ, რომ გულწრფელობას აფასებთ,“ – ამბობს ტალვარი.

ეს აღმოჩენები უფრო ახალი, პროგრესული მიდგომის უპირატესობას ადასტურებს და გვასწავლის, რომ უმჯობესია, ბავშვებს სიმართლის თქმის უპირატესობები  დადებითი წამახალისებლების გამოყენებით ავუხსნათ, ვიდრე საშინელი შედეგებით დამუქრებით.

 „ზოგადად, ტყუილს ყოველთვის აღვიქვამთ უარყოფით ქცევად. მაგრამ, ჩვენ ხშირად ვერ ვამჩნევთ პოზიტიურ ქცევებს – გულწრფელობას. თუ ბავშვი აღიარებს თავის დანაშაულს, ჩვენც უნდა გავიაზროთ და დავაფასოთ მისი გულწრფელობა,“ ამბობს ტალვარი.

წყარო: Time.com

თ.ჟ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური