GE

უჩვეულო გაკვეთილები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

ყოველწლიურად მოსწავლეები ათობით საგანს გულმოდგინედ შეისწავლიან, მათ შორის, მეტ-ნაკლებად საინტერესოებსაც. როგორც წესი, ბავშვები კლასგარეშე საგნებს ანიჭებენ უპირატესობას. ზოგიერთ ქვეყანაში მთავარ ცხრილში ფრიად საინტერესო საგნები შედის, რომლებიც ჩვენს შვილებს გააოცებს, შეიძლება ერთგვარი შურის გრძნობაც გამოიწვიოს. რომელ საინტერესო საგნებს სწავლობენ მოსწავლეები ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ? გთავაზობთ ყველაზე შთამბეჭდავი საგნების სიას, რომელთაც ალბათ ჩვენი მოსწავლეებიც დიდი სიამოვნებითა და სიხარულით შეისწავლიდნენ.

ბუნებით ტკბობის გაკვეთილი

იაპონიაში ყველა მოსწავლეს ბუნებით ტკობას ასწავლიან. ბავშვებს გარემოს ესთეტიკურ კომპონენტებს ანახებენ, ვინაიდან მას კომპიუტერულ და ტექნოლოგიურ ცოდნასთან შედარებით, დიდ პრიორიტეტს ანიჭებენ (მიუხედავად იმისა, რომ მათაც ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა). მოსწავლეები ბუნებრივ მოვლენებს აკვირდებიან, მისი სილამაზით ტკბებიან, თვალ-ყურს მცენარეებს, ფრინველებსა და ცხოველებს ადევნებენ, მათ ჰარმონიულობასა და მშვენიერებას აღწერენ. ამგვარად, გარემოს სილამაზე გზას სულის სიღრმეებამდე პოულობს. იაპონიაში ბუნებით ტკბობის გაკვეთილი აუცილებელ საგანთა სიაში შედის და მისი ცოდნა ქულებით ფასდება, უფრო მეტიც, ბავშვები გამოცდასაც აბარებენ.

სერფინგის გაკვეთილი

ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი გაკვეთილი ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ჰავაის კუნძულებზე. საქმე იმაშია, რომ ეს ქვეყნები ორგანიზებული სერფინგის ცენტრს წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ, მთავრობა, სავსებით მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ადგილობრივები მსოფლიოს საუკეთესო სერფერები უნდა იყვნენ. სწორედ ამიტომ სერფინგის შესწავლა სკოლამდელ ასაკში იწყება, სკოლაში კი უკვე მაღალ დონეზე ისწავლება, იმისათვის, რომ არც ერთმა უცხოელმა არ აჯობოს ადგილობრივებს სპორტის ამ სახეობაში.

ნაციონალური ცეკვის გაკვეთილი

2013 წლიდან, სომხეთში ნაციონალური ცეკვის გაკვეთილი სასწავლო პროგრამაში აუცილებელი საგანი გახდა. სკოლაში სწავლის პერიოდში მოსწავლეები საშუალოდ 1500 ცეკვას სწავლობენ. ისინი არა მხოლოდ ლამაზად და სწორად მოძრაობას იწყებენ, არამედ თითოეული ცეკვის ისტორიასაც სწავლობენ. ადგილობრივების შეფასებით, აღნიშნული გაკვეთილი სხვებზე უკეთესად იცავს დავიწყებისგან ისტორიასა და ტრადიციებს.

კიბერუსაფრთხოების გაკვეთილი

ისრაელის ზოგიერთ სკოლაში ამ გაკვეთილს უფრო პომპეზურ სახელწოდებას – ,,კიბერ ომის თეორია და პრაქტიკა“ ეძახიან. დამეთანხმებით, ქართველი ბიჭებიც სიამოვნებით ივლიდნენ ასეთ გაკვეთილზე და საშინაო დავალებასაც შეხსენების გარეშე შეასრულებდნენ. ამ საგნის დანერგვის მიზეზი ბავშვების კომპიუტერზე ძლიერი დამოკიდებულება გახდა. მოსწავლეების მშობლებმა და მეცნიერებმა განგაში ატეხეს, გადაწყვეტილება მარტივი იყო – დაწყებითი კლასებიდან მოსწავლეებს ინტერნეტის გამოყენების წესებს, თავიანთი მონაცემების დაცვასა და სოციალური ქსელების მიზნობრივად გამოყენებას ასწავლიან. საგანი არ უკრძალავს მოსწავლეებს კომპიუტერული თამაშების გამოყენებას, თუმცა ასწავლის, მათ როგორ არ გახდნენ მათზე დამოკიდებულნი.

სამეცნიერო აღმოჩენების გაკვეთილი

ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ სკოლაში ამ საგანს დაწყებით კლასებშიც კი ასწავლიან. მოკლე თეორიული კურსის წაკითხვის შემდეგ, მოსწავლეებს მარტივი დავალება ეძლევათ – წლის ბოლოსთვის რაიმე გამოიგონონ. დათქმულ დღეს კი მოსწავლეები თავიანთი გამოგონებების პრეზენტაციას აკეთებენ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათ შორის ძალიან საინტერესო და გამოსაყენებელ გამოგონებებსაც ვხვდებით. გაწეული სამუშაოსთვის მოსწავლეები რეალურ წლიურ ნიშანს იღებენ.

ბედნიერების გაკვეთილი

ამ საგანს ჰეიდელბერგის (გერმანია) ერთ-ერთ დაწასებულებაში შევხვდებით. თვით სკოლის დირექტორი მოსწავლეებს სულთან და სხეულთან ჰარმონიაში ცხოვრებას ასწავლის, რაც თავისთავად ბედნიერებას ნიშნავს. აღნიშნულ საგანში ნიშანიც იწერება, რომელიც მოსწავლის პროექტით განისაზღვრება, მისი მიზანი რაც შეიძლება მეტი ადამიანის გაბედნიერებაა. მაგალითად, მოსწავლეს შეუძლია შექმნას ვიდეოკლიპი, ან გახდეს რომელიმე დაწესებულების მოხალისე, ან სხვა რამე მოიფიქროს.

დამეთანხმებით, რომ მსგავსი ტიპის საგნები მოსწავლეებისთვის სწავლის პოცესს უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს გახდის. მათი დახმარებით გაიზრდება მათი მონდომება და პროდუქტიულობა, რაც თავის მხრივ წარმატების საწინდარია.

მსოფლიოს ყველაზე უცნაური და უჩვეულო სასწავლო დაწესებულებები

მოამზადა მარიამ მისაბიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური