GE

უცხოურ ენებს შორის, ყველაზე მეტი მაქსიმალური ქულა წელს ინგლისურში დაიწერა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ზოგიერთი საგნის სტატისტიკური ანალიზი უკვე გამოაქვეყნა. აპელაციის პროცესის დასრულების შემდეგ ცნობილია უცხოური ენების გამოცდების შედეგები. აღნიშნულ საკითხზე EDU.ARIS.GE- უცხოური ენის ჯგუფის ხელმძღვანელი რუსუდან ტყემალაძე ესაუბრა:

– ქალბატონო რუსუდან, საბოლოო მონაცემებით, ინგლისური ენის ტესტის 4 ვარიანტიდან რომელი იყო შედარებით რთული ვარიანტი?

– 4 ვარიანტში ცდომილება იყო სამი ქულა. ყველაზე მარტივი მეოთხე ვარიანტი გახლდათ. ერთნაირი სირთულის იყო პირველი და მესამე ვარიანტები. ოდნავ მარტივი იყო მეორეც. რის შედეგადაც სკალირების შემდეგ გამსვლელი ქულები ოდნავ შეიცვალა.

– რომელ ვარიანტში რამდენი ქულაა გამსვლელი?

– სკალირების შედეგად პირველ ვარიანტში 20 ქულაა გამსვლელი, მეორეში 21, მესამეში19, მეოთხეში კი 20 ქულა. ანუ, ოც ქულასთან ვტრიალებთ მაინც.

– ორი ვარიანტი იყო რუსულ ენასა და ლიტერატურაში – ორივე ვარიანტი თანაბარი სირთულის იყო?

– რუსულში საშუალო სირთულის კოეფიციენტი 55 გახლდათ. ტესტები სირთულის დონით ძალიან დაახლოებულია ერთმანეთთან. ერთში გამსვლელი ქულა 20 გახლდათ, მეორეში 21.

– ზოგადად, აბიტურიენტების მომზადების დონით რამდენად კმაყოფილი ხართ მ– მაქსიმალური ქულები დაიწერა?

– ინგლისურში წელს ყველაზე მეტი მაქსიმალური ქულა დაიწერა. 35-მა აბიტურიენტმა აიღო ასი ქულა. ცოტა გაკვირვებული ვარ, ინგლისურის ტესტი არ არის ნამდვილად მარტივი და 35 პატარა ციფრი არ გახლავთ. ვფიქრობთ ხოლმე, როგორ გავართულოთ ტესტი ისე, რომ დავეწიოთ აბიტურიენტების მომზადების დონეს, თუმცა ვერ გავართულებთ უფრო მეტად, რადგან ტესტი ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში დგება. მართალია, არიან ისეთები, ვისაც ტესტი უჭირს, ან ბარიერს საერთოდ ვერ ცდება, თუმცა იმ აბიტურიენტების რიცხვი, ვინც კარგად წერს ყოველწლიურად იზრდება. მე პირადად კმაყოფილი ვარ.

– დანარჩენ სამ ენაზე რას გვეტყვით, იქაც დაიწერა მაქსიმალური ქულები?

– რუსულში წინა წლებში უფრო მეტი 100 ქულა იწერებოდა. წელს მხოლოდ 10-მა აბიტურიენტმა მიიღო უმაღლესი შეფასება. გერმანულში ერთი 100 ქულა დაიწერა, ფრანგულში კი მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა მიიღო 99 ქულა. ეს როგორც წესი ყოველთვის ასეა.

– აპელაციის პროცესმა შეცვალა თუ არა საბოლოო სურათი?

– ინგლისურ ენაში კომისიას 170 ნაშრომის თავიდან გასწორება მოუხდა. 15%-ს მოემატა შეფასება. გვქონდა შემთხვევა, როდესაც ორი ქულაც კი დაემატა აბიტურიენტს. თითო-თითო ქულა დაემატათ გერმანულისა და ფრანგულის ნაშრომებში და იქაც მხოლოდ თითო-თითო საჩივარი შემოვიდა. დაკლებით ქულა არავის დაკლებია. თუ გამსწორებელს შეცდომა გაეპარა, მუდმივად ვცდილობთ, ეს შეცდომა გამოვასწოროთ. თუმცა, როგორც წესი, აპელაცია საბოლოო სურათს დიდად არ ცვლის, 80-90 % იგივე ქულა რჩება.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური