GE

უფასო ტრენინტგ-კურსი არაფორმალური განათლების მიმწოდებელი ორგანიზაციებისათვის  

არაფორმალური განათლების კუთხით მომუშავე ორგანიზაციებს უნიკალური შანსი ეძლევათ – ყოველგვარი საფასურის გარეშე ჩაერთონ ორთვიან სასწავლო კურსში და გაიუმჯებესონ მენეჯერული კომპეტენციები. რაც შემდგომ მათ საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდის და შესაბამისად, ზრდასრულთა არაფორმალური განათლების განვითარებას შეუწყობს ხელს.

პროექტს, რომელსაც „არაფორმალური განათლების მხადაჭერის ინიციატივა“ ეწოდება, „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი“ (CTC)   თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებითა და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს.

14590247_1489533811062654_6181345732547054821_nპროექტის პრეზენტაცია გუშინ გაიმართა და დამსწრე საზოაგდოებას ორგანიზატორებმა მისი მიზნებიც  გააცნეს. მიზანი არაფორმალური განათლების სფეროში მოქმედი ორგანიზაციების მხარდაჭერა და სპეციალური სასწავლო კურსის მეშვეობით მათი ხელმძღვანელი პირების გადამზადებაა.

როგორც ორგანიზატორები მიიჩნევენ,  პროექტმა ხელი უნდა შეუწყოს თბილისში ზრდასრულთა არაფორმალური განათლების პროგრამების ხელმისაწვდომობის, ხარისხის განვითარებას და შესაბამისი ორგანიზაციების მდგრადობის გაზრდას. იგი ჯამში არაფორმალური განათლების მიმწოდებელი ორგანიზაციების 50 მენეჯერის გადამზადებას ითვალისწინებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტრენინგი დამსწრე ორგანიზაციებისათვის სრულიად უფასოა.

პროგრამა სამ ძირითად მოდულს მოიცავს:  ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარება და ორგანიზება; ადამიანური რესურსების მართვა;  მარკეტინგი და ფონდების მოძიება.

როგორც CTC-ში განმარტავენ, კურსის შედეგად პროგრამის მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას მენეჯმენტის საკითხებში არაფორმალური განათლების ორგანიზაციების მართვის სპეციფიკის გათვალისწინებით, გაანალიზებენ სფეროში დაგროვილ გამოცდილებას.

14721620_1489534637729238_7018199934555264208_nკონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის დირექტორი ირინა ხანთაძე  EDU.ARIS.GE – სთან საუბრისას იმედოვნებს, რომ  ამ ინიციატივას, რომელიც პროვაიდერების, ანუ, ასეთი ტიპის განათლების მიმწოდებლის ორგანიზაციების გაძლიერებას ეხება, სხვა პროგრამებიც მოჰყვება, რომლის ფარგლებშიც ისინი  დაინტერესებული პირებისათვის სასწავლო პროგრამების შეთავაზებას შეძლებენ.

პროექტი მხოლოდ თბილისში მოქმედი ორგანიზაციებისთვისაა განკუთვნილი. ამან, ხანთაძის თქმით, რეგიონებში მოქმედი ორგანიზაციების გულისწყვეტა გამოიწვია. ამბობს, რომ მათი მხრიდანაც საკმაოდ დიდი დაინტერესებაა და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ არეალის გაფართოებასაც შეძლებენ.

„კურსი არაფორმალური განათლების მიმწოდებელი ორგანიზაციის საჭიროებებზე იქნება მორგებული. იგი მთლიანადაა ადაპტირებული ორგანიზაციების მართვის სპეციფიკაზე. საბოლოო მიზანი კი ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის სპეციფიური, კონკრეტული უნარ-ჩვევების მიცემაა, რათა მათ საკუთარი საქმიანობის განვითარება შეძლონ.

„მონაწილეებს სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვა მოუწევთ. ბოლოს კი თავიანთი კომპეტენციები უნდა დაადასტურონ.

„აუცილებლად დავუკავშირდებით ყველა აპლიკანტს, ვინც ინიციატივას გამოეხმაურება. ვეცდებით, რომ  თითოეული შესაბამისი ორგანიზაციის განაცხადი დამკაყოფილებულ იქნას. თუმცა, განაცხადების გადარჩევის შემდეგ გასაუბრებაც ჩატარდება, რათა კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ აღინიშნული ორგანიზაცია და მისი წარმომადგენელი სათანადოდ მოტივირებულია სასწავლო პროცესში ჩასაბმელად. ეს ყველაფერი მათგან  გარკვეულ დროსა და ენერგიას მოითხოვს  და გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ამისთვის ნამდვილად მზად იქნებიან,“ – აღნიშნავს ხანთაძე.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო პროცესში მეტი დრო დაეთმობა პრაქტიკულ მეცადინეობას. შესაბამისად, ტრენინგის მსვლელობისას მოხდება რიგი სიტუაციური მაგალითების განხილვა მართვის სხვადასხვა პრაქტიკული ასპექტების შესახებ.

მონაწილე ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს ფუნქციონირების სულ მცირე 2 წლის გამოცდილება, უნდა საქმიანობდეს არაფორმალური განათლების სფეროში და ახორციელებდეს შესაბამისი გადამზადების პროგრამა(ებ).

პროგრამის ჯამური ხანგრძლივობაა 24 საათია. მეცადინეობები გაიმართება საღამოს საათებში, 2.5 საათიან სესიებად. კვირის მანძილზე ჩატარდება 2-3 საღამოს სესია. ასევე, კვირაგამოშვებით გაიმართება დამატებითი სესია – შაბათობით.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებითა და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ხორციელდება. პრეზენტაციას განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ზაზა ცინაძეც დაესწრო , რომელმაც აღნიშნა, რომ ზრდასრულთა არაფორმალური განათლების მხრივ ინიციატივებს ყოვეთვის მიესალმებიან.

14681820_1489534391062596_3170271036753407627_nეს ყველაფერი, მისი თქმით,  ხელს უწყობს როგორც მსგავსი ორგანიზაციების განვითარებას, ისე მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანებმა ღირსეული დასაქმება შეძლონ, უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ.  ამ ორგანიზაციებს კი ეხმარებათ ის თანამედროვე მოთხოვნები უზრუნველყონ, რაც შრომით ბაზარზეა.

„ჩვენი სამსახური ორი წლის ხდება, დიდი ხნის ჩამოყალიბებული არაა, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ამ ორი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი კარგი პროექტი განხორცილდა განათლების, სპორტისა და ახალგაზრდების მიმართულებით. აქტიურად ვართ ჩართულები როგორც სკოლის ასაკის, ისე ზრდასრულთა არაფორმალურ განათლებაში. კონკრეტული პროექტები და პროგრამები გვაქვს, რომლითაც ხელს ვუწყობთ და ვახალისებთ მათ ჩართულობას. ეს ყველაფერი კი ადამიანებს სხვადასხვა უნარ-ჩვევების შეძენაში ეხმარებათ,“ – განგვიცხადა ცინაძემ.

მისვე თქმით, პროექტებს, რომელთაც აღნიშნული სამსახური მხარს უჭერს, მუდმივად ადევნებენ თვალყურს და აკვირდებიან თუ რამდენად კარგად ხორციელდება იგი, ან რამდენად ეფექტურია შედეგი. იგივეს გეგმავენ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებითაც. როგორც ცინაძე ამბობს, დარწმუნებულია, რომ იგი მოლოდინს გაამართლებს.

კურსი ნოემბერში დაიწყება და დეკემბრის ბოლოს დასრულდება.  ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატებიც გადაეცემათ. დაინტერესებულ პირებს  აპლიკაციის ნახვა სხვადასხვა ვებ-გვერდზე შეუძლიათ.  მათ შორის jobs.ge-ზე,  HR.ge-ზე და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ვებ-გვერდზე www.ctc.org.ge.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური