GE

უნდა იღებდნენ თუ არა მოსწავლეები სკოლაში სექსუალურ განათლებას და ინფორმაციას ნარკოტიკებზე – მინისტრის პასუხი

ვიცე–პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მოსწავლეებისთვის სექსუალური განათლების მიღების საკითხზე საუბრობს.

სექსუალურ განათლებას თუ უნდა იღებდნენ სკოლაში მოსწავლეები? – ამ კითხვით მიმართა გადაცემა „მძიმე კაცთან“ ავტორმა და წამყვანმა ალექსანდრე ჯეჯელავას.

,,იცით, რა? ეს არის საინტერესო საკითხი ძალიან. მაგალითად, სიტყვა სექსუალურს გამოვიყენებთ თუ სქესობრივს, უკვე დიდი განსხვავებაა, იმიტომ რომ ამას სტერეოტიპები ახლავს თან, ხომ იცით, ჩვენ ტრადიციული და კონსერვატიული საზოგადოება ვართ. ე.ი. სქესთან, ოჟახის შექმნასთან, გამრავლებასთან და აი ასეთ საკითხებთან დაკავშირებული განათლება ადამიანს სრულფასოვანი ცხოვრებისთვის აუცილებლად ჭირდება. მათ შორის ჯანმრთელობის საკითხები, რეპროდუქციის და ა.შ. ამიტომ ცალსახად დიახ. უმეტეს ჩვენს მოქალაქეს, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ  „სექსის შესახებ განათლება“, შეიძლება, ცოტა უფროი სხვა სიღრმეები ეჩვენებოდეს იქ სადღაც. მოკლედ, ბავშვის ფსიქიკისთვის და ასაკისთვის შესატყვისი რაც არის და ეხება ოჯახს, გამრავლებას, რეპროდუქციასა და ჯანმრთელობას, აუცილებლად უნდა ვასწავლოთ”, – განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე, თავად საიდან იღებდა მოსარდობისას მსგავსი საკითხების შესახებ ინფორმაციას, აღნიშნა რომ მეგობრებისგან, რაც მისი აზრით არასწორია.

,,არა სკოლიდან, ცალსახად. მინდა გითხრათ, რომ ეს არ მეჩვენება სწორი. რა ვიცი, ეზოში ვისხედით მეგობრები, ისევე როგორც ბევრი, ალბათ, და რაღაცებს ვყვებოდით, ზოგი ისეთი ზღაპარი და ისეთი მითი იყო  შეიძლება გადარეულიყავი. ეს ყველაფერი კი არ მგონია სწორი. კვალიფიციურად უნდა მიიღოს ადამიანმა ყველანაირი ინფორმაცია, წინასწარ, მით უმეტეს ბავშვმა, რომლის ფსიქიკაც არის ძალიან მგრძნობიარე. ეზოში და უფროსი მეგობრებისგან – არა. ბევრ მშობელს, მაგალითად სერიოზული დისკომფორტი აქვს, რომ თავის შვილებს ამ თემებზე ელაპარაკოს, მაგასაც ხომ სწავლება უნდა მშობლებისთვის, როგორ ესაუბრონ თავის შვილებს. ვისაც უადვილდება ძალიან კარგი, მაგრამ ყველას არ უადვილდება”,– თქვა ჯეჯელავამ.

საკითხზე, უნდა ხდებოდეს თუ არა მოსწავლეებისთვის სკოლაში ინფორმაციის მიწოდება მსუბუქი და ზოგადად ნარკოტიკების შესახებ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ასეთი პოზიცია აქვს:

„აუცილებლად უნდა იყოს. რაც არი ჩვენ ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და სკოლა ხომ იგივე ოჯახია გარკვეული აზრით და თუ შენ პრობლემას აგვარებ არ ლაპარაკით, არ საუბრით, მე მეჩვენება, რომ უფრო იქმნი საფრთხეს, ვიდრე იგვარებ და ამიტომ ძალიან მაგარი დაფიქრება უნდა, თუ როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვებს ასეთ საკითხებზე,  მაგრამ, რომ უნდა ვესაუბროთ ამაში ეჭვი არ მეპარება“, – დასძინა მინისტრმა.

სქესობრივი განათლება სკოლებში – საფრთხე, თუ სარგებელი?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური