GE

უნდა ისწავლებოდეს თუ არა სპეციფიკური დარგები ყველა უმაღლესში?

საქართველოში დღეს სასწავლო დაწესებულებები რომ მომრავლდა ამას საქსტატის ბოლო მონაცემებიც ნათლად ცხადყოფს. 2014 -2015 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 73 კერძო და სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ირიცხება. მათ შორის: 20 სახელმწიფო და 53 კერძო სასწავლებელია.

თუ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გასული წლის მონაცემებს გავითვალისწინებთ, უმაღლესების მატების ტენდენცია 2013 წლიდან შეიმჩნევა. კერძოდ, 2013-2014 წლისთვის ქვეყანაში 63 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება იყო, 2012-2013 წლისთვის კი 57.

უმაღლესების სიმრავლე არა, თუმცა თითოეულში სწავლებისა და განათლების ხარისხის დონე საკამათო საკითხია. კამათის საგანია ამ სასწავლო დაწესებულებებში ყველა იმ დარგის სწავლებაც, რომელსაც სპეციფიკური ინფრასტრუქტურა და კომპეტენტური პროფესორ-მასწავლებლები ესაჭიროება. ეს კი, ხშირ შემთხვევაში, ამა თუ იმ სასწავლებელს არ გააჩნია, თუმცა დარგი პოპულარულია, ჩაბარების მსურველიც ბევრია და შესაბამისად, ამ საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტირება კონკრეტულ სასწავლებელში მაინც ხდება.

ლოგიკა მარტივია, განათლების სისტემა ერთი დიდი ბიზნესია და ყველაფერი ბიზნეს-ინტერესს ეფუძნება. მაგრამ, როცა საკითხი, ისეთ სპეციფიკურ სპეციალობას ეხება, როგორიცაა სამედიცინოს ყველა დარგი, რომლის კურსდამთავრებულსაც ქვეყნისა და არა მხოლოდ ამ ქვეყნის, მაცხოვრებლებმა სიცოცხლე და ჯანმრთელობა უნდა ანდონ, საკითხიც სხვაგვარად უნდა იდგეს და ბიზნეს ინტერესების დათმობა მოქალაქეობრივი ინტერსების სასიკეთოდ უნდა მოხდეს.

დღეს საქართველოში სამედიცინო დარგები თბილისის გარდა, თითქმის ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის: ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, ბათუმსა და თელავში რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებაში ისწავლება. ასევე, თბილისში სამედიცინო უნივერსიტეტის გარდა, არის უნივერსიტეტები, სადაც სამედიცინო  დარგების ნაწილი საკუთარ საგანმანათლებლო პროგრამაში აქვთ ჩასმული.

გარდა სამედიცინოს სპეციალობებისა, საქართველოში ფუნქციონირებს ისეთი უნივერსიტეტები, რომლებიც სპეფიციკურ ინფრასტრუქტურასა და სწავლებას მოითხოვს, აქ ჩაბარებაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებულ შეფასებასთან ერთად სხვა საგნებისა და აქტივობების ჩაბარებასაც მოითხოვს. ასეთებია: საავიაციო უნივერსიტეტი, აგრარული უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, სასულიერო სემინარია, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია.

უნდა ისწავლებოდეს თუ არა სპეციფიკური დარგები, მათ შორის, სამედიცინოს სპეციალობები ყველგან, სადაც ამას კონკრეტული სასწავლებლის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს და როგორია ამასთან დაკავშირებით დასავლური მიდგომები Aris.ge – განათლება ამ თემით დაინტერესდა.
10501842_335523666635464_8339288307948761017_nგანათლების მკვლევარი და ლექტორი სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, იქნება ეს პროფესიული სასწავლებელი, სასწავლო თუ კვლევითი უნივერსიტეტი, უნდა ჰქონდეს აღიარებული, თუ რა კომპეტენციების დამადასტურებელ საბუთს, ანუ დიპლომს გასცემს. უნდა დაადასტუროს, რომ შესაბამისი სასწავლო პროცესიც აქვს და ეს დადასტურება (ავტორიზაცია-აკრედიტაციის მინიჭება) სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ორგანოს მიერ უნდა მოხდეს, რაც საქართველოს შემთხვევაში ასე არ არის.

„ნებისმიერი უმაღლესი განათლების დიპლომის მიღმა მისი შესაბამისი კომპეტენციები უნდა იდგეს. აქ იგულისხმება შემდეგი: ცხადია, რომ უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს სათანადო ლაბორატორიები, ბიბლიოთეკები, ელექტრონული მასალები, საცდელი სადგურები, სამედიცინო სასწავლო ცენტრები და ა.შ. დგება კითხვა, ვინ უნდა შეამოწმოს უნივერსიტეტები აქვთ თუ არა მათ, პროგრამების შესაბამისი რესურსები და სასწავლო პროგრამები. თუ მააკრედიტებელი ორგანო სახელმწიფოს ხელშია ისე, როგორც ეს საქართველოშია, მაშინ ხარისხის კონტროლის პოლიტიკური საკითხი დგება. მკაცრი კონტროლის შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ რომელიმე უნივერსიტეტისთვის რაიმე მიმართულების შეზღუდვას მნიშვნელოვანი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდეს მმართველი პარტიისთვის. ამიტომ, შესაძლებელია, რომ პოლიტიკური დივიდენდების სანაცვლოდ, პოლიტიკოსებს აწყობდეთ გარკვეულ შემთხვევაში ხარისხის მაჩვენებლების დაწევაც. სწორედ ამიტომაც არის სასარგებლო, რომ უმაღლესებში ხარისხის კონტროლი მაქსიმალურად დაცული იყოს პოლიტიკური კონტროლისგან, რაც დამოუკიდებელი მააკრედიტებელი ორგანოების შემთხვევაში მეტად არის შესაძლებელი”, – განუცხადა Aris.ge- განათლებას სიმონ ჯანაშიამ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში დასავლური პრაქტიკა საუკეთესოა, როდესაც არსებობს სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი, ან ნახევრადდამოუკიდებელი ასოციაციები, რომლებიც ხარისხის კონტროლის სხვადასხვა მექანიზმებს იყენებენ. ასეთ შემთხვევაში, უნივერსიტეტები, რომლებსაც არ აქვთ სათანადო პირობები იმისთვის, რომ სტუდენტებს მათი დიპლომის შესაბამისი განათლება მისცენ, აკრედიტებულად არ ითვლებიან. ზოგან არააკრედიტებული უნივერსიტეტების არსებობა კანონით არ არის აკრძალული, თუმცა საზოგადოებამ იცის, რომ აკრედიტაციის არარსებობა, ასევე ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას ეჭქვეშ აყენებს.

Aris.ge-განათლება აღნიშნულის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის პოზიციით დაინტერესდა,  რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ-ია და სწორედ მისი პრეროგატივაა უნივერსიტეტებისა თუ მათი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის აკრედიტაცია-ავტორიზაციის მინიჭების საკითხი. მიუხედავად მრავალდღიანი მოლოდინისა, უწყებამ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება არ ისურვა.

11178615_819787294743430_1673307451_nსამედიცინო უნივერესიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანს თინა ჩიქოვანს მიაჩნია, რომ უმჯობესია და კარგი იქნება, თუ სახელწიფოც და ყველა შესაბამისი უწყებაც, რესურს რომელიმე ერთი უნივერსიტეტისკენ მიმართავს  და იქ იქნება სამედიცინო დარგების სწავლება უმაღლეს დონეზე.  

დეკანი Aris.ge-განათლებასთან ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა უნივერსიტეტისა და სამედიცინო სკოლის კადრებს არ იცნობს, ეჭვი ეპარება, ყველა სასწავლებლისთვის საკმარისი მაღალკვალიფიციური კადრი არსებობდეს.

„უნდა ისწავლებოდეს თუ არა სამედიცინოს დარგები ყველგან? თუ სათანადო კადრი ეყოლებათ ასეთ შემთხვევაში კი, თუმცა ამაში ცოტა ეჭვი მეპარება. მიმაჩნია, რომ თუ ასწავლი, უნდა ასწავლო საერთაშორისო დონეზე. რეგიონალური მედიცინა არ არსებობს, მედიცინა არის საერთაშორისო. ჩვენ ამისკენ ვიღწვით და მუდმივად განახლებასა და გაუმჯობესებაზე ვფიქრობთ. თუ არის სადმე კიდევ ასეთი სასწავლებელი, სადაც საერთაშორისო სწავლებაზეა ორიენტირი რატომაც არა. მაგრამ მედიცინის სწავლება მხოლოდ პროფესორ-მასწავლებლები როდია, მას ესაჭიროება კლინიკური ბაზები როგორც საკუთარი, ასევე აფინირებული. მაგრამ კარგი იქნება, თუ რესურსი ერთი მიმართულებით იქნება მიმართული და ცენტრალიზებულ ერთ და კარგ სასწავლებელს მივიღებთ. მედიცინის სწავლება ძალიან ძვირია, ჩვენ ვცდილობთ სახსრების დამოუკიდებლად მოძიებას, თუმცა დამხარებაც გვჭირდება, რა თქმა უნდა, თუნდაც სახელმწიფოსგან“, – აცხადებს თინა ჩიქოვანი.

სახელმწიფოს მიერ შემუშავებული განათლების სისტემის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიაში უმაღლესი განათლების განვითარების სტრატეგიას არაერთი გვერდი ეთმობა და კონკრეტული შედეგებიც მისი განხორციელების პარალელურად უნდა დადგეს.

ამბობენ, განათლებული ადამიანების სიმრავლე კეთილდღეობის პირდაპირპროპორციულიაო, თუმცა განათლება მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ყოფნასა და დაუღალავად სიარულს არ ნიშნავს. ამისთვის საჭიროა, შესაბამისი უნივერსიტეტი, შესაბამისი ლექტორითა და ასევე, შესაბამისი სასწავლო გარემო, ინვენტარითა თუ ბიბლიოთეკით. აღნიშნულს თეორიულ დონზე ყველა ეთანხმება, თუმცა, პოლიტიკოსისა და ლექტორის ლევან ბერძენიშვილის თქმისა არ იყოს, „ფაქტია, რომ უმაღლეს სასწავლებელში შეიძლება წიგნი არ იყოს და უმაღლესი სასწავლებელი ერქვას“.

ქეთი არის© გიგოლაშვილი 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური