GE

უნდა შეიცვალოს თუ არა ერთ მოსწავლეზე მიბმული ვაუჩერული ტიპის დაფინანსება სკოლებში?

სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ საჯარო სკოლების დაფინანსების  მოდელი უნდა შეიცვალოს. ვაუჩერების სისტემა გულისხმობს სკოლების დაფინასებას მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით. ვაუჩერი – სახელმწიფოს მიერ მოსწავლეზე  გამოყოფილი თანხა, რომელიც „მიბმულია“ მოსწავლეზე და შესაბამისად, რომელ სკოლაშიც მეტი მოსწავლეა, იმ სკოლას სახელმწიფოსგან მეტი ფინანსები აქვს.

საქართველოში სულ 2200-მდე სკოლაა. სკოლებში მოქმედი დაფინანსების სისტემის თანახმად, სახელმწიფო თითო მოსწავლისთვის 500 ლარამდე ვაუჩერს გამოყოფს და ამ ვაუჩერების საფუძველზე დგება საჯარო სკოლის ბიუჯეტიც. ამ ვაუჩერშია გათვლილი როგორც სკოლის ყველა კომუნალური გადასახადი, ასევე თანამშრომლების ხელფასები.  თუმცა პარალელურად, არსებობს საბაზო დაფინანსება, რომელიც 10 –დან 30 ათას ლარამდეა განსაზღვრული, თანხის გამოყოფა კი სკოლის სიდიდეზე და  მოსწავლეთა რაოდენობაზეა დამოკიდებული.

Aris.ge-განათლება საკითხის შესახებ როგორც საჯარო სკოლის ყოფილ და მოქმედ მმართველებს, ისე განათლების სისტემიდან  წასულ სპეციალისტებს ესაუბრა.

დღეს არსებული მოდელის მოწნააღმდეგენი აცხადებენ, რომ აღნიშნული მოდელი სკოლებს არათანაბარ პირობებში აყენებს, რადგან იმ სკოლებს, რომელთაც ბევრი მოსწავლე ჰყავთ, მაღალი შემოსავლები აქვთ, ხოლო სკოლებში, სადაც მოსწავლეების რაოდენობა ნაკლებია, დაფინანსებაც დაბალია; საჭიროებები და განვითარებისკენ სვლა კი ორივეს ერთნაირი აქვს.

აღნიშნულის მაგალითად ექსპერტებს რეგიონებსა და სოფლებში მდებარე სკოლები მოჰყავთ, რომელთა უმეტესი ნაწილი ე.წ. დოტაციურ სკოლებად იწოდება, რადგან წლის განმავლობაში საჭირო ფინანსურ რესურსებს ვაუჩერებით ვერ ფარავენ. ასეთ სკოლებს აუცილებელი ხარჯების – მასწავლებელთა ხელფასებისა და სხვა მიმდინარე დანახარჯების დასაფარად დანაკლის თანხას სახელმწიფო უბალანსებს.

აქვე გეტვით, რომ საკითხზე – „არღვევს თუ არა თანასწორობის უფლებას საქართველოში ზოგადი განათლების დაფინანსების სისტემა“ –  სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა კვლევა ჩაატარა. გამოკვლევის ავტორთა აზრით, განათლების სისტემაში არსებული დაფინანსების პირობებში გრძელვადიანი და რეალური შედეგების მიღწევა შეუძლებელია.

კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ევროპულ სტანდარტებთან მისაახლოებლად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სფეროს დაფინანსება სულ მცირე, უნდა გაორმაგდეს და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პარალელურად გაიზარდოს. მათი აზრით, მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი განათლების სისტემაში რეალური და ეფექტური რეფორმების გატარება.

კვლევის ავტორთა პოზიციას ემთხვევა განათლების სპეციალისტთა დიდი ნაწილის აზრიც. 

 „აუცილებლად შევცვლიდი  დაფინანსების მოდელს და ერთ მოსწავლეზე “მიბმულ” პრინციპს აუცილებლად დავამატებდი “საბაზისო” დაფინანსების პრინციპსაც“. მეორე მხრივ, დავისახავდი რეალურ საგანმანათლებლო მიზნებს და ამას ავსახავდი საგნობრივ სტანდარტებში, პროგრამებში, სახელმძღვანელოებში. მესამე მხრივ, შემოვიღებდი მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული თუ კარიერული განვითარების ახალ სისტემას, რომელშიც პიროვნული და სახელმწიფო-საზოგადოებრივი ინტერესები დაბალანსდებოდა –  ახლა არის ამის საინტერესო მცდელობა და ვნახოთ, რა გამოვა. მეოთხე მხრივ, აუცილებლად ვიზრუნებდი განათლების კომპეტენტური ლიდერების მომზადებაზე სხვადასხვა დონისთვის – არც ერთ დონეზე არ გვილხინს მაინცდამაინც. აღარ ჩამოვთვლი სხვა მომენტებს – ჩვენ უზარმაზარ სისტემაზე ვსაუბრობთ და აქ ბევრი პრობლემაა გადასაწყვეტი“,- ამბობს საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი და კერძო სკოლა ლოგოსის დამფუძნებელი გია მურღულია.

საჯარო სკოლების დაფინანსების არსებული მოდელი არც  განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს მოსწონს.  თანამდებობიდან ცოტა ხნის წინ წასული ნინო კვიტაიშვილი, რომელიც სექტემბრიდან საგანმანათლებლო სექტორში გადადის და ახალ კერძო სკოლას ჩაუდგება სათავეში, აცხადებს, რომ ერთ მოსწავლეზე მიბმული მოდელი უნდა შეიცვალოს.  მისი აზრით, ასეთი დაფინანსების სისტემა ბოლომდე ეფექტური არ არის.

„ფინანსისტები უფრო ზუსტად განსაზღვრავენ ალბათ რომელი მოდელი უფრო მორგებული იქნებოდა, თუმცა ცხადია, რომ მხოლოდ ამ ფორმით დაფინანსება სკოლებისთვის საკმარისი არ არის და გარკვეულწილად მთელ რიგ სკოლებში სერიოზული დისბალანსია. სკოლების ნაწილი რჩება ბიუჯეტის დეფიციტურ მდგომარეობაში და შემდეგ განათლების სამინისტრო ზრუნავს ამ დეფიციტის აღმოფხვრაზე. რეალურად, სკოლებს ფინანსური პრობლემები კი არ ექმნებათ, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათზე დამატებითი დაფინანსება მიდის. ამიტომ რა თქმა უნდა სჯობს, არსებობდეს ერთი გარკვეული მოდელი, რომელიც უკვე  ყველა სკოლის საჭიროებას დააკმაყოფილებს. კონკრეტულად თუ როგორი ფორმულა უნდა იყოს, ამაზე მუშაობას  დრო სჭირდება“,- განუცხადა  Aris.ge -განათლებას ნინო კვიტაიშვილმა.

ზოგადი განათლების ექსპერტი ასევე ამბობს, რომ დაფინანსების სწორი მოდელის შემთხვევაში, სკოლა თავად უნდა ახერხებდეს აუცილებელი ინფრასტრუქტურული თუ საორგანიზაციო ხარჯების გამოყოფას და არ უნდა ელოდოს სპეციალურ კომისიას, რომელიც ამათუიმ სკოლაში სარემონტო თუ სხვა ტიპის სამუშაოების განხორციელებას გეგმავს.

„იმისთვის, რომ სკოლამ ეფექტური ფუნქციონირება განახორციელოს, რაც უფორ მეტია მისი ბიუჯეტი, მით მეტად აღჭურვავს ის სკოლას დამატებთი საგანმანათლებლო რესურსით, უფრო  გამართული ინფრასტრუქტურა ექნება და დამოუკიდებლადაც შეძლებს  გაწიოს რაღაც  ხარჯები და პირობითად, არ დაელოდოს ინფრასტრუქტურის სააგენტოს, როდის იქნება მათ კალენდარულ გეგმაში რომელიმე სკოლის ნაწილობრივი  რეაბილიტაცია. როდესაც სკოლას აქვს საკუთარი ბიუჯეტი,  როდესაც თვითონაც სწორად გეგმავს ბიუჯეტს და ამავდროულად დაფინანსებაც აქვს საკმარისი, მას შეუძლია მიიღოს  კარგი გარემო. პედაგოგს რა თქმა უნდა სჭირდება კარგი გარემო  და იმისთვის, რომ სკოლას ეს ჰქონდეს, უნდა გააჩნდეს ამის ფინანსური შესაძლებლობა. შესაძლებლობა კი  იქნება მაშინ, როდესაც სკოლების დაფინანსების საკითხი შედარებით უფრო მოქნილი გახდება“,- აღნიშნავს კვიტაიშვილი.

ამ მიმართულებიც ცვლილებების განცორციელების მომხრეა განათლების მკვლევარი და სისტემის ყოფილი მაღალჩინოსანი სიმონ ჯანაშია.

როგორც ის Aris.ge -განათლებასთან ამბობს, საჯარო სკოლების უმეტესობაში ერთ მოსწავლეზე  მიბმული დაფინანსების მოდელი საერთოდ არ მუშაობს.

 „აუცილებელია იმის თქმა, რომ საქართველოს სკოლების ნახევარში მოსწავლეებს მიბმული დაფინანსება საერთოდ აღარ მუშაობს, ანუ ამ სკოლებში გამოიყენება ფორმულა, რომელიც ითვალისიწნებს სკოლის ზომას,  გაკვეთილების რაოდენობას, მასწავლებლების რაოდენობას და ასე შემდეგ. მოსწალვეებზე მიბმული დაფინანსების სისტემა მარტივი იქნება, თუ გაითვალისწინებს ბევრ სხვადასხვა კომპონენტს, ყველაფერს აქვს თავისი პლიუსები და მინუსები“,- აცხადებს ჯანაშია.

მიუხედავად უარყოფითი დამოკიდებულებისა, ჯანაშია არსებული დაფინანსების სისტემის დადებით მხარეზეც ამახვილებს ყურადღებას. იგი ამბობს, რომ ერთ მოსწავლეზე მიბმული დაფინანსების სისტემის პირობებში სკოლებში კორუფცია საერთოდ აღარ არსებობს.

„ფაქტია, რომ არსებულმა სისტემამ შეამცირა კორუფცია და გადახარჯვა. სკოლებს ეს  გადახარჯვა ადრე ჰქონდათ, ახლა კი შესაძლებლობა გაუჩნდათ, რომ საკუთარი ბიუჯეტი თავად განსაზღვრონ, წინასწარ“.

სიმონ ჯანაშიას განცხადებით,  თუ დაფინანსების მოქმედი  სისტემა შეიცვლება, მნიშვნელოვანია რომ არსებული მოდელის კომპონენტების ნაწილი შენარჩუნდეს –  ანუ სკოლამ წლის დასაწყისშივე უნდა იცოდეს, რამდენი იქნება მისი წლიური ბიუჯეტი, რათა შემდეგ თვითმმართველობის ელემენტების გამოყენებით შეძლოს ამ ბიუჯეტის ისე დაგეგმვა, რომ მაქსიმალურად მოახმაროს  როგორც სავალდებულო  საჭიროებების განხორციელებას, ასევე განვითარებას.

„მგონია, რომ ჩვენს  სკოლებს აკლია ფული განვითარეისთვის – სკოლას არ აქვს შესაძლებლობა რომ ფული ჩადოს  საკუარი კადრების პროფესიულ განვითარებაში. ჩვენი სისტემის კიდევ ერთი ნაკლი ის არის, რომ ადგილობრივი ხელისუფლება პრაქტიკულად გამოთიშულია დაფინანსებას, შეაბამისად, დიდი ინტერესიც არ აქვთ იმისთვის, რომ მათ სიახლოვეს იყოს კარგი სკოლები“,- აღნიშნავს ჯანაშია.

განათლების სპეციალისტებისგან განსხვავებულია საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორის პოზიცია. თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი Aris.ge -განათლებასთან საუბრისას განმარტავს, რომ მისი აზრით, ერთ მოსწავლეზე მიბმული ვაუჩერული დაფინანსების მოდელი ეფექტურია.

ამასთან, თამარ კაპანაძე  სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ პრინციპზეც მიუთითებს და ამბობს, რომ იმ სკოლებს, რომლებსაც დაფინანსება არ ყოფნით, სამინისტრო დოტაციურ სკოლებად მოიხსენიებს და დამატებით თანხას მაინც აძლევს. აქედან გამომდინარე, სკოლის მოქმედი დირექტორი არსებული სისტემის შეცვლის აუცილებლობას ვერ ხედავს.

„რა მნიშვნელობა  აქვს ეს თანხა ვაუჩერების სახით იქნება გადაცემული თუ სამინისტროს მიერ დამატებული? იმ სკოლაში, რომელშიც მეტი მოსწავლეა, საჭიროა უფრო მეტი თანხა იყოს, იმიტომ, რომ იქ მასწავლებლის რაოდენობა მეტია, საკლასო საათების რაოდენობა მეტია, ხარჯვითი ნაწილი მეტია – მერხი მეტი გინდა, დაფა მეტი გინდა, საკანცელარიო ნივთი მეტი გინდა და ა.შ.  სწორედ ამ საჭიროებების უზრუნველსაყოფად არის მომგებიანი ვაუჩერული დაფინანსების სისტემა. რაც შეეხება სკოლებში დიდ რემონტებს, ამას სამინისტრო ისედაც არ გვაკისრებს ჩვენ და თავის თავზე იღებს სკოლების რეაბილიტაციას. ყოველთვიური ხარჯვითი ნაწილისათვის კი ვაუჩერული დაფინანსება  საკმარისია. დოტაციურ სკოლებს სამინსიტრო კომუნალური თუ სხვა ტიპის დანახარჯებისთვის ფინანსებს უმატებს. მე პირადად  ვაუჩერული დაფინანსების სისტემის ხარვეზს დიდად ვერ ვხედავ,“- ამბობს Aris.ge -განათლებასთან საუბრისას თამარ კაპანაძე.  

საჯარო სკოლებში ვაუჩერული დაფინანსების სისტემა 2005 წლიდან მოქმედებს. მას შემდეგ სისტემაში  არაერთი ცვლილება განხორციელდა. აპირებს თუ არა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გადახედოს ვაუჩერული დაფინანსების არსებულ სისტემას? – ამ კითხვაზე სანიკიძის უწყების ეკონომიკურ დეპარტამენტში პასუხობენ, რომ მათი სამსახური პერიოდულად, წლიდან წლამდე დაფინანსების სისტემის ეფექტურობის გაზრდის მიზნით გარკვეულ ნაბიჯებს დგამს .

გიორგი არის© ხურცია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური