GE

უნივერსიტეტები და ხაზინა – ფინანსური ტრანზაქციების ახალი მოდელი უკვე ამოქმედდა  

საბიუჯეტო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების შემოსული და გადასახდელი თანხები სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში მოექცა. უკვე ერთი თვეა უმაღლესებმა საბანკო ანგარიშები დახურეს და საფინანსო ტრანზაქციებს ხაზინის მეშვეობით ახორციელებენ.

Aris.ge-განათლება უკვე წერდა, რა ვნებათაღელვა გამოიწვია აღნიშნულმა სიახლემ პირველ ეტაპზე. უნივერსიტეტების რექტორთა ნაწილმა დაგეგმილ ცვლილებაში უმაღლესების ავტონომიის შეზღუდვის საფრთხე დაინახა და სპეციალური წერილით პარლამენტის თავმჯდომარესაც მიმართა. თუმცა კანონი უკვე  ძალაშია და ყველაფრის მიუხედავად სიახლე დანერგილია.

ამ სტატიაში  გვსურს განვიხილოთ სიახლის ტექნიკური მხარე. რამდენად რთულია „ხაზინაში მუშაობა“ და რა დრო სჭირდება ერთი ტრანზაქციის განხორციელებას?!  როგორ ართმევენ თავს უმაღლესი სასწავლებლების ფინანსური განყოფილებები სიახლეს და არის თუ არა რეალურად ხელისშემშლელი ფაქტორები?!

„პირველი იანვრიდან ბანკ-კლიენტში მუშაობის უფლება აღარ გვქონდა. 31 დეკემბერი ბოლო დღე იყო როდესაც საბანკო გადარიცხვები შევასრულეთ და კომერციული ფინანსური ნაშთები ხაზინაში, ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სპცეციალურ ანგარიშებზე გადავიტანეთ. ეს ანგარიშები უმაღლეს სასწავლებლებს ინდივიდულაურად მიენიჭათ და ყველას სხვადასხვა აქვს. ვინც 31 დეკემბრამდე ვერ მოასწრებდა აღნიშნულ პროცედურას, გვითხრეს, რომ სამართლებრივი პასუხიმგებლობა დაგვეკისრებოდა“,– ამბობს ერთ-ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო განყოფილების უფროსი Aris.ge-განათლებასთან საუბარში..

რაც შეეხება უშუალოდ გადარიცხვის პროცედურას, სპეციალისტები აცხადებენ, რომ ფინანსური ოპერაციების განხორციელება ძველი სქემით უფრო მარტივად ხდებოდა.

„თითოეულ გადარიცხვაზე, თუ ხაზინამ დასტური არ მოგვცა, თანხა არ გადაირიცხება. ხაზინა გადარიცხვის სამართლებრივ სისწორეს ამოწმებს. თუ აქამდე ბანკ-კლიენტში გადარიცხვისთვის მხოლოდ ხელშეკრულების ნომერს და გადასარიცხი თანხის ოდენობას ვუთითებდი, ახლა ჯერ ხელშეკრულება უნდა დავარეგისტრირო, შემდეგ ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულება უნდა ავიღო მე, როგორც ხელმძღვანელმა და ამ ვალდებულების საფუძველზე უნდა მოვამზადო საგადასახადო მოთხოვნა. ხაზინა კი ყველა ამ საფეხურს ცალ–ცალკე ამტკიცებს“.

კიდევ ერთი სიახლე ”დიჯიპასებია.” დიჯიპასი სპეციალური მინი მოწყობილობაა, რომელიც დამოუკიდებლად აგენერირებს კოდებს, გადარიცხვის შესრულების მომენტში კი მასზე ხაზინაში შესასვლელი ერთჯერადი კოდები იგზავნება. როგორც Aris.ge-განათლებამ გაარკვია, თუ ადრე ბანკით თანხის  გადარიცხვა ყველა იმ პირს შეეძლო, ვისაც ბანკის ანგარიშზე შესასვლელი კოდი ჰქონდა, ახლა ხაზინაში დაშვება მხოლოდ ”დიჯიპასის” მფლობელს აქვს, რადგან ”დიჯიპასზე” მოსული კოდები წამიერად იცვლება.

რაც შეეხება ხარვეზებს, რამდენიმე ბუღალტერი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ პროგრამას მნიშვნელოვანი ხარვეზები არ აქვს, უმნიშვნელო ტექნიკური პრობლემები კი მალევე სწორდება.

პრობლემას წარმოადგენს 2014 წლის დარჩენილი ფინანსური ვალდებულების განხორციელება, რომელიც ჯერ ვერ ხერხდება.

კიდევ ერთი სტანდარტი, რომელსაც ახალი კანონი უნივერსიტეტებს უწესებს, სახელფასო თანხების გადარიცხვას უკავშირდება. აღნიშნულ ოპერაციას ფინანსური განყოფილება თვის 20 რიცხვზე ადრე ვერ განახორციელებს.

როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, მათ ვინც ბანკში ანგარიშების დახურვა 31 დეკემბერამდე ვერ მოასწრო, სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ, რადგან ვადამ 1 თებერვლამდე გადაიწია.

იმისთვის, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფინანსურმა წარმომადგენლებმა სიახლეს თავი გაართვან, ფინანასთა სამინისტრო სპეციალურ ტრენინგებს ატარებს.

Aris.ge-განათლებამ თემის ირგვლივ არსებული კითხვებით ნოდარ ხადურის უწყებას მიმართა.

  • რა ცოდნას იღებენ უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები ტრენინგების ფარგლებში?
  • ტრენინგები საჯარო ფინანსების მართვის ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაზრდის, ყველა დონის ბიუჯეტების ოპერაციების გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების მიზნით ტარდება. ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში იურიდიული პირების, ფინანსური მენეჯერების გადამზადება ხდება. ტრენინგის ფარგლებში, მათ შორის, უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები, მიიღებენ ცოდნას, თუ როგორ უნდა იმუშაონ ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში. სწავლებას სახელმწიფო ხაზინისა და ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის სპეციალისტები ატარებენ.
  • ხაზინის სისტემაში მუშაობა უფრო რთულია თუ ბანკში? ჩვენი რესპოდენტები ამბობენ, რომ ხაზინაში, რადგან ერთი გადარიცხვისთვის რამდენიმე ოპერაციის შესრულებაა საჭირო..
  • საჯარო ფინანსების 90%-მდე (სახელმწიფო ბიუჯეტიდან) სახაზინო პრინციპებით იხარჯება და არც ერთ ორგანიზაციას აღნიშნული ფულის ხარჯვის პრობლემა არ აქვს. რაც შეეხება ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემას, იგი შემუშავებულია თანამედროვე სტანდარტებით და მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად, მისი სწორად გამოყენება არ არის რთული. საწყის ეტაპზე, ახალი ორგანიზაციებისთვის შესაძლებელია იყოს უმნიშვნელო შეფერხებები, თუმცა მათი აღმოფხვრა შესაძლებელია ოპერატიულად, თავად ორგანიზაციისა და სახელმწიფო ხაზინის თანამშრომელთა ჩართულობით.
  • რა მოთხოვნები დაემატა ტექნიკურად იმ პროგრამას, სადაც ახლა უმაღლესების ბუღალტრები მუშაობენ?
  • უმაღლესი სასწავლებლების უმრავლესობა იცნობს ხაზინის პროგრამას, რადგან წლების მანძილზე ახორციელებენ ხაზინის პროგრამიდან გადარიცხვებს, ახლა ისინი ვალდებულნი არიან, საკუთარი წყაროებიდან დასაფინანსებელი ხარჯების  ნაწილიც იმავე პრინციპების დაცვით ხარჯონ, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებს ხარჯავდნენ. სიახლე არის ის, რომ შემოსავლებს იღებენ ხაზინის ერთიან ანგარიშზე და მათი განთავსება უწევთ დამატებითი შემოსავლების მიღებისთვის, რაც არ არის რთული ოპერაციები.
  • რა დრო სჭირდება გადარიცხვის ერთი ოპერაციის შესრულებას?
  • თუ გადარიცხვა ქვეყნის შიგნით ხდება, თანხა იმაზე სწრაფად გადაირიცხება,  ვიდრე კომერციული ბანკიდან კომერციულ ბანკში. ქვეყნის გარეთ გადარიცხვა კი ვალუტაში განხორციელდება მეორე დღეს.
  • რა ხარვეზები აქვს ამ ეტაპისთვის პროგრამას?
  • პროგრამას ხარვეზები არ აქვს. ხარვეზები აქვს სახაზინო სამსახურში ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ ფულთან დაშვების ფორმებს, რომელთა აღმოფხვრაზეც მუშაობს სახაზინო სამსახური ორგანიზაციებთან ერთად, რასაც დიდი დრო მიაქვს. მუშაობა მიმდინარეობს 09:00-დან 24-საათამდე. მუდმივად ხდება პროგრამის განვითარება-სრულყოფა და შესაძლებელია, მცირედი ტექნიკური ხასიათის შეფერხება დაფიქსირდეს, რაც ოპერატიულად აღმოიფხვრება.
  • თქვენი დაკვირვებით, გაართვეს თავი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ახალ სისტემას?
  •  უნივერსიტეტებს აქვთ პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება. შესაბამისად, მათ თავი გაართვეს ტრენინგებს, ვინაიდან გადახდები ყველა მათგანს უკვე  განხორციელებული აქვს.

დარჩათ თუ არა უმაღლესი სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებს ავტონომიის შეზღუდვა-არშეზღუდვის თაობაზე კითხვები უცნობია. წამყვანი სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტსაც  შეხვდნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით,  შეხვედრისას განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს და იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს, რომელთა წინაშეც დღეს თბილისისა თუ რეგიონების უმაღლესი სასწავლებლები დგას.

თუმცა შეეხნენ თუ არა რექტორები ხაზინის საკითხს უცნობია. დეტალებზე საუბრისგან მათ Aris.ge-განათლებასთან ამ ეტაპზე თავი შეიკავეს.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური