GE

ვის და რატომ შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი – “საქართველოს უნივერსიტეტის” განმარტება

“საქართველოს უნივერსიტეტი” “სტუდენტთა უფლებების ლიგის” განცხადებას ეხმაურება და სტატუსშეჩერებული სტუდენტების შესახებ ვრცელ განმარტებას აკეთებს.

როგორც “საქართველოს უნივერსიტეტის” წარმომადგენელმა Aris.ge-განათლებასთან განმარტა, რეალურად, სტატუსი 170 სტუდენტს შეუჩერდა და არა 700, როგორც ეს “სტუდენტთა უფლებების ლიგის” განცხადებაშია ნათქვამი.

“საქმე ეხება არა 700 სტუდენტს, როგორც ნახსენები იყო არაერთ სტატიაში, არამედ 170 სტუდენტს. დარჩენილმა 530-მა სტუდენტმა შეიჩერა სტატუსი, რადგან ისარგებლა მობილობით და გადავიდა სხვა უნივერსიტეტში. საქართველოს უნივერსიტეტი სათუთად ეკიდება თითოეული სტუდენტის პრობლემას. ვითვალისწინებთ იმას, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო ყოველთვის არ არის მარტივი სწავლის საფასურის დროულად დაფარვა. ამის გამო, საქართველოს უნივერსიტეტს შემუშავებული აქვს შესაბამისი დროის გამოყოფის და გაფრთხილების მექანიზმი, რომელიც სტუდენტს საშუალებას აძლევს იყოს ინფორმირებული საკუთარი სტატუსისა და მდგომარეობის შესახებ. უნივერსიტეტი მრავალჯერ უგზავნის გამაფრთხილებელ შეტყობინებებს სტუდენტს, რისთვისაც შექმნილია სპეციალური ელექტრონული სისტემა. ასევე, უნივერსიტეტში მოქმედებს სოციალურ საკითხთა კომისია, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში განიხილავს თითოეული სტუდენტის განცხადებას. განცხადების საფუძველზე სტუდენტს საშუალება აქვს მისთვის მოსახერხებელი ინდივიდუალური გრაფიკით შეძლოს სწავლის საფასურის დაფარვა. ეს გაწერილია წესდებაში, რომელიც განთავსებულია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომია, როგორც სტუდენტისთვის ისე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

აღვნიშნავთ, რომ არც ერთ სტუდენტს არ შეჩერებია სტატუსი იმის გამო, რომ ვერ შეძლო საფასურის გადახდა. არამედ იმიტომ, რომ არ შეატყობინეს უნივერსიტეტს აპირებდნენ თუ არა სწავლის გაგრძელებას”,-აცხადებენ უნივერსიტეტში.

გარდა ამისა, მათივე თქმით, საქართველოს უნივერსიტეტს გააჩნია ვალდებულებები სტუდენტის წინაშე, რომლის განსახორციელებლად აუცილებელია, რომ სტუდენტებმა ელემენტარული წესები დაიცვან.

“საქართველოს უნივერსიტეტი მზადყოფნას გამოხატავს, რომ სტუდენტის წინაშე არსებული ვალდებულებები პირნათლად შეასრულოს. იმედი გვაქვს, ჩვენი სტუდენტების პასუხისმგებლობის გრძნობის. ვწუხვართ, რომ დაახლოებით 170 ადამიანს, ამ კუთხით გარკვეული დისკომფორტი შეექმნა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არსებული სტუდენტები არ გარიცხულან და სწავლას სურვილისამებრ მომავალი სემესტრიდან განაგრძობენ”,- განუმარტეს Aris.ge-განათლებას “საქართველოს უნივერსიტეტში”.

კიდევ ერთი საკითხი, რომლითად Aris.ge – განათლება დაინტერესდა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს ეხება. სტუდენტების ინფორმაციაზე დაყრდნობით, “სტუდენტური უფლებების ლიგა” აცხადებდა, რომ უნივერსიტეტში პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა.

აღნიშნულის თაობაზე “საქართველოს უნივერსიტეტი” განმარტავს, რომ სასწავლებელში სალექციო კურსს პროფესიონალი კადრები კითხულობენ.

“საქართველოს უნივერსიტეტში თითოეულ კურს უძღვებიან ისეთი ლექტორები, რომელთაც განათლება მიღებული აქვთ, როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში, ჩატარებული აქვთ მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევები, არიან სასწავლო ციკლების, სახელმძღვანელოებისა და მონოგრაფიების ავტორები. გარდა ამისა, უნივერსიტეტში პერიოდულად ლექციებს კითხულობენ სხვადასხვა უცხოური ინივერსიტეტიდან მოწვეული პროფესორები (სკრენტონის უნივერსიტეტი(აშშ ), ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტი, (აშშ) ტრომსოს უნივერსიტეტი (ნორვეგია) და ა.შ საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორები სტუდენტებს ეხმარებიან, როგორც თეორიული მასალის შესწავლასა და გაღრმავებაში, ასევე მათი მიერ მიღებული ცოდნის სწორად გამოყენებაში, რათა საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყოს წარმატებული, კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი შრომის ბაზარზე,”-განუცხადეს aris.ge- განათლებას “საქართველოს უნივერსიტეტში”.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური