GE

წელს მეორადი ჩარიცხვები აღარ იქნება, რას ურჩევს მაია მიმინოშვილი 600-მდე აბიტურიენტს

პრაქტიკულად გადაწყვეტილება მიღებულია, წელს მეორადი ჩარიცხვები არ იქნება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მაია მიმინოშვილის თქმით, დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო, რექტორებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა პროცედურებთან არის დაკავშირებული მეორადი ჩარიცხვები და თეორიულად რამდენად შეუძლებელია ეს პროცესი.

მაია მიმინოშვილმა Aris.ge-განათლების კითხვის საპასუხოდ იმის თაობაზეც ისაუბრა, თუ რატომ განხორციელდა გასულ წელს და 2013 წელს მეორადი ჩარიცხვები, თუ აღნიშნული პროცესი პრობლემურია?

„თუ გახსოვთ, არც შარშან და არც შარშანწინ არ იყო ჩვენი ორგანიზაცია ამის მომხრე, პირიქით, ჩვენ წინააღმდეგებიც ვიყავით. თუმცა მინისტრმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რასაც ჰქონდა ლოგიკური საფუძველი. როგორც მაშინ თამარ სანიკიძემ ახსნა, ეს იყო პირველი წელი, როდესაც არჩევითი სისტემა შევთავაზეთ აბიტურიენტებს და გამონაკლისის დაშვება შეიძლებოდა. ვთვლი, რომ შარშან და 2013 წელსაც მეორადი ჩარიცხვების გადაწყვეტილება უსამართლოდ იყო მიღებული. იმდენად, რომ მხოლოდ ერთი კატეგორიის აბიტურიენტების ინტერესები იყო გათვალისწინებული“,- განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, წინა წლებში არ იყო გათვალისწინებული იმ აბიტურიენტების ინტერესები, რომლებიც ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებელში, თუმცა სარეიტინგო სია და უნივერსიტეტი არასწორად ჰქონდათ შედგენილი და სწავლის გადასახადის გადაუხდელობის გამო აპრიორი ვერ გააგრძელეს სწავლა. მიმინოშვილის ინფორმაციითვე, გასულ წლებში ასეთი აბიტურიენტების რაოდენობა 500-ს აჭარბებდა, თუმცა მათ მეორადი ჩარიცხვებით ვერ ისარგებლს.

მაია მიმინოშვილმა მოშიმშილე აბიტურიენტებსაც მიმართა: „მინდა მივმართო აბიტურიენტებს, ჯანმრთელობის დაზიანების ხარჯზე ნუ გააკეთებენ ნურაფერს, რადგან მათ მთელი მომავალი წინ აქვთ. ბუნებრივია, თუ პროტესტის განცდა აქვთ, შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ“,- განმარტა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

უმაღლესი სასწავლებლების რექტორები მეორადი ჩარიცხვების მომხრე არ არიან

მაია მიმინოშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს

რატომ დარჩნენ უმაღლესების გარეთ ის აბიტურიენტები, ვინც ზღვარი ყველა საგანში გადალახა, თუმცა სტუდენტის სტატუსი ვერ მოიპოვა

ეკა წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური