GE

წერილი მოსწავლეს – „რაც აქ მიწერია ეს ყველაფერი მე შენგან გავიგე“

ვენენო მენაბდე

“მე შენი მასწავლებელი ვარ.
მე უნდა გასწავლო ოცდაცამეტივე ასო.
მე უნდა გასწავლო, რომ ხომვნების გარეშე ვერ ვიმღერებთ.
მე უნდა გასწავლო, რომ მზე ერთადერთია და არ იმარცვლება.
რომ დღეს მზის შუქი გვინათებს და არც დღე იმარცვლება.
მე უნდა გასწავლო, რომ არ არის აუცილებელი ყველა გიყვარდეს, მაგრამ აუცილებელია, პატივი სცე ნებისმერ აზრს.
407083_2160821920106_1404631701_nრომ შიში არ არსებობს და შეცდომების დაშვება არ არის ტრაგედია.
უნდა გასწავლო, ისეთი ზღაპრების წერა, რომლის ბოლოც ყოველთვის კეთილი არ არის.
ლექსის ისე წაკითხვა უნდა გასწავლო, რომ თვალები დახუჭო და ცხადად დაინახო წაკითხული.

უნდა გასწავლო, რომ თუ გეტირება უნდა იტირო და ცრემლი სირცხვილი არაა.
არც ისაა სირცხვილი, როცა თამაშისას მარცხდები და შენ ღრიალი გინდა, ხმამაღლა, გულამოსკვნით გეტირება… იტირე, იღრიალე, გამოუშვი ეს ემოცია და მერე დმშვიდდები, მერე გაიღიმებ.
მე გულში ჩაგიკრავ და გეტყვი, რომ შენ მეტის გაკეთება შეგიძლია და როცა ბოლომდე დაიხარჯები, ნაკლები ანგარიშით ან საერთოდ არ დამარცხდები.

რომ დამარცხება სირცხვილი არ არის და როდესაც გაიმარჯვებ მე ისევ გულში ჩაგიხუტებ, გაგახედებ დამარცხებულისკენ და გაგახსენებ ამ ცრემლებს.
მე უნდა გასწავლო დაკვირვება, რათა ისეთი რაღაცები აღმოაჩინო, რასაც სხვები ვერ ხედავენ და ვინც ვერ ხედავს, ეს დაუწერო ან დაუხატო, ან ფოტოგამოფენა მოუწყო, ან კომპიუტერულ გრაფიკაში გამოსახო, ან გამოძერწო, ან ფილმი გადაუღო, ან სპექტაკლი დაუდგა, ან, უბრალოდ, უამბო, ან როგორც გინდა…

სანამ გაიზრდები და ქვეყანას ნახავ, უნდა გასწავლო, როგორ დახუჭო თვალები და გაფრინდე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, გაიცნო შენხელა გოგონები და ბიჭები.
ნახო, როგორ ცხოვრობენ, როგორ სწავლობენ, როგორ თამაშობენ, როგორ იძინებენ, უფროსებს როგორ ეკონტაქტებიან…

უნდა დაგარწმუნო, რომ თუკი სამართლიანი იქნები, შენს ნებისმიერ საქციელს გავამართლებ, მხარს დაგიჭერ, გვერდში ამოგიდგები.
მე იმედიც უნდა გასწავლო, იმედის გულით ტარება, იმედის არდაკარგვა.
ერთგულება მინდა გასწავლო. ადამიანის, საქმის ერთგულება.
მინდა გასწავლო, როგორ უნდა გამონახო ამ უუუცოტავეს 24 საათში რამდენიმე წუთი ადამიანებთან საურთიერთოდ, მოსაკითხად, მოსაფერებლად.
ადამიანების რწმენა მინდა გასწავლო, მაგრამ არც იმის თქმა უნდა დამავიწყდეს, რომ ყველა ადამანი კეთილი არ არის და დაგაფიქრო ამაზე.

აუცილებლად უნდა გასწავლო, რომ სხვისი ცხოვრება, სხვისი შეცდომები შენი გასარჩევი არ არის და მისი ნებართვის გარეშე ნუ ჩაერევი, ნუ განსჯი, ნუ განიკითხავ.
უნდა გასწავლო, რომ არც შენ ხარ დაზღვეული რამენაირი შეცდომისგან.
სიმამაცე უნდა გასწავლო – სიმართლის თქმის სიმამაცე.
თუკი სიმამაცეს გასწავლი, მგონია, რომ სხვისი დადანაშაულება არასდროს მოგინდება. მგონია, რომ ადამიანების დაცვა გეყვარება.
მოთმინებაც მინდა გასწავლო.

და მიმტევებლობა, რადგან ყველაზე დიდ ბედნიერებას მაშინ იგრძნობ, როდესაც შენ მოგიტევებენ…

და ღიმილი მინდა გასწავლო, ჩემო პატარა, ღიმილი. გაღიმების უნარი, ნამდვილი გაღიმების. მხოლოდ ტუჩებით კი არა, თვალებით, გულით გაღიმება მინდა გასწავლო.
მე შენი მასწავლებელი ვარ.

და რაც აქ მიწერია ეს ყველაფერი მე შენგან გავიგე, მაშინ, როდესაც 6 წლის იყავი, გაფართოებული თვალებით მოხვედი ჩემთან, მივიხურეთ საკლასო ოთახის კარები და მხოლოდ ჩვენ დავრჩით – მე და შენ.
დედა და მამა კი იქ აღარ იყვნენ.
შენ გმირი ხარ.
ახლა მე მომეცი საშუალება, გმირად ვიქცე.”

“არ დაგიქუცმაცებიათ შეშა კლასის გასათბობად? ე.ი. არ ყოფილხართ სოფლის სკოლის მასწი”

თავისუფალი ტრიბუნა

ავტორი ვენენო მენაბდე

დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნიუტონის თავისუფალ სკოლაში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური