GE

ზღვარგადალახულთა განათლება..

მანამ, სანამ სრულწლოვნობის ზღვარს გადავლახავდი, მესმოდა განათლების ფასი არაფერიაო.. განათლებისო, ცოდნისო და არა დიპლომისო. ცოდნის ძირი მწარეა, მერეა ტკბილიო, უცოდინარი კაცი ცოდოაო, მაგრამ ეს ყველაფერი ზოგისთვის ბელეტრისტიკაა, რეალობა კი სხვაა!..

ახლა სასწავლო წლის ბოლოა, გამოცდების ციებ-ცხელება, ზოგი კურსიდან კურსზე გადადის, ზოგი უნივერსიტეტს ამთავრებს, ზოგს ეროვნული გამოცდების ჩაბარების ან ზღვარის გადალახვის სურვილი კლავს და ზოგმაც უბრალოდ ზღვარი, რომელზეც სწორება ჰქონდა, ვერ გადალახა, ჩაიჭრა.

ერთი გოგოა ჩემთან ახლოს ცხოვრობს, კარგი გოგოა, სწავლა არ უნდა, მუშაობს, სწავლის ან გნებავთ დიპლომის “საყიდელი”ფული რომ გადაიხადოს. უკვე წლებია უნივერსიტეტში ამ სამსახურის გამო ვერ დადის, რომელიც სწორედ ამ უნივერსიტეტში “სასწავლად” ანუ სწავლის ფულის გადასახდელად იშოვა. ყველა საგანში ვერ ახერხებს “ლამაზი თვალების” იმედად იყოს და 51 ქულიანი ზღვარი გადალახოს, შესაბამისად ბაკალავრიატის კურსი, რომელიც 3 წლის წინ უნდა დაესრულებინა, ზღვარგადაულახავი საგნების გამო დღემდე არ დაუმთავრებია. მოჯადოებულ წრეზე დადის, იღებს ფულს, იხდის, ვერ სწავლობს, ზღვარს ვერ ლახავს, ისევ მუშაობს იხდის და ასეა ბოლო 3 წელია, ალბათ ოდესმე აიღებს საოცნებო დიპლომს და იტყვის, შვილებს, შვილიშვილებს მოუყვება, ჩემივე სწავლის ფულს თავად ვიხდიდი, თან ვსწავლობდი და თან ვმუშაობდიო. ალბათ იმის თქმა დაავიწყდება, რამდენი წელი სწავლობდა და დეტალებსაც არ გაიხსენებს. ისინი კი ამაყები იქნებიან ასეთი მშრომელი და დაუზარელი დედა და ბებია რომ ჰყავთ.

ზღვარგადალახული “განათლება” შემოვიდა მოდაში, ახლა სწორება ყველას ამაზე აქვს.

ახლა ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს, მაია მიმინოშვილმა თქვა,  45 ათასზე მეტი ვაკანტური ადგილია 38 ათასზე მეტი კი მსურველიო, ზღვარს თუ გადალახავენ და ფაკულტეტიც სწორად ექნებათ არჩეული, ყველა მათგანი სტუდენტი გახდებაო. ანუ სწორება აქაც კვლავ ზღვარის გადალახვაზე გვაქვს, ზღვარის გადალახვაზე “ვჩალიჩობთ” უნივერსიტეტშიც და როცა ამ ზღვარგადალახული ცოდნით სამსახურის მოსაძებნად გავდივართ, იქ უკვე საარსებო მინიმუმს ზღვარგადალახული ხელფასი აღარ მოგვწონს…

მოკლედ ასეა… ზღვარის გადალახვა საქმეში, სწავლასა და ცხოვრებაში ისეა მოდაში შემოსული, სანამ რაღაცის მაქსიმალური შედეგისკენ ორიენტირებულობას ვისწავლიდეთ, იქამდე ყველა მიმართულებით, ჩვენივე დაწესებული ზღვარი ხომ არ აგვეწია?!

ბარიერი 5.5 ანუ ჩაჭრილი მოსწავლეების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური