GE

ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს საპარლამენტო კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა დღეს “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

როგორც სხდომაზე ითქვა, კანონპროექტს გარდამავალი დებულების სახით ემატება მუხლი, რომლითაც დარეგულირდება მასწავლებელთა სერტიფიცირებიდან მასწავლებლობის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალ სქემაზე გადასვლასთან დაკავშირებული რიგი საკითხები. კერძოდ, განისაზღვრება 2014 წლის ბოლომდე ჩატარებული მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგების გათვალისწინების შესაძლებლობა ახალ სქემაში მასწავლებლების გადანაწილებისას.

ARIS.GE- განათლება აღნიშნულ საკითხზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილს და საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძეს ესაუბრა.

“კომიტეტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი. გეგმის მიხედვით, მომავალ კვირას უკვე პლენარულ სხდომაზე გავა პირველი მოსმენით. მესამე მოსმენის შემდეგ “ზოგადი განათლების შესახებ კანონში” შევა შესაბამისი ცვლილება და შემდეგ უკვე დავიწყებთ მუშაობას ცვლილების განხოციელებაზე,”– განაცხადა ქეთევან ნატრიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კანონპროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილებების დეცენტრალიზაციას შეუწყობს ხელს. კერძოდ, სამინისტროს უფლებამოსილება, შეითანხმოს საჯარო სკოლის დირექტორის შვებულებაში გასვლის საკითხი, ასევე, საჭიროებიდან გამომდინარე, გამოიძახოს დირექტორი შვებულებიდან, გადაეცემა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებს – საგანმანათლებლო რესურსცენტრებს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ენიჭება საჯარო სამართლის იურიდიული პირის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრების შექმნის უფლებამოსილება. რამდენადაც საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციას აღარ განეკუთვნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნა, ქეთევან ნატრიაშვილს მიზანშეწონილად მიაჩნია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნაზე უფლებამოსილ ორგანოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განისაზღვროს.

საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ივანე კიღურაძის ინფორმაციით, პლენარული სხდომა მომავალი კვირას 26 ნოემბერს გაიმართება.

“დღეს შენიშვნები აღარ გვქონია, რადგან მესამე მოსმენაზე შენიშვნები არ კეთდება. რა მითითებებიც გვქოდა წინა მოსმენაზე ის გათვალისწინებული იყო. ველოდებით პლენარულ მოსმენებს,”– განუცხადა ARIS.GE-განათლებას ივანე კიღურაძემ.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური