GE

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორის ქართველი მასწავლებელიც არის

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს GlobalTeacherPrize 50 ფინალისტის ვინაობა ცნობილია. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ინფორმაციით, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორისაა, ლადო აფხაზავა-2017 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული.

ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებელია. 2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს.

„შევავსე აპლიკაცია და წარვადგინე საკუთარი თავი, გლობალურ ჯილდოზეც ანალოგიური აპლიკაციის ფორმაა შესავსები, რაც საქართველოს ეროვნულ ჯილდოზე გვქონდა. არ ველოდი გამარჯვებას, მაგრამ რამდენიმე ათასი აპლიკანტიდან, მსოფლიოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოვხვდი. ათეული, სავარაუდოდ ერთ თვეში შეირჩევა, საბოლოოდ გამარჯვებულს კი, მსოფლიოს წლის საუკეთესო მასწავლებელს „გლობალი“ 1 მლნ დოლარით დააჯილდოვებს“- ამბობს ლადო აფხაზავა EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას.

საქართველოში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ დაარსების იდეის ავტორი, კოალიციის “განათლება ყველასათვის” გამგეობის თავმჯდომარე და ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ირინა ხანთაძე, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საორგანიზაციო გუნდის სახელით, ლადო აფხაზავას წარმატებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ ლადოს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოქმედი მასწავლებლების მოტივაციის ასამაღლებლად, ასევე ჩვენი ქვეყნის პედაგოგთა სახელის წარმოსაჩენად მსოფლიოში:

„საოცრად გახარებულები ვართ, და ვულოცავთ გულითადად ლადოს ამ დიდ წარმატებას! ვფქირობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია არამხოლოდ ლადოსთვის, მისი წარმოჩენისა და საქმიანობისთვის, არამედ, – მთლიანად საქართველოში მოქმედი მასწავლებლების კოჰორტისთვის, მათი მოტივაციისთვის. ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან როგორც ვიცი, საუკეთესოთა შორის მსოფლიოს მხოლოდ 40 ქვეყნის წარმომადგენელი მასწავლებლები აღმოჩნდნენ. კონკურსი უკვე მეხუთე წელია, ტარდება და წელს პირველად, მსოფლიოს საუკეთესო 50 მასწავლებელთა შორის, საქართველოს წარმომადგენელი მოხვდა. ამიტომაც, ვთვლი, რომ ძალიან სწორ გზაზე ვდგავართ, როდესაც „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს“ ვაკეთებთ, როგორც საშუალებას,  პოპულარიზაცია გაუწიოს ჩვენს პედაგოგებს არამხოლოდ საქართველოში, არამედ, მსოფლიოში,“- აცხადებს ირინა ხანთაძე  EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას.

„ლადოს მიზანია მოსწავლეები აქტიურ მოქალაქეებად და თანამედროვე საზოგადოების ლიდერებად აღზარდოს, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებებად, შეძლონ საკუთარი აზრის გამოხატვა, იდეების გენერირება და საკუთარი ინიციატივების განხორციელება. სწავლების პროცესში გამორჩეულად იყენებს პროექტული სწავლების მეთოდოლოგიას.

აღსანიშნავია, რომ ლადო აქტიურად თანამშრომლობს კოლეგებთან არამხოლოდ საკუთარ სკოლაში, არამედ მთლიანად რეგიონის და ქვეყნის მასშტაბითაც“, – ნათქვამია „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნონა ქარქაშაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური