GE

1000 ლარიანი ჯილდო ყველა ბორჯომელ წარმატებულ სტუდენტს წელიწადში ორჯერ გადაეცემა

ბორჯომში რეგისტრირებული ყველა სტუდენტი, რომელსაც სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91 ქულისა, 2022 წლის ორივე სემესტრში, ქალაქის ბიუჯეტიდან 1000 ლარიან ჯილდოს მიიღებს – ამის შესახებ გადაწყვეტილება 24 დეკემბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო. აღნიშნული ქვეპროგრამა „ახალგაზრდობის ხელშეწყობის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი ჯილდოს გაცემის წესის ფარგლებში ხორციელდება.

როგორც საკრებულოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, წესის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების (ბაკალავრი) წახალისება ფულადი ჯილდოს გაცემის გზით.

ფულადი ჯილდო შეიძლება გაიცემა სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს ყველა შემდეგ კრიტერიუმს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;
ბ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში უფიქსირდება არანაკლები 9 წელი სწავლება და განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
გ) არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;
დ) სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91 ქულა;
ე) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.

პროგრამის დაფინანსება განხორციელდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრება 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
რომელი უნივერსიტეტების სტუდენტები მიიღებენ 1000 ლარიან ჯილდოს და რა დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ ბორჯომის მერიაში, ამის შესახებ ჩამონათვალი ამოიკითხეთ ბმულზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური