GE

106 სკოლა და 180 ცალკეული კლასი დისტანციურ სწავლებაზე – კოვიდსტატისტიკა უქმეების წინ

ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი მზარდია, თუმცა, განათლების სამინისტროს შეფასებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი უქმე დღეების წინ უსაფრთხოდ წარიმართა. შეზღუდვებში სკოლებში, ძირითადად, წერტილოვან ხასიათს ატარებდა.

“26-29 აპრილის მონაცემებით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,1%-ს დაუდასტურდა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი იდენტურია წინა კვირისა, რაც საგანმანათლებლო სისტემისთვის მეტად მნიშვნელოვანია”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 106 სკოლა და 180 ცალკეული კლასი, რაც წინა კვირასთან შედარებით გაზრდილი რაოდენობაა.

მცირედ დაკლებულია რისკის ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნაზე შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 115 მასწავლებელი იმყოფება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში სიფრთხილის დაცვისკენ მოუწოდებს საზოგადოებას, განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებსა და დაწესებულ უქმეებზე, რომ სასწავლო პროცესი 13 მაისიდან კვლავ საკლასო ოთახებში გაგრძელდეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური