GE

„112“-ის ოპერატორი შეძლებს მოსწავლის გვარ-სახელითა და სკოლის მონაცემებით მისი საცხოვრებლისა და მშობლების საკონტაქტო ინფორმაციის დადგენას

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-სა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას“ (EMIS) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შსს-ს ინფორმაციით, დოკუმენტის თანახმად, „112“-ის ოპერატორს შესაძლებლობა ექნება, გადაუდებელი შემთხვევის დროს, სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემა – eSchool-ის საშუალებით, ოპერატიულად დაადგინოს დაზარალებული ბავშვის სახელით, გვარითა და სკოლის მონაცემით მისი საცხოვრებელი მისამართი და მშობლების საკონტაქტო ინფორმაცია.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი შემთხვევების დროს, როდესაც მოსწავლემ ზუსტად არ იცის საკუთარი მისამართი, მაგრამ იცის თავისი სკოლის სახელწოდება და ნომერი.

ინფორმაციის გაცვლა დახურული ქსელის საშუალებით განხორციელდება, შესაბამისად, მონაცემები გარეშე პირებისგან დაცული იქნება და მათზე წვდომა მხოლოდ „112“-ის ოპერატორებს ექნებათ, მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლე თავის ადგილსამყოფელს ვერ დაასახელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრსა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას შორის მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს, რომ გადაუდებელი შემთხვევის დროს კიდევ უფრო ოპერატიულად მოხდეს რეაგირება, როცა დაზარალებული ბავშვია და წამები გადამწყვეტია“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: 1tv

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური