GE

116-ე სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთი მოსწავლე დაშავდა

თბილისის 116-ე სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა. შესვენებაზე მომხდარი შელაპარაკების შედეგად, მეცხრე კლასელმა მერვე კლასის მოსწავლეს საწერი კალმით ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, დანის გამოყენების შესახებაც, თუმცა ამ ფაქტს სკოლის დირექტორი კატეგორიულად უარყოფს.

მომხდარის გამო სასწავლო დაწესებულებაში საპატრულო პოლიცია იყო გამოძახებული. საჭირო გახდა ბავშვის კლინიკაში გადაყვანაც. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენებას გულისხმობს.

„ბევრი ვერსია იყო ჯერ ასე თქვეს, მერე ისე, მერე სულ უარყვეს ყველაფერი, პირველი იყო დანა, მერე პასტა, მერე გაირკვა რომ არაფერი ისეთი არ ჭირს ბავშვს, უბრალოდ ნაჩხაპნი აქვსო“, – ამბობს სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი.

“კამათი ჰქონდათ მეცხრე კლასელს და მერვე კლასელს. კალმით იყო დაჭრა. ზოგი ამბობს დანით იყოო, მაგრამ კალმით იყო. მარცხენა მხარეს ფილტვის არეში აქვს ჭრილობა. მეგობრები იყვნენ და თამაში უნდოდათ და შემთხვევით მოუვიდათ,” – აცხადებს  116-ე სკოლის მოსწავლე.

სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მანდატურის სამსახური:

„მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, მანდატური ახორციელებდა სკოლის ტერიტორიის დისტანციურ მეთვალყურეობას, რა დროსაც მან ვიდეოკამერიდან შენიშნა, რომ შესვენების დროს, დერეფანში, უფროსკლასელი ბიჭების ხუმრობამ და თამაშმა უხეში ფორმა მიიღო. მანდატურმა ინფორმაცია მყისიერად გადასცა კოლეგას, რომელიც დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე. სიტუაციის განმუხტვის და ვითარებაში გარკვევისთანავე, მანდატურმა აღმოაჩინა, რომ მე-8 კლასის მოსწავლე ბიჭს მიყენებული ჰქონდა მცირე ფიზიკური დაზიანება. მას ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება, თუმცა, მანდატურის მითითებით, სკოლის ექიმმა მაინც გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. თავად მანდატურმა კი ფაქტი აცნობა პოლიციას. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, მანდატურის სამსახურისა და სკოლის ადმინისტრაციის მიერ გატარდა უსაფრთხოების წესით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება. ამჟამად, ფაქტს პოლიცია სწავლობს. მე-8 კლასელი მოსწავლე ბიჭის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება“- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური