GE

12 მახასიათებელი – რატომ არის ჰონგ-კონგის სკოლები საოცნებო ადგილი

განათლება ჰონგ-კონგში ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ჩვეულებრივ, ბავშვებს სკოლაში სიარული არ უყვართ, თუმცა აქ ისინი ყოველ დილით სასწავლებელში, როგორც დღესასწაულზე მიიჩქარიან. გთავაზობთ მახასიათებლების ჩამონათვალს, რომლებიც ამ სკოლებს ასეთ უნიკალურებად აქცევს.

მოსწავლეების მიღწევების წახალისება – ყველა ჯილდო და დიპლომი სკოლის გარე ფასადზე თავსდება. ყველა, ვინც მას ჩაუვლის მოსწავლეების მიღწევების ნახვას შეძლებს. თასები და მედლებიც ყველას დასანახად არის განლაგებული და მთელი სკოლის სიამაყის საგანს წარმოადგენს.

ჭრელი ფასადები – არანაირი ნეიტრალური ფერები. სკოლის ფასადები მხიარული ნახატებით არის მოხატული, რაც მას უნიკალურს ხდის. ასეთი შენობები სხვებისგან მომგებიანად განსხვავდება და მოსწავლეებიც ყოველ დღე მისკენ სიხარულით მიემართებიან.  ნახატების უმრავლესობა არა მხოლოდ ამშვენებს სკოლის კედლებს, არამედ სასკოლო პროგრამის დანამატსაც წარმოადგენს.

არასტანდარტული საგანმანათლებლო გარემო – კლასები, ბიბლიოთეკები, ბუფეტები და დასასვენებელი ზონები Google-ს დიდ ოფისს ჰგავს, ვიდრე სკოლას, რომელსაც ჩვენ ვართ მიჩვეულები. მაგალითად სკოლის სახურავზე შეიძლება პატარა ბაღი იყოს მოწყობილი. საკლასო ოთახში კი საქანელა ან სარბენი ბილიკი იყოს დამონტაჟებული. ყველაფერ ამას ოთახების მოდური და ჭრელი დიზაინი ემატება.

ურთიერთობა ოჯახთან – ჰონგ-კონგში ბავშვის სწავლის პროცესში მშობლის ჩართულობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. სკოლებში არა მხოლოდ მშობელთა კრებები, არამედ სემინარები და ლექციებიც ტარდება, რომელთა მთავარი მიზანი მშობლებსა და მოსწავლეებს შორის საერთო ენის გამონახვაში დახმარებაა. მასტერკლასებზე მშობლები არა მხოლოდ უსმენენ მასწავლებელს, არამედ ინდივიდუალურ და ჯგუფურ დავალებებსაც ასრულებენ. გარდა ამისა, სკოლა მოსწავლეების უმცროსი და-ძმებისთის ყოველთვის ინახავს ადგილებს, იმისათვის, რომ ნათესავებმა ერთად შეძლონ სწავლა.

ბრიტანული მახასითებელი – ჰონგ-კონგი ბრიტანეთის ყოფილი კოლონიაა, რომელმაც ბევრი ინგლისური ტრადიცია შეინარჩუნა. სწავლება ერთდროულად ინგლისურ და ჩინურ ენაზე მიმდინარეობს, ამიტომ ყველა მოსწავლე ინგლისურს თავისუფლად ფლობს. განათლების სისტემა უმაღლეს ბრიტანულ სტანდარტებს შეესაბამება და კვალიფიციურ, მთელ მსოფლიოში მოთხოვნად სპეციალისტებს უშვებს.

პროცესის მოდერნიზაცია – მეტი თანამედროვე ტექნოლოგია-ნაკლები ზარალი ბუნებას. თანამედროვე განათლება ქაღალდის წიგნების, რვეულების, ჟურნალებისა და დღიურების რაოდენობის შემცირებაზეა ორიენტირებული. ინფორმაციის ელექტრონული მატარებლები მეტხანს ძლებენ, ვიდრე ქაღალდის წიგნები, მათზე ნაკლებს იწონიან და წარმოებაც ბუნებას არ ვნებს.

არანაირი გამოცდები პირველი 6 წელი – ბავშვები სწავლას საკმაოდ ადრე იწყებენ. საბავშვო ბაღებში 3 წლის ასაკიდან უკვე მიმდინარეობს ბავშვის სკოლისთვის მზადება. თუმცა აღსანიშნავია, რომ სწავლების პირველ საფეხურზე არანაირი გამოცდების ჩაბარება არაა საჭირო, ბავშვები მხოლოდ იძენენ ცოდნას და მის ცხოვრებაში და არა საკონტროლო წერებზე გამოყენებას სწავლობენ.

კონკურენციის უნარი – ბავშვებს დასაწყისიდანვე ასწავლიან, რომ საუკეთესოები იყვნენ. ყველაზე პერსპექტიული მოსწავლეების სიები ყველასთვის ხელმისაწვდომია, იმისათვის, რომ დიდმა კორპორაციებმა შეძლონ თავიანთი მომავალი ნიჭიერი სპეციალისტების სწავლის ხარჯების დაფინანსება. ამ შემთხვევაში ბრძოლა პირველი ადგილისთვის, მომავლისთვის ბრძოლას ნიშნავს.

მკაცრი დისციპლინა – ჰონგ-კონგის მოსახლეობის ძირითადი მახასითებელი წესების ზედმიწევნით დაცვაა. ყველა სკოლაში ქცევის კოდექსებია დადგენილი, ასევე აუცილებელია ფორმის ტარება. მკაცრი დისციპლინა ხელს უწყობს ნიშნების ამაღლებას და ბავშვობიდან ასწავლის მოსწავლეებს, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან საკუთარ თავსა და თავიანთ მომავალზე.

აუცილებელია სპორტული აღზრდა – ჰონგ-კონგში სპორტი სწავლის განუყოფელი ნაწილია. ბავშვებს საკუთარი თავის ფორმაში შენარჩუნებას ასწავლიან. ასევე გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას, ჯგუფში მუშაობასა და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ყოველივე ამაში მათ თამაში, სპორტული ტანვარჯიში, ცურვა, ჩინური საბრძოლო ხელოვნება და სპორტის სხვა სახეობები ეხმარებათ.

სწავლა არ არის მხოლოდ მერხთან ჯდომა – დროის დიდი ნაწილი ბავშვის ზრდასრული ცხოვრებისთვის მომზადებას ეთმობა. ბავშვებს ყველამხრივ ავითარებენ. მათთან მეცადინეობენ ხელოვნებაში, აწყობენ ფესტივალებს, შეჯიბრებებს, დღესასწაულებს, ჩაის სმის ცერემონიებს, რომლებისთვისაც მოსწავლეებმა რამე უნდა გამოაცხონ. ბავშვები სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს თამაშობენ იმისთვის, რომ მიხვდნენ ვინ სურთ გახდნენ მომავალში. უფრო დიდი ბავშვები კი უკვე არჩეული მიმართულებით ვითარდებიან.

თითოეული მოსწავლის სიყვარული – მკაცრი დისციპლინისა და ერთნაირი ფორმის მიუხედავად, ყველა მოსწავლე ყურადღების საჭირო რაოდენობასა და მზრუნველობას იღებს. ჰონგ-კონგში სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია თითოეული მოსწავლის პიროვნული თვისებებისა და ნიჭის განვითარება. ყოველივე ეს არა მხოლოდ მაღალი კლასის სპეციალისტების აღზრდაში, არამედ ბედნიერი და სრულფასოვანი ადამიანის ჩამოყალიბების საწინდარია.

ამავე თემაზე:

ყველაზე ლამაზი სკოლები მსოფლიოში

მსოფლიოს საუკეთესო სკოლები, სად მდებარეობს და რა ღირს იქ სწავლა

მსოფლიოს ყველაზე უცნაური და უჩვეულო სასწავლო დაწესებულებები

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური