GE

12 წლის ბიჭი, რომელმაც სკოლაში სწავლა ვეღარ განაგრძო, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა რესტორატორი გახდა

ლონდონში მცხოვრები 12 წლის ომარი მაკქუინი (Omari McQueen) მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა რესტორატორი გახდა. ამ ასაკში მან კულინარიული წიგნის დაწერაც მოასწრო. მის ისტორიას გამომცემლობა The Mirror ჰყვება.

დისლექსიის (კითხვის შეზღუდული შესაძლებლობა, რაც ზოგად ინტელექტთან დაკავშირებული არაა, მაგრამ აფერხებს დასწავლას) გამო, სკოლის მასწავლებლებმა ბავშვზე ჯერ კიდევ შვიდი წლის ასაკში ჩაიქნიეს ხელი. დროთა განმავლობაში სიტუაცია მხოლოდ გაუარესდა. პედაგოგების აზრით, ომარი შუალედური გამოცდების ჩაბარებას ვერ შეძლებდა, ამიტომ მამამ ბიჭი სახლის სწავლებაზე გადაიყვანა.

ომარის ოჯახი მის ამბავს დიდად არ განიცდიდა, მათ იცოდნენ, რომ ჰობი მას ფულის შოვნის საშუალებას მისცემდა. პატარა ომარის საკვების მომზადება განსაკუთრებულად სიამოვნებდა. ბიჭუნა გაზქურასთან ადრეული ასაკიდან იდგა: დედამისის ხშირი ავადობის გამო, მეუღლის სამკურნალო ფულის საშოვნელად, ბიჭის მამას ბევრი მუშაობა უწევდა. საკვების მომზადებისთვის საჭირო დროის დასაზოგად, მამამ ომარს კულინარიის საწყისები ასწავლა.

ბიჭუნას ეს საქმე ძალიან მოეწონა და მთელი ოჯახისთვის განკუთვნილ საკვებს დიდი სიამოვნებით ამზადებდა. მამა ბიჭისთვის რეცეპტებით სავსე წიგნებს ხშირად ყიდულობდა, ბოლოს კი, მან შვილის მომზადება კულინარიულ სასწავლებელში ჩაბარების მიზნით გადაწყვიტა.

ამბიციურმა მოზარდმა, რომელსაც მთელი ოჯახი გულშემატკივრობდა, YouTube არხი შექმნა და მალე ინტერნეტსივრცეში ცნობილიც გახდა. ომარის ორი კუმირი ჰყავს – შეფ მზარეული გორდონ რამზი და მსახიობი ჩედვიკ ბოუზმანი.

11 წლის ასაკში ბრიტანელმა ბიჭუნამ გამბედაობა მოიკრიბა და ,,ფუდმოლის“ დირექტორს მისი რესტორნის დაფინანსების თხოვნით მიმართა. მას მისცეს შესაძლებლობა თავისი რესტორანი გაეხსნა და ერთი კვირის მანძილზე ქირა არ გადაეხადა. ამგვარად, ის მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა რესტორატორი გახდა. ახალგაზრდა შეფ-მზარეულმა მომხმარებელს კარიბის სამზარეულოს ვეგეტარიანული კერძები შესთავაზა.

2021 წლის მარტში ომარიმ პირველი კულინარიული წიგნი გამოსცა, გარდა ამისა, მას ტელეარხ CBBC-ზე კულინარიული ტელეშოუ მიჰყავს. ომარი რაც შეიძლება მეტი ფულის გამომუშავებაზე ოცნებობს, რათა იმ ბავშვებს დაეხმაროს, რომლებიც ავადმყოფ მშობლებს უვლიან.

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური