GE

12 წლის გოგონა ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი გახდა

12 წლის გიტანჯალი რაომ წყალში ტყვიის არსებობის განსაზღვრის სწრაფი და იაფი ხერხი გამოიგონა. ამისთვის მან 2017 წლის ამერიკის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერის წოდება მიიღო.

თავისი გამოგონებით მას სურდა ქალაქ ფლინტს  (მიჩიგანი) დახმარებოდა, სადაც 2016 წელს მოსახლეობის დიდი ნაწილი წყლის დაბინძურების გამო დაზარალდა.

ხელსაწყოს შექმნის იდეა გიტანჯალის მაშინ მოუვიდა, როდესაც მან დაინახა, თუ როგორ ამოწმებდნენ მისი მშობლები წყალს ტესტ-ზოლის საშუალებით.  ,,ეს არ არის სანდო ხერხი. საჭირო ხდება რამდენიმე ცდის გამეორება იმის დასადგენად ნამდვილად უსაფრთხოა თუ არა წყალი“, – აცხადებს გოგონა.

მის ხელსაწყოს საფუძვლად ნახშირბადის ნანომილები უდევს, რომლებიც წყალში ტყვიის არსებობას განსაზღვრავს. მოწყობილობა ასევე Bluetooth გადამცემით არის აღჭურვილი, რომელიც ტესტის შედეგების სმარტფონის ეკრანზე ნახვის შესაძლებლობას იძლევა.

სხვა ბავშვებს გიტანჯალი ურჩევს არასოდეს დანებდნენ.

,,ექსპერიმენტების დასაწყისში მე არაერთი მარცხი განვიცადე. მაგრამ შემდეგ მე საკუთარ შეცდომებზე სწავლა დავიწყე და მივხვდი, რომ ყოველი წაგება წარმატებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“, – ამბობს გიტანჯალი.

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო: bbc.com

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური