GE

„1+4 პროგრამით“ მოსარგებლე პირებისათვის სტაჟირება გამოცხადდა

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო, „1+4 პროგრამით“ მოსარგებლე პირებისათვის სტაჟირება გამოცხადდა. 2018 წლის შემოდგომის მიღებისათვის 500 ვაკანტური  ადგილია.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის განკუთვნილ პროექტს    შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს გაეროს ასოციაციასთან და საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროსთან ერთად ახორციელებს. მისი მიზანია ახალგაზრდების დასაქმების წახალისება, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.

პროექტი, სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ინიციატივით, 2017 წლიდან ხორციელდება. „1+4 პროგრამით“ მოსარგებლე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ სახელმწიფო უწყებებში, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, 1-დან 6 თვემდე სტაჟირება გაიარონ მათთვის საინტერესო მიმართულებით.

„ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ წავახალისოთ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმება, ხელი შევუწყოთ სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესსა და ჩართულობას. პროექტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, წინა წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ წამოწყებამ გაამართლა. გვაქვს არაერთი წარმატებული მაგალითი ახალგაზრდების დასაქმებისა იმავე ადგილას, სადაც სტაჟირება გაიარეს. სწორედ ამიტომ, 2017 წლის ბოლოს, პოზიტიური შედეგების საფუძველზე, მისი ინსტიტუციონალიზაცია გადავწყვიტეთ“, – აცხადებენ სახელმწფო მინისტრის აპარატში.

განაცხადების მიღება 22 ოქტომბრამდე გასტანს. დაინტერესებულმა პირებმა დეტალური ინფორმაცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებგვერდზე უნდა იხილონ.

შეგახსენებთ, რომ „1+4 საგანმანათლებლო პროგრამა“ ითვალისწინებს აფხაზურ, ოსურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებასა და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. ახალგაზრდები ერთი წლის განმავლობაში გადიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო კურსს, რის  შემდგომაც სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე აგრძელებენ.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური