GE

15 საუკეთესო გზა მოსწავლეების მოტივაციის გასაზრდელად – ეს უფრო რთულია, ვიდრე უბრალოდ გაკვეთილის ახსნა

ცხოვრების ყველა საფეხურზე მოტივაცია წარმატების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია. ყველაფერი კი ადრეული ასაკიდან იწყება. თუ მოსწავლეს სწავლის მოტივაცია არ აქვს, მის ინტერესს ვერც მსოფლიოში საუკეთესო წიგნები და ვერც სხვა სხვა სასკოლო რესურსები ვერ გააღვიძებს. სამაგიეროდ, მოტივაციის შექმნა შეუძლია პედაგოგს. რა თქმა უნდა, ეს ბევრად უფრო რთულია, ვიდრე უბრალოდ გაკვეთილის ახსნა, მაგრამ ეს უკანასკნელიც ფუჭი შრომა იქნება, თუკი მოსწავლეს სწავლა არ უნდა. ამასთან, ყველა მოსწავლეს მათი სურვილების შესაბამისი მიდგომა და წახალისება სჭირდება. მოტივაციის გაღვიძება კლასის საუკეთესო მოსწავლეებსაც ხშირად სჭირდებათ, ამიტომ ხართ პედაგოგი, რათა წარმატებულ მოსწავლეებს არ მისცეთ მოდუნების უფლება და თითოეულ ბავშვს გაუღვიძოთ მოტივაცია. ამაში ქვემოთ მოყვანილი მეთოდების გამოყენება დაგეხმარებათ:

1.მიეცით სტუდენტებს სიტუაციის კონტროლის განცდა

პედაგოგის ხელმძღვანელობის პარალელურად მნიშვნელოვანია, მოსწავლეს გაუჩნდეს კლასში სიტუაციის მართვის განცდა და გრძნობდეს არჩევანის უფლებას. მაგალითად, მიეცით მოსწავლეს უფლება თავად აირჩიოს, რა ტიპის დავალებას შეასრულებს. ასე ის უფრო დიდი ენთუზიაზმით მოეკიდება საქმეს.

2. განსაზღვრეთ ამოცანები

მოსწავლეების დაინტერესებისთვის უკეთესია წინასწარვე იცოდნენ მკაფიო მიზნები, რომლებსაც გაკვეთილებზე უნდა მიაღწიონ.  უმჯობესია, წლის დასაწყისშივე (თუმცა მხოლოდ ერთხელ საკმარისი არაა) დაუსახოთ მათ ამოცანები, შეადგინოთ პირადი წესები და სთხოვოთ ბავშვებს გაგიზიარონ თავიანთი მოლოდინები ამ საგანთან დაკავშირებით. კარგი იქნება, თუ მათ მოლოდინებს კლასშიც გამოაკრავთ, რათა ხშირად გაახსენდეთ, თუ რამდენად მოტივირებულნი იყვნენ წლის დასაწყისში.

3. შექმენით საშიში და თავისუფალი გარემო

ცხადია, მოსწავლეს უნდა ჰქონდეს სურვილი ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში და არ უნდა ეშინოდეს არასწორი პასუხების,მაგრამ მან ისიც უნდა იცოდეს, რომ მისი ცუდი საქციელი უყურადღებოდ არ დარჩება. ის უფრო მობილიზებული იქნება, როცა ეცოდინება, რომ დღის ბოლოს მას შეაფასებენ.

4. შეცვალეთ სასწავლო გარემო

მთელი დღეების ერთფეროვან საკლასო ოთახში გატარება ყველასთვის მოსაწყენია. ეცადეთ, შეცვალეთ გარემო, გაიყვანოთ ეზოში, ჩაიყვანოთ სპორტ-დარბაზში, ბიბლიოთეკაში და იქ ჩაატაროთ არაორდინალური გაკვეთილი. არ დაგავიწყდეთ, რომ ტვინს უყვარს სიახლეები.

5. განიხილეთ სხვადასხვა საკითხები

ყველა მოსწავლეს განსხვავებული ინტერესები აქვს.ზოგს წიგნები უყვარს, ზოგსაც მუსიკა. გააკეთებინეთ ჯგუფური სამუშაოები, სადაც გათვალისწინებული იქნება ჯგუფის თითოეული წევრის ინტერესები.

6. მოაწყვეთ პოზიტიური შეჯიბრებები

საკუთარი ცოდნის წარმოჩენა ყველას უყვარს, მთავარია თქვენ მისცეთ ამის შესაძლებლობა. დაყავით კლასი ჯგუფებად და შეაჯიბრეთ ბავშვები სხვადასხვა საკითხების ცოდნაში.

7. შესთავაზეთ ჯილდოები

საჩუქრების ხათრით ენთუზიაზმის გაღვიძებაც შეიძლება და სწავლის ხალისის დაბრუნებაც. თუ გამარჯვებულ ჯგუფს კინოში ან პიცერიაში წაყვანას დაჰპირდებით, მერწმუნეთ,  ამ ტიტულისთვის არც ჯგუფურ მეცადინეობას დაზარდებიან და არც კლასში აქტიურობას.

8. დააკისრეთ პასუხისმგებლობები

ეს მათ თავს დიდად აგრძნობინებს და თავს გაკვეთილზე პრივილეგირებულად იგრძნობენ. მთავარია, საქმეები თანაბრად და მათი შესაძლებლობების შესაბამისად გაანაწილოთ.

9.საჯაროდ აღიარეთ მათი წარმატება

შექება ყველა ასაკის ადამიანს ახარებს და მოტივაციას უმაღლებს. მათი წახალისებისთვის არ გაუშვათ შანსი და იყავით ობიექტური.

10. იყავით მოტივირებული

არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ თქვენი მოსწავლეებისთვის მაგალითი ხართ. განეწყვეთ პოზიტიურად, არ დამალოთ აღფრთოვანება გაკვეთილის ახსნის ან ჩაბარების დროს. თქვენი ენთუზიაზმი ბავშვებზე დიდ გავლენას ახდენს.

11. გაიცანი საკუთარი მოსწავლეები

ეს იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ სახელების დამახსოვრება. მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ თქვენ გაკვეთილის ჩატარებით მხოლოდ ვალდებულებას არ ასრულებთ და ზრუნავთ მათზე. გაითვალისწინეთ მათი ინტერესები, დაინტერესდით მათი წარმატებით სხვა საგნებში, უყურადღებოდ არ დატოვოთ მათი პრობლემები.

12. მიეცით გამოსწორების შანსი

მოსწავლეები, რომლებიც საგაკვეთილო პროცესში არ ერთვებიან, შესაძლოა, იმედგაცრუებულნი იყვნენ. ასეთ დროს მათ პედაგოგის თანადგომა სჭირდებათ. ესაუბრეთ ცალკე, დაანახეთ შეცდომები და უთხარით, რომ გვიანი ჯერ კიდევ არაა და გამოსწორება შეუძლია.

13. დააწესეთ მაღალი, მაგრამ მიღწევადი მიზნები

თუ თქვენ არ უბიძგეთ მოსწავლეს მაქსიმუმისკენ, ამას თქვენ ნაცვლად სხვა არ გააკეთებს. მოსთხოვეთ მათ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი.

14. მოიგონეთ სახალისო დავალებები

შესაძლოა, სკოლა გართობის ადგილი არაა, მაგრამ როცა მოსწავლემ იცის, რომ კლასში ესეც ხდება ხოლმე, ის უფრო დიდი ენთუზიაზმითა და ინტერესით ეკიდება სწავლას.

15 იყავით ინდივიდუალური

თუ თქვენს მოსწავლეებს კარგად გაიცნობთ, დაინახავთ, რომ მათთან სხვადასხვაგვარი მიდგომაა საჭირო. ზოგთან ლოიალურობა, ზოგთან კი სიმკაცრე ამართლებს და მაინც მთავარია, იყოთ მიუკერძოებელი.

როგორ ავუმაღლოთ მოსწავლეს მოტივაცია – ფსიქოლოგის რჩევები

მოტივაცია ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

წყარო: teachthought.com

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური