GE

15 სახელმწიფო უნივერსიტეტი 3-მილიონამდე გადასახადისგან გათავისუფლდა

პარლამენტმა სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას მხარი დაუჭირა, შედეგად სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ 15  უმაღლეს სასწავლებელს ყველწლიურად 3 მილიონამდე თანხას აპატიებენ. გადაწყვეტილება 26 ივლისს გამოქვეყნდა.

„საგადასახადო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო უნივერსიტეტები საკუთრებაში და ასევე სარგებლობაში არსებული ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ. შეღავათი ასევე გავრცელდება პირის მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ფორმით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე, თუ ეს ქონება საგანმანათლებლო საქმიანობისთვის გამოიყენება.

კანონპროექტის ამოქმედების წელსა და შემდგომი სამი წლის განმავლობაში ჯამურად ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი დაახლოებით 11.9 მლნ ლარით შემცირდება, ხოლო წლიური გავლენა 2.97 მლნ ლარი იქნება.

კანონპროექტის ავტორების ინფორმაციით, დაშვება გაკეთებულია სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე სახელმწიფოს მიერ სარგებლობის უფლებით გადაცემულ უძრავი ქონებაზე 2020 წელს დარიცხული გადასახადის ოდენობის შესაბამისად.

2020 წელს დარიცხული გადასახადის ოდენობა ცალკეული უნივერსიტეტებისთვის ასეთი იყო:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 640 797 ლარი;  სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 655 365 ლარი; სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – 252 615 ლარი; სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 55 650 ლარი; სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 28 365 ლარი; სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 332 761 ლარი; სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 203 856 ლარი; სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 18 702 ლარი; სსიპ – სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 13 676 ლარი; სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 10 659 ლარი; სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 353 673 ლარი; სსიპ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი – 354 976 ლარი; სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია – 14 341 ლარი; ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია – 32 700 ლარი; სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 952 ლარი;

ამავე თემაზე:

საქართველოში არსებულმა ყველა უნივერსიტეტმა შესაძლოა ა(ა)იპ-ის სტატუსი მიიღოს

სახელმწიფო უნივერსიტეტებს 3 მილიონამდე გადასახადი უნდა აპატიონ – პარლამენტის დეპუტატების ინიციატივა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური