GE

15 თებერვლის შემდეგ, დისტანციური სწავლების რეჟიმზე 34 სკოლა და 116 კლასი გადავიდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ყველა მოქალაქემ ზედმიწევნით უნდა დაიცვას ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, რომ ჩვენს მოსწავლეებს ჰქონდეთ საშუალება საკლასო ოთახში გააგრძელონ სწავლა. შემდეგი ეტაპი იქნება საბავშვო ბაღები, ამის შემდეგ – პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლები.

განათლების სამინისტროს ცნობით, 15 თებერვლიდან დღემდე მშობელთა მოთხოვნის ან კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის საფუძველზე, ქვეყნის მასშტაბით, სრულად დისტანციურ რეჟიმზე 34 სკოლა გადავიდა, ხოლო ონლაინ რეჟიმში 116 კლასი სწავლობს.

ბოლო ერთ კვირაში ქვეყნის მასშტაბით Covid-19 სკოლის თანამშრომელთა 1,05%-ს დაუდასტურდა. რაც შეეხება მოსწავლეებს, საჯარო და კერძო სკოლების 600 ათასამდე მოსწავლიდან, ინფექცია მხოლოდ 0.03%-ს გამოუვლინდა.

გაფართოებული ტესტირების პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე დარეგისტრირებულია 85 141 მასწავლებელი, რომლებიც სავალდებულო ტესტირებას ეტაპობრივად გაივლიან.

სამინისტროსვე ინფორმაციით, სკოლების მონიტორინგი, ისევე როგორც მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალთა სავალდებულო ტესტირება, მომავალშიც სისტემატურად გაგრძელდება. ერთი კვირის მანძილზე 40-მდე სკოლიდან სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფის მიმართულებით რეკომენდაცია მხოლოდ 3 სკოლას მიეცა. მნიშვნელოვანია, რომ რესურსცენტრების მიერ სკოლები ყოველდღიურ რეჟიმში მოწმდება.

„მე ყველგან ვამბობ, არა როგორც მხოლოდ მინისტრი, არამედ როგორც უნივერსიტეტის პროფესორი, რომ სასწავლო პროცესისთვის ბუნებრივი გარემო ეს არის სკოლაში – საკლასო ოთახი და უნივერსიტეტში – აუდიტორია. ეს, ცალსახად ასეა. რაოდენ კარგიც არ უნდა იყოს დისტანციური სწავლა, ის ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს იმ ბუნებრივ პროცესს, იმ ენერგიას, რომელიც საუნივერსიტეტო აუდიტორიასა და საკლასო ოთახშია. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო საზოგადოებას, რომ ჩვენ შევძელით, ეპიდსიტუაციამ საშუალება მოგვცა, მოსწავლეები საკლასო ოთახში დაბრუნებულიყვნენ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შევინარჩუნოთ. პროცესს დეტალურად ვაკვირდებით, თუ რა გავლენას იქონიებს საკლასო ოთახებში დაბრუნება ეპიდსიტუაციაზე. მინდა გითხრათ, რომ მშვიდობით მიდის პროცესი. ჩვენ ინდივიდუალურად, წერტილოვნად ვმართავთ ყველა სკოლას. თუ ეს დინამიკა შენარჩუნდა, ყველას იმედი გვაქვს, რომ სემესტრს საკლასო ოთახებში დავასრულებთ. ჩვენი მთავარი მიზანია, აღარ მოგვიწიოს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა. ეს არის მთავარი“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში, სკოლებში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები იმოქმედებს, ისე როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლით არის გათვალისწინებით, კერძოდ, დისტანციურ სწავლებაზე გადავა კონკრეტული კლასი/სართული ან მთლიანად სკოლა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური