GE

160-ე სკოლის შენობიდან გადმოხტომის შედეგად მერვეკლასელმა გოგონამ მოტეხილობები მიიღო

თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მოსწავლე გოგონებს გაკვეთილების გაცდენის სურვილი ძვირად დაუჯდათ. სამმა მერვეკლასელმა სკოლის შენობიდან გაღწევა საპირფარეშოს ფანჯრიდან სცადა, თუმცა ერთ-ერთი მათგანი გადავარდა და დაზიანებები მიიღო. შემთხვევა გუშინ მოხდა.

EDU.ARIS.GE  ს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. დაზარალებული გოგონა მშობლების თანხლებით კლინიკაში გადიყვანეს, მას მალის მოტეხილობა დაუდგინდა.

სკოლის დირექტორი გიორგი კაკაჩია EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ შემთხვევა 20 წუთიან, ე.წ დიდ დასვენებაზე მოხდა.

მისივე განცხადებით, სკოლაში მოსწავლეების უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცულია, თუმცა იმის გამო, რომ ინციდენტი საპირფარეშოში მოხდა, ის მანდატურის საკონტროლო ტერიტორიის მიღმა აღმოჩნდა.

„გაპარვას აპირებდნენ გაკვეთილებიდან და რადგან  კარებიდან ვერ გავიდოდნენ, მოუფიქრებიათ მეორე სართულზე მდებარე საპირფარეშოს ფანჯრიდან გადახტომა. ერთ-ერთმა სისრულეში მოიყვანა ჩანაფიქრი, გადახტა და მალა აქვს გატეხილი, დანაჩენებმა ვეღარ გაბედეს. კარგი იყო არ მომხდარიყო. საბედნიეროდ გადავრჩით, რომ სხვა რამე სერიოზული დაზიანება არ აქვს, ოპერაცია არ სჭიდება.  მაშინვე მოვიდა სასწრაფო, საპატრულო და მშობელიც. წავიყვანეთ ბავშვი, გადაღებამ დაზიანება არ აჩვენა. საღამოს კიდევ დავრეკე  და მითხრეს დამატებითი კვლევები ჩაუტარდაო, მალა აქვს გატეხილიო. ინციდენტი დიდ შესვენებაზე მოხდა და  ვფიქრობ, 20 წუთი ძალიან დიდი დროა შესვენებისთვის.  ბავშვები  ძალიან მოუსვენრები არიან, განსაკუთრებით პატარები. ვდგავართ და ვუყურებთ ბავშვებს ყველანი დაძაბულები, სანამ ეს 20 წუთი გაივლის.  იქნებ ეს წესი შეიცვალოს, ვფიქრობ, 10–წუთიანი დასვენება სრულიად საკმარისი იყო,“ – ამბობს გიორგი კაკაჩია.

სკოლებში დიდი შესვენების დაწესების იდეა განთლების ყოფილ მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას ეკუთვნის და ის 2017 წლის სექტემბრიდან განხორციელდა. “ჩვენ ვაბრუნებთ დიდ შესვენებებს, რომელიც ბოლო დროს შეკუმშული იყო. ეს გადაწყვეტილებაც მივიღეთ იმიტომ, რომ წყნარად მირთმევის საშუალება ჰქონდეთ ბავშვებს ვაშლი იქნება თუ სხვა საკვები,“-აცხადებდა მინისტრი.

პედაგოგების  ნაწილი დიდი ხანია საუბრობს, რომ ჯეჯელავას იდეამ არ გაამართლა. დიდ შესვენებას ბავშვები ჭამისთვის ნაკლებად იყენებენ, ერთობიან, რაც ყოველთვის უსაფრთხოდ  არ სრულდება. ამის მაგალითად 160-ე სკოლის ზემოთხსენებული შემთხვევაც გამოდგება. რამდენიმე დღის წინ, ასევე დიდ შესვენებაზე მოსწავლეებს შორის მომხდარ ჩხუბს განიხილავდნენ პედაგოგები მასწავლებელთა ყველაზე დიდ „ფეისბუკ“ ჯგუფშიც. ერთ-ერთი პედაგოგი წერდა, რომ  უფროსკლასელების გაშველებას ვერ ახერხებდნენ და დახმარებას ითხოვდა.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური