GE

„17-18 საათი ფეხზე დგახარ და შემდეგ მეცადინეობა ძალიან რთულია“- რა სირთულეებს უნდა ელოდოს სტუდენტი, ვინც სწავლის და ჯარის შეთავსებას გადაწყვეტს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ირაკლი სესიაშვილის ინიციატივით შემუშავებული კანონპროექტის თანახმად, წვევამდელები სწავლის პარალელურად სამხედრო სამსახურს გაივლიან და ამაში ანაზღაურებასაც მიიღებენ:

„სწავლის პერიოდში მათ ექნებათ უფლება და არა ვალდებულება, რომ პარალელურად გაიარონ სამხედრო სავალდებულო სამსახური დაცვის პოლიციაში. მიიღებენ 200 ლარს ხელზე, 3 დღეში ერთხელ იმსახურებენ. განათლების სამინისტრო ხელს შეუწყობს გრაფიკში, გამოცდების ჩაბარების პროცესშიც და სწავლის შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახური გასავლელი არ ექნებათ. ეს სისტემა სამომავლოდ საშუალებას მოგვცემს სხვა უწყებებშიც დავნერგოთ მსგავსი მეთოდი“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

EDU.ARIS.GE-ს იმ სირთულეებთან დაკავშირებით, რომელთა წინაშეც შესაძლოა, ის სტუდენტები აღმოჩნდნენ, რომლებიც სწავლის პარალელურად სამხედრო სამსახურის გავლას გადაწყვეტენ, საბა მიქელაძე ესაუბრა, რომელსაც მსგავსი გამოცდილება აქვს. მან სამხედრო სავალდებულო სამსახური მეორე-მესამე კურსზე გაიარა:

-საბა, როგორ აფასებ დაანონსებულ სიახლეს, რამდენად მოგწონს ეს საკანონმდებლო ინიციატივა, ფინანსური მხარე რამდენად შეიძლება გახდეს სტიმული ახალგაზრდებისთვის?

-200 ლარი არაა ის თანხა, რომ სტუდენტებს სტიმული მისცეს. სამსახურს, ამაზე უკეთესი პირობებითაც იპოვიან და ორმაგი ანაზღაურებითაც. აქ წავლენ ის ბავშვები, ვისაც უბრალოდ უნდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა და არა ისინი, ვისაც ფული აინტერესებს, ასეთები კი აქამდეც იყვნენ. ამ კანონპროექტსაც, ალბათ, კარგი შედეგები ექნება. ზოგადად, ჯარი  ბევრ რამეში გეხმარება. სწავლობ გუნდურ მუშაობას, სხვებზე ზრუნვას, შენ გძინავს, სხვა გაზღვევს და პირიქით. თუ ვინმე რამეს აფუჭებს, პასუხი ყველას მოეთხოვება და ა.შ. მე ძალიან ბევრი შეღავათით ვსარგებლობდი. გამოცდები გადამქონდა-გადმომქონდა, რომელ სემინარზეც შემეძლო, იმაზე მივდიოდი. ასე იქნებიან სხვებიც.

-რა სირთულეებს აწყდებოდი სწავლის და სამხედრო სავალდებულო სამსახურის შეთავსების დროს, მეცადინეობის დრო და შესაძლებლობა თუ გრჩებოდა?

-მორიგეობის დროს ყველა სემინარისა თუ ლექციის გაცდენა გიწევს, რაც ავტომატურად აისახება ქულებსა თუ ცოდნაზე. შეუძლებელია, ცხრილი ისე დაალაგო, რომ გაცდენები არ მოგიწიოს, რადგან სმენები სულ სხვადასხვა დღეს გიწევს. იქ კი ცვლას ყოველთვის ვერ გადაცვლი. ეს გაცდენილი საათები არასაპატიოდ გეთვლება, ცნობას მხოლოდ გამოცდის გადატანისთვის გაძლევენ. ასევე, 24-საათიან სმენაში მხოლოდ 3 საათი გძინავს და მეორე დღეს, როცა შინ მიდიხარ, ლექციაზე მისვლა ძალიან რთულია. აზრიც არ აქვს, იმდენად გადაღლილი ხარ, რომ მიხვიდე გონების კონცენტრირებას და ლექტორისა თუ კურსელების მოსმენას და მათი საუბრიდან აზრის გამოტანას ვერ შეძლებ.

-ამ მიზეზით უნივერსიტეტში თუ გექმნებოდა პრობლემები და თუ მოგიწია გარკვეულ დათმობებზე წასვლა სწავლის მხრივ?

-იქ მეცადინეობას ვერ ახერხებ. მეორე დღესაც იმდენად დაღლილი ხარ, გამოძინების გარეშე ვერაფერს გააკეთებ. გაცდენილი სემინარების გამო, გიგროვდება გაუგებარი მასალა, უამრავი შეკითხვა, მოსაპოვებელი გაქვს ახალი მასალის კონსპექტები, ლექტორები არ გიცნობენ… ძალიან მშრომელი უნდა იყო, რომ ეს ყველაფერი იმ ორ დღეში მოასწრო. ამას გარდა, ზოგჯერ ფინალურების გაცდენაც გიწევს. მქონდა შემთხვევები, როცა სმენა ვერ გადავცვალე, რადგან იმ პერიოდში ძალიან ცოტა ვმორიგეობდით და ორი საგნის გამოცდაზე ვერ გავედი.

– რა პრობლემები შეიძლება შეექმნას სტუდენტს, რომელიც გადაწყვეტს, ეს ორი ერთმანეთს შეუთავსოს, რისთვის უნდა იყოს მზად?

-თუ მკაცრ პირობებში მოხვდა, სადაც მთელი დღის განმავლობაში, სიცივესა თუ სიცხეში ფეხზე დგომა მოუწევს, სწავლის ენთუზიაზმი სულ გაუქრება. ფაქტობრივად, იმ ერთი წლის განმავლობაში ძალიან რთულია კონსპექტი აიღო და მეცადინეობა დაიწყო, სწავლის და ჯარის შეთავსება ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია. მე ერთი პერიოდი ისეთ ადგილზე ვმუშაობდი – 21 საათიდან 17-18 საათი ფეხზე ვიდექი. ასეთ დროს იმდენად იღლები, შეუძლებელია სწავლაზე იფიქრო. მხოლოდ დასვენება, ძილი და ჭამა გინდა.

P.S. ცნობისთვის, აზრთა სხვადასხვაობის გამო, სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა პარლამენტისადმი მისივე მიმართვის საფუძველზე შეჩერდა. კერძოდ, კრიტიკის საგნად იქცა ის, რომ გარდა ზემოაღნიშნული საკითხისა ირაკლი სესიაშვილის მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით, უნდა გაუქმებულიყო ის ნორმა, რომლის მიხედვით მღვდელთმსახურები ან სასულიერო სასწავლებელში მყოფი პირები, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. ცვლილება არ ეხება მართლმადიდებელ სასულიერო პირებს.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი აზრით, ინიციატივა  დისკრიმინაციული არ იყო, პროექტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ამავე დოკუმენტში იყო საუბარი იმაზე, რომ სტუდენტებს საშუალება ექნებოდათ სწავლის პარალელურად ყოველ მესამე დღეს გაევლოთ სავალდებულო სამხედრო სამსახური და ამაში მათ განათლების სამინისტრო შეუწყობდა ხელს. ამ ეტაპზე კანონპროექტის მიღება სრულად არის შეჩერებული.

„მე ვთავაზობ კოლეგებს, ამ თემასთან დაკავშირებით გავაგრძელოთ კონსულტაციები. მათ შორის, უახლოეს ხანებში ვგეგმავ შეხვედრას იმ რელიგიურ ორგანიზაციებთან, რომლებიც კეთილსინდისიერად სარგებლობდნენ ამ შეღავათით და მოგიწოდებთ ყველას ერთობლივად ვიმსჯელოთ. თუ ასე გაგრძელდა, სერიოზული პრობლემა შეექმნება თავდაცვის სექტორს. ერთ- ერთი რელიგიური ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის არაკეთილსინდისიერმა გამოყენებამ გამოიწვია ის, რომ 6 900-მა წვევამდელმა, არაკეთილსინდისიერად თავი აარიდა კონსტიტუციურ ვალდებულებას. ამიტომ, გავაგრძელოთ მუშაობა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ამავე თემაზე:

სტუდენტებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა ნებაყოფლობითი იქნება – დეტალები

„სწავლის პარალელურად წვევამდელები სამხედრო სავალდებულო სამსახურს გაივლიან და ამაში ანაზღაურებას მიიღებენ“ – კანონპროექტი

მოამზადეს მარიამ ელიაშვილმა და გიორგი ხუხიამ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
მარიამ ელიაშვილი Aris.ge-განათლების ჟურნალისტი