GE

20 000-ლარიანი ჯარიმა სამტრედიის ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის გამო

სამტრედიის ბაგა-ბაღებს, კონტრაქტორი კომპანია 8 თვის მანძილზე ცხენის ხორცით ამარაგებდა, ფაქტი ექსპერტიზის დასკვნითაც დასტურდება. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში არ უარყოფენ, რომ დარღვევა ნამდვილად მოხდა. ორგანიზაცია 20 ათასი ლარით დააჯარიმეს და კონტრაქტი შეუჩერეს.

„კომპანია, რომლის მიერ შეტანილ ხორცშიც აღმოჩნდა ცხენის დეენემი, რვა თვის განმავლობაში ამარაგებდა სამტრედიის ბაგა-ბაღებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც მანამდე ვერ აღმოაჩინა ეს შემთხვევა. მოვითხოვთ კანონმდებლობის გამკაცრებას, რომელიც იმ ბიზნესოპერატორებს უნდა შეეხოს, ვინც მსგავს საქციელს გაბედავს“, – განაცხადა „ახალი საქართველოს“ წევრმა მარიამ ჭალიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ხათუნა გაგუა ამბობს, რომ საეჭვო ხორცით 24 ბაღი მარაგდებოდა.

„სურსათის უვნებლობის სამსახურმა როგორც კი შეამჩნია ეს ფაქტი, ხორცი ამოიღო და ანალიზიც გაუკეთა. შემდეგ ჩვენ დავაჯარიმეთ ეს კომპანია, შევწყვიტეთ ხელშეკრულება და ხელახალი ტენდერი გამოვაცხადეთ. 24 ბაღია სამტრედიის სოფლებსა და ქალაქში და ვამარაგებდით ოცდაოთხივეს“, – განაცხადა ხათუნა გაგუამ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურე კომპანიების მხრიდან დარღვევების შესახებ ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ მთავრობასა და პარლამენტში და ამ მხრივ კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავენ.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური