GE

2017 წლის აბიტურიენტების საგამოცდო ბარათები 26 ივნისს  იქნება – ივა მინდაძე

აბიტურიენტები საგამოცდო  ბარათებს ორშაბათს, 26 ივნისს მიიღებენ. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, თარიღი აღარ შეიცვლება და თითოეული აბიტურიენტის ბარათი ამ დროისათვის მზად იქნება ამოსაბეჭდად.

„შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ბარათები ორშაბათს იქნება,“-განგვიცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ივა მინდაძემ.

რაც შეეხება ბარათის ამობეჭდვის პროცედურას:

საგამოცდო ბარათებს აბიტურიენტები, მაგისტრობის მსურველები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები და მასწავლებლები ან მასწავლებლობის მსურველები, თავიანთი პირადი სარეგისტრაციო გვერდიდან (გვერდი, სადაც აპლიკანტი ირჩევს გამოცდებს, ნახულობს შედეგებს) თავად ამობეჭდავენ.

პ რ ო ც ე დ უ რ ა

აპლიკანტი ნებისმიერი ინტერნეტთან მიერთებული კომპიუტერის გამოყენებით, რომელიც, თავის მხრივ უერთდება პრინტერს, შედის მის პირად გვერდზე, რომელიც მას გამოცდაზე რეგისტრაციის შემდეგ მიენიჭა. აღნიშნულ გვერდზე მას უჩნდება საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის ნიშანი/ფუნქცია და მასზე დაკლიკებით ბეჭდავს ბარათს. ამობეჭდილ ფურცელზე დატანილი ინფორმაცია უნდა ჩანდეს გარკვევით და იკითხებოდეს უპრობლემოდ.

საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა შესაძლებელია სასურველი რაოდენობით, არაერთხელ, რაც აპლიკანტს აარიდებს ისეთ პრობლემას როგორიცაა ბარათის დაკარგვა ან დაზიანება. ეს არ იქნება პატარა ბარათი, არამედ  A4 ფორმატის ფურცელი. რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია საგამოცდო ცენტრების ადგილმდებარეობის და ნომრის შესახებ, თითოეული გამოცდის თარიღი და რეგისტრაციის დაწყების დრო. ასევე იმ მარშრუტების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც აპლიკანტების ცენტრამდე გადაადგილებას უზრუნველყოფენ.

მოგეხსენებათ, ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს იწყება და 27 ივლისამდე გასტანს.

2017 წლის აბიტურიენტების გამოცდების განრიგი

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა თაკო მათეშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური