GE

2017 წლის ყველაზე პოზიტიური აბიტურიენტი გერმანული ენის გამოცდაში ჩაიჭრა

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების კიდევ ერთი პოპულარული აპლიკანტი – ლაზარე გერმანული ენის გამოცდაში ჩაიჭრა. ლაზარემ ხალხს თავი იმით დაამახსოვრა, რომ გამოცდებზე საკუთარი დიზაინით შეკერილი კლოუნის ფორმით დადიოდა. ამბობდა, რომ ამით ხალხის გამხიარულება და მათთვის ბედნიერების მინიჭება უნდოდა.

ლაზარე EDU.ARIS.GE-ს მკითხველმაც გაიცნო. იგი ამჟამად ორი უნივერსიტეტის სტუდენტია და სხვადასხვა პროფესიას ეუფლება. ამჯერად კი მესამე უნივერსიტეტში აბარებდა ყოველგვარი წინასწარ მომზადების გარეშე. მისი თქმით, ოჯახის წევრებმა არც კი იცოდნენ, რომ კვლავ გამოცდებზე აპირებდა გასვლას. ამბობდა, რომ შესაძლოა მესამეგან სწავლა ვეღარც მოესწრო.

ქულების გამოქვეყნების შემდეგ, ბუნებრივია, EDU.ARIS.GE დაინტერესდა 2017 წლის ყველაზე პოზიტიური აბიტურიენტის შედეგით. ლაზარე ჩვენმა ზარმა გააკვირვა და გაახარა. აღმოჩნდა, რომ მან გერმანულის გარდა ყველა საგანი წარმატებით ჩააბარა. გვითხრა, რომ გული არ სწყდება, რადგან აპირებს სწავლა აჭარაში გააგრძელოს.

“ახლახანს ვიყავი აჭარაში და ძალიან მომეწონა. ამიტომ იქაც ვისწავლი და თბილისშიც. არ გამიჭირდება, რადგან ხელს შემიწყობენ და ხან ერთგან ვიქნები, ხან მეორეგან. ასე რომ, გული არ მწყდება, თუმცა ადრე არასოდეს ჩავჭრილვარ”, – გვითხრა მან და დასძინა, რომ მომავალ წელს სამწლიან ტრადიციას დაარღვევს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აღარ გავა.

EDU.ARIS.GE ლაზარეს წარმატებებს უსურვებს.

მოამზადა თაკო მათეშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური