GE

2018 წელს აბიტურიენტები გრანტს ახალი წესით მიიღებენ

სტუდენტთა გრანტის გადანაწილების ახალი წესი მომდევნო წელს ამოქმედდება. განათლების მინისტრი ადასტურებს, რომ ამისათვის მუშაობა უკვე მიმდინარეობს, ხოლო განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მზაობას გამოთქვამს, რომ ცვლილება საკანონმდებლო დონეზე მაქსიმალურად სწრაფად იქნება განხილული და ძალაშიც მალევე შევა.

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, დაფინანსების სისტემა შესაცვლელი რომაა, ამაზე აუდიტის დასკვნაც მეტყველებს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო გრანტის მიმღებ სტუდენტთა 40% უმაღლეს სასწავლებლებს საშუალოზე დაბალი შედეგებით ამთავრებენ.

„მოგეხსენებათ, დაფინანსების ახალ სისტემაზე ვმუშაობთ და მე ვფიქრობ, რომ ეს სისტემა მკვეთრად და პირდაპირ აკადემიურ მოსწრებასთან უნდა იყოს დაკავშრებული. ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით როგორი იქნება ახალი წესი, მუშაობა რომ დამთავრდება, გვეცოდინება. მუშაობა კი წელს დამთავრდება და შემდეგი წლისთვის ამოქმედება ალბათ მოესწრება,“- განაცხადა მინისტრმა.

დაფინანსების სისტემის შეცვლის აუცილობაზე საუბრობს განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშიც. მისი თქმით, კანონში შესაბამისი ცვლილებების შესატანად კომიტეტი მზადაა.

„ის, რომ აუდიტის დასკვნის შედეგად სახელმწიფო დაფინანსების მიმღებ სტუდენტთა 40% შემდგომ აკადემიური მოსწრებით არ გამოირჩევა, ეს სწორედ იმის საფუძველია, რომ საგრანტო სისტემის ცვლილებაზე ვიფიქროთ. როგორც განათლების მინისტრმა, ისე მე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეს სისტემა გადასახადია. უნდა შეიქმნას შესაბამისი მოტივაციის სისტემა, რომ კურსიდან კურსზე სტუდენტმა მაღალი აკადმიური შედეგი შეინარჩუნოს.

სახელმწიფო გრანტის მიღება ალბათ ერთჯერადი იქნება, მაგრამ შენარჩუნებისთვის კურსთა შორის გარკვეული ბარიერი დაწესდება.

„როდისთვის ამოქმედდება, ეს მარტივი საკითხი არ გახლავთ. ვიცი, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებულია. როგორც კი სამინისტრო აღნიშნული ცვლილებებისათვის მზად იქნება, საკანონმდებლო ორგანო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს, რომ საკითხი მაქსიმალურად სწრაფად გადაწყდეს. მომავალი წლისთვის ამის მოსწრება რეალურია“-აღნიშნა ჯაშმა.

მოგეხსენებათ, გრანტის გადანაწილების ცვლილების საჭიროებაზე განათლების მინისტრმა თავდაპირველად გასული წლის მიწურულს ისაუბრა. მაშინ მან განაცხადა, რომ ცვლილებების ნაწილი ძალაში 2017 წლის ეროვნული გამოცდებისათვის შევიდოდა, თუმცა მოგვიანებით გაწყვეტილება შეცვალა და ჩვენთან ამის მიზეზიც განმარტა. ჯეჯელავას ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა საზოგადოებიდან წამოსულმა უარყოფითმა რეაქციამ გადააფიქრებინა.

აბიტურიენტი ეროვნული გამოცდით 4 – წლიან გრანტს ვეღარ მოიპოვებს – ინტერვიუ მინისტრთან

„გაუგებარია როგორ იმოძრავებს ფული, როცა მობილობით სტუდენტი ერთი უნივერსიტეტიდან მეორეში გადავა“

მოამზადა თაკო მათეშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური