GE

2018 წელს ბაღების ინსპექტირების შედეგად 125 დარღვევა გამოვლინდა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურიშვილმა განაცხადა, რომ 2018 წელს ბაღების ინსპექტირების შედეგად 125 ადმინისტრაციული დარღვევა გამოვლინდა, მათ შორის ცხენის ხორცის აღმოჩენის 4 ფაქტი.

„2012 წელს სახელმწიფო ბაღებში განხორციელდა მხოლოდ 11 სახელმწიფო კონტროლი, 2018 წელს – 4772. საქართველოში აბსოლუტურად ყველა ბაღი შემოწმებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. ჩვენს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, მკვეთრად არის გაუმჯობესებული სანიტარული პირობები ბაღებში. ჩვენი შესვლით ბაღებმა ჩაატარეს და მოაწესრიგეს ჰიგიენა. ყველა ბაღში არის ცივი და ცხელი წყალი, როცა ეს იყო მნიშვნელოვანი პრობლემა. გამოცვლილია ჭურჭელი, ჩატარებულია კვების ბლოკებში მომსახურე პერსონალის ტრენინგი და ა.შ. 2018 წელს, საბავშვო ბაღებში 4772 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა და აქედან გამოვლინდა 125 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, თბილისში-38, რეგიონებში-87. მათ შორის იყო ოთხი შემთხვევა ცხენის ხორცთან დაკავშირებით, რაზეც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მყისიერი რეაგირება გაატარა. რაც შეეხება სკოლებს, 2018 წელს სკოლაში ჩატარდა 971 ინსპექტირება. აქაც მდგომარეობა გაუმჯობესებულია ვიდრე წინა წლებში“, – აღნიშნა ზურაბ ჩეკურიშვილმა.

აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას განცხადებით, როდესაც საქმე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებს ეხება, კანონმდებლობა მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს და დამრღვევი პირები სისიხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯონ.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური