GE

2018 წელს ჩატარებული საგანმანათლებლო კვლევების მოულოდნელი შედეგები

საგანმანათლებლო კვლევები განაგრძობენ ჩვენს დარწმუნებას იმაში, თუ რამდენად დიდი გავლენა აქვთ პედაგოგებს ბავშვებზე. ეს ზეგავლენა მეტწილად პოზიტიურია. ქვემოთ მოყვანილი კვლევები კი იმ კონკრეტულ გზებს გიჩვენებთ, რომლებიც პედაგოგების მუშაობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. ასევე, აღმოაჩენთ ზოგიერთი პოპულარული იდეისა თუ ექსპერიმენტის ხარვეზებს.

ამასთან არის რაღაცები, რაც ამ კვლევებს აერთიანებს, ესაა დასკვნა, რომ მოსწავლეების აკადემიური მიღწევების გასაზრდელად მხოლოდ სკოლის აკადემიური პერსონალის ყურადღება საკმარისი არ არის.

პატარა ეფექტური იდეები

საკლასო ოთახში განხორციელებულმა პატარა ცვლილებებმა, შესაძლოა, არნახული შედეგები მოგცეთ. გასულ სასწავლო წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თუ მასწავლებელი ბავშვებს კართან ესალმება, 20%-ით იზრდება მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა და 9%-ით მცირდება ქცევის წესების დარღვევის შემთხვევები.

კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, მოსწავლეებზე ცუდად მოქმედებს საკლასო ოთახის გადატვირთული კედლები. ეს ხელს უშლის ბავშვების კონცენტრირებულობას და უფანტავს ყურადღებას. რამდენიმე სამოტივაციო პოსტერისა და სტუდენტთა ნამუშევრების გაკვრა კი კლასს თბილ იერს შესძენს.

რა ხდება მოსწავლის ტვინში?

თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგია ყველგან და ყველაფერში ამბობს საკუთარ სათქმელს. გარდა იმისა, რომ ის აქტიურად შემოიჭრა ყოფა-ცხოვრებაში, მეცნიერულად გვისაბუთებს ისეთ ჰიპოთეტურ წარმოდგენებს ადამიანზე, როგორც მის ტვინში მიმდინარე პროცესებია.

მაგალითად, მკვლევრებმა მაგნიტურ-რეზონანსული ფუნქციონალური ტექნოლოგიით მოახდინეს იმ ბავშვის ტვინის ვიზუალიზაცია, რომლებიც კარგად კითხულობენ და დაადგინეს, რომ მათ უფრო მეტი ინტერაქცია აქვთ ტვინის სხვადასხვა უბანთან. სავარაუდოდ, კითხვას მთელი თავის ტვინის გააქტიურება შეუძლია.

თანამედროვე იდეები

ახალი კვლევები ეჭვქვეშ აყენებს აქამდე გამოქვეყნებული კვლევების სამ აღმოჩენას: სწავლის სტილი, მზარდი აზროვნება და მარშმელოუს ტესტი.

მკვლევრებმა სწავლის უახლეს მეთოდებში მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების ნიშნები ვერ აღმოაჩინეს. მათივე თქმით, პედაგოგებმა ყურადღება კვლავ ტრადიციულ სტილს უნდა დაუთმონ, როგორიცაა დაბალი კლასის მოსწავლეებისთვის ტექსტისა და ნახატების შერწყმა, სურათის აღწერა და მსგავსი დავალებების მიცემა.

ფართომასშტაბიანი ანალიზი, რომელიც 150-ზე მეტ კვლევას მოიცავდა, ეჭვქვეშ აყენებს, კაროლ დუვეიკის იდეას, რომლის მიხედვითაც მოსწავლეების რწმენა საკუთარ ინტელექტუალურობაზე, მზარდ გონებრივ შესაძლებლობებზე განაპირობებს მათ წარმატებულ აკადემიურ მოსწრებას. დუვეიკი ამტკიცებდა, რომ არსებობს სწავლების ორი ტიპი – ჩაკეტილი და მზარდი. ეს უკანასკნელი გულისხმობს იმას, რომ მოსწავლე საკუთარ თავს შესაძლებლობებში არწმუნებს  და იყენებს ერთგვარ „შეძახილებს“: „მე შემიძლია გავხდე უფრო ჭკვიანი“, „სწავლა არის ჩემი მიზანი“, „შედეგები გამაძლიერებს“…

მეტა-ანალიზის მიხედვით, კი ასეთი მიდგომა ასუსტებს მოსწავლეთა მიღწევებს. ამასთან,  დადებითად მოქმედებს მხოლოდ მათზე, ვისაც თვითრწმენა აკლია.

ათწლეულების მანძილზე ვოლტერ მაიკლის ექსპერიმენტები თავშეკავებულობაზე,  გვარწმუნებდა იმაში, რომ არსებობს შინაგანი უნარები, რომელთა გამოსწორება შეუძლებელია.

ტესტი პირველად დაახლოებით 40 წლის წინ პატარა ბავშვებზე ჩატარდა, რომლებსაც წინ მარშმელოუ (ზეფირი) დაუდეს და უთხრეს, თუ მოიცდიდნენ და არ შეჭამდნენ, ცოტა ხანში რაოდენობა გაუორმაგდებოდათ. ნაწილმა ცდუნებას გაუძლო, ნაწილმა – ვერა. ბავშვებზე დაკვრივება კვლავ განაგრძეს და აღმოჩნდა, რომ ისინი, ვინც ზეფირის გაორმაგებას არ დაელოდნენ, არაერთი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ: ნარკოტიკები, ჭარბი წონა, არეული პირადი ურთიერთობები…

წლების შემდეგ ტესტი უკვე ასაკში მყოფ იგივე საცდელ პირებზე ჩაატარეს. ექსპერიმენტი ამჯერად კომპიუტერის ეკრანთან ჩატარდა, სადაც მათ გარკვეული დავალებების შესრულება უწევდათ. საბოლოოდ, კვლევამ აჩვენა, რომ ზრდასრულები, რომლებმაც ბავშვობაში უნებისყოფობა გამოავლინა, კვლავ გონება გაფანტულები არიან.

ახალმა კვლევამ ამ ორიგინალური ექსპერიმენტის ხარვეზები აღმოაჩინა. მკვლევრებმა ბავშვების გამოცდისთვის თავადაც იგივე გზას მიმართეს, თუმცა ამჯერად წინასწარ იყო შესწავლილი საცდელი პირების სოციალური მდგომარეობა. ამ კვლევის მიხედვით კი ცდუნებას მარტივად გაუძლეს მდიდარი ოჯახის შვილებმა, რომლებისთვისაც მარშმელოუ „უცხო ხილი“ არაა და უსამართლობა იქნება, თუ ამას ბავშვის დიდ ნებისყოფასა და თავდაჭერილობას მივაწერთ.

ეს ძალიან კარგი ამბავია მასწავლებლებისთვის. როგორც ჩანს, მათ მოსწავლეებში თვითკონტროლისა და სხვა ცხოვრებისეული უნარების გაღვიძება შეუძლიათ.

მოსწავლეთა ყოფა-ქცევა, როგორც მათი აკადემიური მოსწრების განმსაზღვრელი

კვლევამ, რომელშიც 574 000 მეცხრე კლასელი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ მოსწავლეების ყოფა-ქცევა მჭიდროდაა დაკავშირებული მათ სამომავლო წარმატებასთან.  იმ ბავშვების ქულები და რეიტინგები, რომლებსაც პედაგოგები კარგად მოქცევისკენ უბიძგებდნენ, 10-ჯერ გაიზარდა, იმ მოსწავლეებთან შედარებით, რომელთა მასწავლებლები მთელი წლის განმავლობაში ტესტირების ქულებზე იყვნენ ორიენტირებულნი.

edutopia.org

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური