GE

2018 წლის 10 მოსალოდნელი ტენდენცია და გამოწვევები საგანმანათლებლო სისტემაში

მსოფლიო განათლების ექსპერტები 2018 წელს საგანმანათლებლო სფეროში ბევრი ახალი ტენდენციის დანერგვას პროგნოზირებენ:

1. აშშ-ის მიერ 2017 წელს მიღებულ კანონპროექტში ყურადღება გამახვილდა კარიერულ და ტექნოლოგიურ პროგრამებზე. ისაუბრეს გაუმჯობესების გზებზეც და შეთანხმდნენ, რომ ყველა პროგრამა სტუდენტებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. წელს კიდევ უფრო განვითარდება ტექნიკური განათლების პროგრამები. ამის საუკეთესო გზა პრაქტიკული სტაჟირებების დანერგვაა. განათლების სფეროს მოეთხოვება ყურადღებით დააბალანსოს ამ სფეროში ყველა შესაძლებლობა და პროგრამები სტუდენტებისთვის მაქსიმალურად შედეგიანი გახადოს.

2. უმნიშვნელოვანესია თანამშრომლობა გამოცდილ და ახალგაზრდა პედაგოგებს შორის. განათლების სისტემაში დარჩენილი ხანდაზმული პედაგოგები უნდა დაეხმარონ გამოუცდელ კოლეგებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რაიონების სკოლებისთვის.

3. საჭიროა, პედაგოგებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ჩაუტარდეთ ტრენინგ-კურსები, სადაც საშუალება ექნებათ გაიღრმავონ ცოდნა, გაეცნონ და მონაწილეობა მიიღონ ახალი ტენდენციების დანერგვაში. მსგავსი ტიპის შეხვედრები აქამდეც იმართებოდა, თუმცა წელს განათლების სისტემის მთავარი გამოწვევა ახალგაზრდების პედაგოგიკით დაინტერესება გახლავთ. ეს კი ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ახალი კადრების მოსაზიდად და ამ პროფესიისადმი ინტერესის გასაღვივებლად.

4. პედაგოგების დამხმარეები კვლავ განაგრძობენ მუშაობას და საჭიროა მეტი ყურადღება დაეთმოს მათ საქმიანობას. მათ უნდა განივითარონ ყველა საჭირო უნარ-ჩვევა და დაიგროვონ საკმარისი გამოცდილება, რათა შემდგომში თავად შეძლონ კლასის მართვა.

5. ტექნოლოგია მასწავლებლებისა და ექსპერტების ყურადღების ცენტრში ექცევა და კომპიუტერული პროგრამები მათი ინტერესის ობიექტი ხდება. მაგალითად, ფლიპგრიდი (Flipgrid), ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ვიდეო პლატფორმაა, რომელიც ბავშვების განსაკუთრებული სიმპატიით სარგებლობს. ცნობილია, რომ მოსწავლეები შემართებით ებმებიან იმ საგაკვთილო პროცესებში, სადაც მსგავს ტექნოლოგიას იყენებენ. ასეთი სიახლეები ხელს უწყობენ ახალგაზრდებში ზეპირი, აუდიო და წერითი უნარ-ჩვევების განვითარებას; საშუალება ეძლევათ გამოხატონ თავიანთი შესაძლებლობები, უვითარდებათ კრიტიკული აზროვნებაც. რეკომენდებულია სასწავლო პროცესში Seesaw-ისა და Flipgrid-ის გამოყენება.

6. კვლევებმა აჩვენა, რომ 16 წელს ქვემოთ მყოფ მოზარდთა 25%-ს გადატანილი აქვს ცხოვრებისეული ტრავმები. პედაგოგები და სკოლა მათ უნდა დაეხმაროს ამ იარების მოშუშებაში და არა პირიქით. მასწავლებლებმა უნდა დაიწყონ იმ რესურსების ძებნა, რომლებიც მსგავს ბავშვებს პრობლემების დავიწყებაში დაეხმარება და მათ განათლებაზე ორიენტირებულს გახდის.

7. მასწავლებლები ინკლუზიური განათლების შესახებ უფრო ინფორმირებულნი უნდა გახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს არც თუ ისე ახალი კონცეფციაა, აღსანიშნავია, რომ მკვლევარები ხაზგასმთ აღნიშნავენ შემდეგს: გამოკითხულ პედაგოგთა ნაწილი არასაკმარისადაა ინფორმირებული და ნეგატიურ დამოკიდებულებასაც კი ამჟღავნებს. გაკვეთილების ჩასატარებლად მათ სპეციალური ლიტერატურა სჭირდებათ. პირველ რიგში თვითონ უნდა გააანალიზონ ინკლუზიური განათლების მნიშვნელობა.

8. სკოლაში მოსწავლეების მიღწევები ქულებით ფასდება, არსებობს ბევრი განსხვავებული აზრი შეფასებების ირგვლივ და ამ საკითხის განხილვა კიდევ დიდხანს გაგრძელდება!

9. მასწავლებელთა ნაწილი მოტივირებულია დატოვოს საკლასო ოთახები და ადმინისტრაციულ თანამდებობა დაიკავოს, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს საკუთარი გამოცდილება სხვებს გაუზიარონ, შექმნან ახალი სასწავლო გეგმები და ინსტრუქციები ახალბედა პედაგოგებისთვის, თუმცა ყველა პედაგოგი დაინტერესებული არაა ამ ტიპის კარიერული წინსვლით.

10. მნიშვნელოვანი პრობლემაა მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა პედაგოგების დეფიციტი. ეს არაა ახალი გამოწვევა, თუმცა აუცილებელია დაიწყოს ეფექტური გზების ძიება პრობლემის გადასაჭრელად. ამის ერთ-ერთი საშუალებაა, საპენსიო ასაკის პედაგოგებმა დატოვონ სკოლა და გზა ახალ კადრებს დაუთმონ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია 2017 – 2021 – დოკუმენტი

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

წყარო: education.cu

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური