GE

2018 წლის ეროვნული გამოცდებისათვის 40 500-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა – როდის დაიწყება გამოცდები

აბიტურიენტების, მაგისტრობისა და გრანტის გაუმჯობესების მსურველების, ასევე პედაგოგებისა და პედაგოგობის მსურველთა რაოდენობა, რომლებიც წელს  ერთიან ეროვნულ გამოცდებს გაივლიან, უკვე ცნობილია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა რაოდენობა განსხვავებული იქნება გამოცდაზე გასულთა რაოდენობისაგან, ვინაიდან მათ აუცილებლად გამოეთიშებიან ისინი, ვინც სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს ვერ ჩააბარებენ.

ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ივა მინდაძე EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში იმ ეტაპებზე საუბრობს, რაც აპლიკანტებმა გამოცდებამდე უნდა გაიარონ და არჩევანში ცვლილებების შეტანის თარიღებსაც ასახელებს.

ივა მინდაძე: წელს 40 ათასზე ცოტა მეტი, დაახლოებით 40 500-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. თუმცა, მოგეხსენებათ ეს რიცხვი საბოლოო არაა, რადგან გამოსაშვები გამოცდები სურათს შეცვლის.

21 ათასამდეა პედაგოგი და პედაგოგობის მსურველი. მაგისტრობის მსურველი წელს 12 ათასზე მეტი გვყავს – დაახლოებით 12 400. რაც შეეხება გრანტის გასაუმჯობესებლად დარეგისტრირებულ სტუდენტებს, მათი რაოდენობა დაახლოებით 5 ათასამდეა.

–წინა წლებთან შედარებით აბიტურიენტების რაოდენობაში ცვლილებები შევიდა?

ი.მ:  ყველაზე მეტი 2015 წელს დარეგისტრირდა – 42 ათასი. ამ წლის გარდა, პირველადი რეგისტრაციით ყოველ წელს დაახლოებით 40-დან 41 ათასამდე რეგისტრირდება. ამ მხრივ დიდად არაფერი იცვლება.

–ის ფაქტი, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეროვნულ გამოცდებზე დაახლოებით ერთი და იმავე რაოდენობის აბიტურიენტი რეგისტრირდება, მეტყველებს თუ არა იმაზე, რომ აბიტურიენტებში პროფესიული სასწავლებლები კვლავ არაა პოპულარული? ეს ინფორმაცია დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა?

ი.მ:  მე სხვანაირად შევხედავდი. აბიტურიენტების რაოდენობას მაინცადამაინც არ დავეყრდნობოდი, რადგან აქ ბევრია ისეთი, ვინც სკოლა წინა წლებში დაამთავრა. მხოლოდ მე-12 კლასელები არ არიან.

პროფესიულ გამოცდებზე დარეგისტრირებულთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. გასულ შემოდგომაზე 10 ათასზე მეტი იყო ისეთი, ვინც ჩაბარების სურვილი გამოთქვა. წინა წლებში ამდენი ნამდვილად არ იყო. ანუ, ტენდენცია მზარდია.

–რა ნაბიჯები დარჩა გასავლელი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე და როდის დაიწყება მისაღები გამოცდები?

ი.მ: 15 მაისამდე აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ არჩევითი საგნები შეცვალონ, ამის შემდეგ უკვე გეცოდინება რომელ საგანს რამდენი აბარებს.  ასევე 15 მაისის შემდეგ, დაახლოებით 15 აგვისტომდე აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებშიც შეეძლებათ ცვლილების შეტანა. ანუ, რომელ უმაღლესში, რომელ ფაკულტეტზე და რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება. ძირითადად ეს ორი ეტაპია. თავად გამოცდები კი ტრადიციულად ივნისის ბოლოს, ან ივლისის დასაწყისში დაიწყება. ზუსტი თარიღი ცნობილი მაისის ბოლოს, გამოსაშვები გამოცდების შემდგომ გახდება.

ამავე თემაზე:

აბიტურიენტის ცნობარი 2018

როგორ დავრეგისტრირდეთ ეროვნულ, საგრანტო, საერთო სამაგისტრო და მასწავლებელთა 2018 წლის გამოცდებზე

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის

რა ფერის ტუშიანი კალმები უნდა მიიტანონ აბიტურიენტებმა 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

მინიმალური გამსვლელი ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა

რა ცვლილებები ელით 2018 წელს აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – მაია მიმინოშვილი

მოამზადა ნინო თაბუკაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური