GE

2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა

2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, მანანა კაპეტივაძეს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, მანანა კაპეტივაძეს. ამ შეხვედრის მიზანია, ერთის მხრივ ინგლისური ენის მომავალი მასწავლებლებისთვის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, ხოლო მეორეს მხრივ, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია“, – განაცხადა ილიას სახლმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სოფიკო ლობჟანიძემ.

ბაღდადის N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა მასწავლებლის 60 კრედიტიანი პროგრამის კურსდამთავრებულებს და ინგლისური ენის ფაკულტეტის სტუდენტებს მასტერკლასი თემაზე: „საკომუნიკაციო მიდგომების გამოყენება უცხო ენის სწავლებისას – პრაქტიკული გამოცდილება” ჩაუტარა.

მასტერკლასზე სტუდენტები გაეცნენ ინგლისური ენის კომუნიკაციური მეთოდით სწავლების უნარ-ჩვევებს, განსხვავებულ სავარჯიშოებს და მიდგომებს. შეისწავლეს სხვადასხვა სახალისო აქტოვობები, რომელის გამოყენებას შეძლებენ საგაკვეთილო პროცესში.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელისთვის მთავარი ფუნქცია არა მხოლოდ საგნის სწავლება, არამედ მოსწავლეებისათვის სწორი ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებაა. მისი პედაგოგიური პრაქტიკა თავისუფალი და თანასწორი სასწავლო გარემოს შექმნის იდეას ეფუძნება, რომელშიც მოსწავლეებს ეძლევათ თავისუფლება იმსჯელონ, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები. უცხო ენის სწავლებისას ის იყენებს დიფერენცირებული სწავლების მიდგომებსა და აქტიური კომუნიკაციის მეთოდს, რეალური სიტუციების ინსცენირებით ხელს უწყობს მოსწავლეებს გამოიყენონ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში და გაიუმჯობესონ სამეტყველო უნარები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური