GE

2018 წლის პედაგოგთა გამოცდების შედეგები 1200-ზე მეტმა აპლიკანტმა გაასაჩივრა

2018 წლის პედაგოგთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდის სააპელაციო განაცხადების მიღება 21 აგვისტოს დასრულდა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე EDU.ARIS.GE-სთან აღნიშნავს, ცენტრში 1200-ზე მეტი საჩივარია შესული.

„1200-ზე ოდნავ მეტი საჩივარი შემოვიდა. ძირითადად საჩივრები, თითქმის ნახევარი, პროფესიულ უნარებშია, დანარჩენი ნაწილი კი სხვა საგნებს ეხება“,- აცხადებს ივა მინდაძე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო განაცხადების შედეგები სავარაუდოდ კვირის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

„საჩივრების განხილვა, ალბათ, 3-4 დღე გაგრძელდება ყველაზე მეტი დრო პროფესიული უნარების გასწორებას დასჭირდება.

„აპელაციების რაოდენობა თითქმის იგივეა, რაც რაც წინა წელს, ცოტა უფრო ნაკლები უნდა იყოს. არც გადასწორებულ შედეგებს შორის არის ხოლმე დიდი სხვაობა. სააპელაციო განაცხადების თითქმის 15-20%-ში იცვლება შედეგი“,- აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე.

შეგახსენებთ, მასწავლებელთა გამოცდდაზე წელს დაახლოებით 28 000 აპლიკანტი დარეგისტრირდა. აქედან ნაწილი უკვე მოქმედი მასწავლებელია, რომელთაც კომპეტენციის დადასტურება სურთ, ნაწილი კი პროფესიაში შესვლის მსურველი.

გამოცდები 2018

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური