GE

2018 წლისთვის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის გრანტების მოცულობა განისაზღვრა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკითხი წარადგინა. მათ შორის იყო ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის გათვალისწინებული გრანტების მოცულობაც. ამასთანავე, მინისტრმა ისაუბრა მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, 60-კრედიტიანი პროგრამისთვის სახელმწიფოს მხრიდან 1,498,500 ლარია გამოყოფილი და მიმართულებების მიხედვით პროგრამა სხვადასხვაგვარად დაფინანსდება.

რაც შეეხება აბიტურიენტთა და მაგისტრანტთა გრანტების მოცულობას, შემდეგნაირად გადანაწილდა: 

2018-2019 სასწავლო წლისათვის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის გამოყოფილი თანხა 25 323 750 ლარს შეადგენს, საიდანაც 12 723 750 ლარი პრიორიტეტული მიმართულებებისთვის, ხოლო 12 600 000 ლარი – სახელმწიფო სასწავლო გრანტისათვის დაიხარჯება.

კატეგორიების მიხედვით თანხები შემდგენაირად განაწილდება: სახელმწიფო სასწავლო გრანტების სრული და ნაწილობრივი დაფინანსებითვის 9 155 000 ლარი; სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის – 2 520 000 ლარი, ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისთვის – 240 000, ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის – 225 000, ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის – 225 000, ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის – 10 000, ზოგადი უნარების ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის – 10 000, ხოლო სტუდენტებისთვის, რომლებიც გრანტს გაიუმჯობესებენ,  215 000 ლარი.

2018-2019 სასწავლო წლისათვის სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა 2 250 000 ლარით განისაზღვრება და თანხა შემდგენაირად გადანაწილდება: პრიორიტეტული საგანმანათლებლო მიმართულებებისთვის – 2 000 000, სოციალური პროგრამის ფარგლებში მაგისტრანტების დაფინანსებისთვის – 205 000, ხოლო ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქე მაგისტრანტებისთვის – 45 000 ლარით.

ARIS.GE - განათლება