GE

2019 წელს არასრულწლოვან შვილებზე ძალადობაში 110 მშობელი ამხილეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 2019 წლის განმავლობაში არასრულწლოვან შვილებზე ძალადობის ფაქტში 110 მშობელი იქნა მხილებული.

„2019 წლის ხუთ თვეში (იანვარი-მაისი), შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მშობლების მიერ არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მხილებულ იქნა 110 პირი, რომელთაგან 15 შემთხვევაში მოძალადე იყო დედა, ხოლო 95 შემთხვევაში – მამა/მამინაცვალი.

აღნიშნული შემთხვევებიდან 79 პროცენტში მიღებულ იქნა პირის დაკავების გადაწყვეტილება.
ძალადობის ფორმებს შორის ადგილი ჰქონდა: სახეში, თავში ან სხეულის სხვადასხვა ადგილას განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, ასევე მუქარას, სისტემატურ ფსიქოლოგიურ ან სხვა სახის ძალადობას.

მშობლების მიერ შვილებზე ძალადობის დროს, ფაქტის სამართალდამცავ ორგანოში შეტყობინების ინიციატორი იყო:

• 62 შემთხვევაში – ოჯახის წევრი (დედა ან ბებია);
• 32 შემთხვევაში – მსხვერპლი ბავშვი;
• ოთხ შემთხვევაში – მეზობელი;
• სამ შემთხვევაში – მოქალაქე/შემსწრე პირი;
• ორ შემთხვევაში – ნათესავი;
• ორ შემთხვევაში – საავადმყოფო/სასწრაფო დახმარების ბრიგადა;
• ორ შემთხვევაში – სკოლა/მანდატური;
• ერთ შემთხვევაში – არასამთავრობო ორგანიზაცია;
• ერთ შემთხვევაში – სოციალური სამსახური;
• ერთ შემთხვევაში – სხვა პირი.

შემაკავებელი ორდერი გამოიცა არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის 37 ფაქტზე. აქედან, 28 შემთხვევაში უგულებელყოფა განახორციელა დედამ, შვიდ შემთხვევაში მამამ, ხოლო ორ შემთხვევაში – სხვა პირმა.

არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა გამოიხატა: ბავშვის მოუვლელობაში, საკვების მიუცემლობაში, ბავშვის ანტისანიტარულ გარემოში ცხოვრებაში, ბავშვის მიერ მავნე-ჩვევების ათვისების ხელშეწყობაში და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მშობელს ჰქონდა ბავშვის სათანადო პირობებით უზრუნველყოფის შესაძლებლობა“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობით, 2019 წელს, წინა წლებთან შედარებით, ამ კატეგორიის დანაშაულებზე არასრულწლოვან მსხვერპლთა და მათი ოჯახის წევრების მხრიდან მიმართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც მათი ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს. თუმცა, კვლავ დაბალია მიმართვიანობა გარეშე პირების, მათ შორის, მეზობლების მხრიდან, რაც ბავშვზე ძალადობის შემთხვევების მიმართ მათ გულგრილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობის, მათ შორის, მშობლების მიერ შვილების მიმართ ჩადენილი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ასეთი კატეგორიის დანაშაულებზე არასრულწლოვანი მსხვერპლების ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა შინაგან საქმეთ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას მომავალშიც გააგრძელებენ.

ა.წ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური