GE

2019 წლის მასწავლებელთა გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია – შეფასება შეეცვალა 985 აპლიკანტს

მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა აპელაციის შედეგები ცნობილია. პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს აპელაციის შედეგების ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge დღეიდან შეუძლიათ.

გასწორებული 38 000 ნაშრომიდან გასაჩივრდა სულ 2 400 ნაშრომი. დამოუკიდებელი სააპელაციო კომისიის მიერ ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად შეფასება შეიცვალა (მოემატა ან დააკლდა) 985 ნაშრომის შემთხვევაში.

შეგახსენებთ, რომ წელს გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები 10 ივლისიდან ჩაერთვნენ. მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად გამოსაცდელთა დიდი რაოდენობა – 31 500-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც 20 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო.

შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება ტესტური დავალების შეფასების სისწორესთან დაკავშირებით შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან (2019 წლის 3 სექტემბრიდან) ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6).

პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს ნოემბრის თვის დასაწყისში კიდევ ერთხელ ექნებათ შესაძლებლობა, დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია. რეგისტრაცია მათთვის უახლოეს მომავალში დაიწყება.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური