GE

2019 წლის საშემოდგომო მობილობით 4738-მა სტუდენტმა ისარგებლა – რა მიზეზით ეთქვათ უარი დანარჩენებს

2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში, უნივერსიტეტის შეცვლის სურვილი მობილობის პორტალზე 5519-მა სტუდენტმა დააფიქსირა, აქედან 4738 მათგანის განაცხადი დააკმაყოფილეს.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ EDU.ARIS.GE -სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, წელს ყველაზე მეტი სტუდენტი ტექნიკურ უნიერსიტეტში გადავიდა. მობილობის შედეგად მიღებული სტუდენტების რიცხვის მიხედვით, უმაღლესი სასწავლებლების პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება:

  1. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გადავიდა – 833 სტუდენტი;
  2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში – 564 სტუდენტი;
  3. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში – 502 სტუდენტი;
  4. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – 435 სტუდენტი;
  5. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში – 200 სტუდენტი.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, მობილობის ელექტრონულ პორტალზე სტუდენტის განაცხადის არ დაკმაყოფილების ორი მიზეზი არსებობს: საფასურის გადაუხდელობა და არასაკმარისი საკონკურსო ქულა.

მათივე მონაცემების თანახმად, გადაუხდელობის გამო უარი ეთქვა 272 სტუდენტს, არასაკმარისი ქულების გამო კი – 509 მათგანს, ჯამში 781 სტუდენტს.

შეგახსენებთ, რომ სტუდენტი მობილობის პროცესში მონაწილეობას იღებდა პორტალზე ასახული ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული საკონკურსო ქულით.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური