GE

2020 წლიდან თსუ საერთაშორისოდ აკრედიტებულ პროგრამებზე მიღებას გამოაცხადებს

პირველად საქართველოში, 2020 წლიდან, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტები სტუდენტებს საერთაშორისოდ აკრედიტებულ პროგრამებს შესთავაზებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ სტუდენტი, რომელიც მაგალითად თსუ-ის საერთშორისო აკრედიტებულ პროგრამაზე ჩააბარებს, სწავლის დასრულების შემდეგ ორმაგ დიპლომს მიიღებს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) ერთობლივ ღონისძიებაზე, რომელიც თსუ-ში შედგა, საერთაშორისოდ აკრედიტებულ პროგრამები წარადგინეს, რომელზეც სტუდენტებს 2020-2021 სასწავლო წლიდან შეეძლებათ ჩაბარება. ესენი გახლავთ: ელექტრული და ელექტრონიკის ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების ABET აკრედიტებული და ქიმია/ბიოქიმიაში ACS სერტიფიცირებული პროგრამები.

„ძალიან კარგი ამბავი გვაქვს, ის რომ პირველად მთელი რეგიონის ისტორიაში ორი პროგრამა მიიღებს ABET აკრედიტაციას, ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორმა პროგრამამ, ეს არის კომპიუტერული მეცნიერებები და მეორე, რომელიც ელექტრონიკას ეხება. მზად არის მესამე პროგრამაც ქიმიაში, ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოება განიხილავს და ცოტა ხანში სასერტიფიკატო პროგრამაზე დასტური უნდა მოგვცეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვექნება საშუალება გამოვუშვათ ისეთივე მაღალი საერთაშორისო ხარისხის მქონე ინჟინრები, როგორებსაც უშვებენ წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტები. ეს არის ამერიკული აკრედიტაცია და ივლისში იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, თუმცა უკვე ვიცით რა შედეგიც დადგება. კარგია, რომ ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტები ასევე ამზადებენ პროგრამებს, 2021 წლიდან თითო პროგრამის შანსი აქვთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და ტექნიკურ უნივერსიტეტს, ჩვენც დავეხმარებით და გავუზიარებთ გამოცდილებას, რომელიც  ძალიან რთულ გზაზე გვქონდა. ეს არის ხუთწლიანი გზა, რომელიც სხვათა შორის სამ წელიწადში გავიარეთ წინმსწრებად და შეფასება, რომელიც დაიმსახურა თსუ-ის ამ ორმა პროგრამამ არის მართლაც უნიკალური, რომელიც გამოირჩევა თავის ხარისხით, ჩარიცხვა იქნება ჩვეულებრივად როგორც სხვა პროგრამებზე, თუმცაღა კურსდამთავრებულები ორ დიპლომს მიიღებენ“, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

ღონისძიებას  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ  გიორგი შარვაშიძესთან ერთად ესწრებოდნენ, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, SDSU დეკანი საქართველოში პროფ ჰალილ გუვენი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტის გუნდის წევრები კალიფორნიიდან.

„დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, ჩვენ ვაცხადებთ მიღებას 2020-2021 სასწავლო წლისთვის ახალ პროგრამებზე, რომლებიც არის საერთაშორისოდ  აკრედიტებული, პირველი შემთხვევაა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს პოსტ საბჭოთა სივრცეში, რომ ქართულმა უნივერსიტეტმა მიიღო საერთაშორისო აკრედიტაცია და უფლება, რომ განეხორციელებინა პროგრამები საბუნებისმეტყველო საინჟინრო დარგებში. ეს პროგრამები გახლავთ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან დღეს შრომის ბაზარზე არის ამ კადრების მოთხოვნა.

„დღემდე ამ პროგრამებს ახორციელებდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც გახლავთ ერთადერთი ამერიკული უნივერსიტეტი საქართველოში, ეს უნივერსიტეტი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით შემოვიდა 2014 წელს ჩვენს ქვეყანაში და უკვე 600-მდე სტუდენტი გვყავს, ხოლო 2020 წლიდან უკვე ამ პროგრამებზე მიღებას გამოაცხადებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად. პროგრამები გახლავთ როგორც აღვნიშნე, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, რომელიც განხორციელდება კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით. კურსდამთავრებულები კი მიიღებენ საერთაშორისო დიპლომს. ABET გახლავთ აკრედიტაცია, რომელსაც თსუ-ის ეს პროგრამები მიიღებს და ABET აკრედიტებული ინჟინერი, ანუ ის ვინც დაამთავრებს ამ პროგრამებს, იქნება შრომის ბაზარზე განსაკუთრებით მოთხოვნადი. დღეს ნებისმიერი მსხვილი ინვესტორი, რომელიც საინჟინრო დარგში მოღვაწეობს, ითხოვს ABET აკრედიტებულ სპეციალისტებს“,- ამბობს ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში აშშ-ში აკრედიტებულ პროგრამებს 2014 წლიდან ახორციელებს და თავის დიპლომს გასცემს. პარალელურად, SDSU ეხმარება საქართველოს სამ პარტნიორ უნივერსიტეტს (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებაში, რათა ამ უნივერსიტეტებმა შეძლონ იგივე პროგრამების უკვე თავად განხორციელება. პროექტის ორივე კომპონენტი დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მიერ, ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის (გრანტის) ფარგლებში, რომლის ბიუჯეტიც 34 მლნ დოლარია.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური